Thumbnail

'დიდი სამეული' ჩოგბურთის გადასარჩენად - ამ სპორტს ძალიან უჭირს

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

COVID 19-ით გამოწვეული კრიზისის გამო ჩოგბურთი სპორტის სხვა სახეობებზე მეტად დაზარალდა. მოთამაშეები კლუბებისა და შესაბამისად, მდიდარი კერძო სტრუქტურებს არ ეკუთვნიან, არც სპონსორები ჰყავთ და მხოლოდ იმ თანხებზე არიან დამოკიდებულნი, რასაც გამოიმუშავებენ. შესაბამისად, პაუზა საჩოგბურთო სეზონში მათ შემოსავლებზე განსაკუთრებულად მტკივნეულად აისახება.

პრობლემები განსაკუთრებით დაბალი რეიტინგის მქონე ჩოგბურთელებს აქვთ, რომლებსაც დიდი დანაზოგი არ აქვთ და, ფაქტობრივად, ტურნირებს შემოსავლებისთვის თამაშობენ. ისინი ამ შემოსავლის გარეშე დარჩნენ. 

📋 მეტი ამ თემაზე:

მოთამაშეთა ასოციაცია პრობლემის გადასაჭრელად აქტიურად მუშაობს. განსაკუთრებით აქტიურობენ ტოპ-ჩოგბურთელები, რომელთა კარიერული შემოსავლები იმდენად დიდია, რომ მათ შეუძლიათ სხვა მოთამაშეებზე იზრუნონ.

ნოვაკ ჯოკოვიჩის განცხადებით, მას რაფა ნადალთან და როჯერ ფედერერთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს. მათ სურთ, რომ სპეციალურ ფონდში თანხა დააგროვონ, რომელიც რეიტინგში 250-1000-ე პოზიციებზე მყოფ მოთამაშეებს დაეხმარება. პირველ ეტაპზე 3,5-4 მილიონ დოლარზეა საუბარი.

"დიდი სამეულის" აზრით, ამ ფონდში თანხა თავად მოთამაშეებმა და დიდი ტურნირების ორგანიზატორებმა უნდა გადარიცხონ. არის სხვა ვარიანტიც - შემდეგი 2020 წლის ავსტრალიის ღია პირველობის საპრიზო ფონდის წინასწარ განაწილება ამ კატეგორიის ჩოგბურთელებს შორის.

ჯოკოვიჩი: "თუკი 2020-ში არცერთი ტურნირი არ გვექნება, შესაძლოა, ავსტრალიის ღია პირველობის საპრიზო თანხა გადავანაწილოთ. მთელი საჩოგბურთო სამყარო ერთად უნდა დადგეს. ის მოთამაშეები, რომლებიც რეიტინგში 250 ადგილზე ქვემოთ არიან, ჩოგბურთის მომავალს ქმნიან. მათ უნდა ვაჩვენოთ, რომ არ გვავიწყდებიან. უნდა ვაჩვენოთ ახალგაზრდა ჩოგბურთელებს, რომ მათ ცხოვრება ჩოგბურთის გარეშეც, ფინანსური კრიზისის დროსაც შეუძლიათ".

"დიდი სამეულის" ეს იდეა ალბათ აუცილებელი იქნება ჩოგბურთის მომავლითვის, რადგან დაბალი რეიტინგის მქონე მოთამაშეებს მიზერული შემოსავალი აქვთ და ამ შემოსავლის გარეშე მათ არსებობა არ შეუძლიათ.

კომენტარები

ბოლო ამბები