Thumbnail

ქართველი ვარ და ეს ყველას უნდა დაენახა! ექსკლუზიური ინტერვიუ შოთა მიშველიძესთან

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ანაჰაიმში საქართველომ პირველი მედალი მოიპოვა
  • 62 კგ. წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძემ ბრინჯაოს მედალი აიღო
  • ქართველი სპორტსმენი კვარცხლბეკზე მაისურზე დახატული ჩოხით გამოჩნდა

დღეს დილით, ამერიკულ ანაჰაიმში ქართველმა ძალოსანმა შოთა მიშველიძემ (62 კგ.) მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და შემდეგ მაისურზე დახატული ჩოხით გამოჩნდა კვარცხლბეკზე. 

23 წლის სპორტსმენის მედალი მოულოდნელი წარმატებაა ჩვენი გუნდისთვის, რომლის მთავარი ფავორიტი ლაშა ტალახაძე ანაჰაიმში საქართველოს დროით, 6 დეკემბერს დილით (05:30 სთ) გამოვა ფიცარნაგზე. 

პოპსპორტი ამერიკაში ბრინჯაოს მედალოსანს დაუკავშირდა. გთავაზობთ, ინტერვიუს მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსან შოთა მიშველიძესთან:

პოპსპორტი: შოთა, ელოდით დღევანდელ წარმატებას?

მიშველიძე: არა, ნამდვილად არ ველოდი, რომ მედალს ავიღებდი. ჩემი ძლიერი მხარე ორჭიდის პირველი დისციპლინა ატაცია, მცირე მედალს სწორედ ამ დისციპლინაში ველოდით. თუმცა მწვრთნელების დამსახურებით, მიზანს მივაღწიე და ძალიან გახარებული ვარ.

პოპსპორტი: ჩვენი აზრით, წარმატება ორივე დისციპლინაში სტაბილურმა გამოსვლამ მოგიტანათ...

მიშველიძე: დიახ, ორივე დისციპლინაში საკმარისი შედეგი ვაჩვენე იმისთვის, რომ მედალს შევწვდომოდით და ეს იყო მთავარი.

პოპსპორტი: ატაცის მერე ვიეტნამელი თჰრინი ლიდერობდა, რა შეემთხვა მას?

მიშველიძე: ალბათ, ტრავმა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რადგან მეტოქეების ასპარეზობას ყურადღებას არ ვადევნებ. თავიდან ბოლომდე ჩემს გამოსვლაზე ვარ კონცენტრირებული. 

პოპსპორტი: კვარცხლბეკზე საკმაოდ ორიგინალურად გამოჩნდით, "ჩოხით", რასთან დაკავშირებით გადაწყვიტეთ ასე გამოსვლა?

მიშველიძე: არაფერი სხვა მიზეზი არ ყოფილა გარდა იმისა, რომ ქართველი ვარ და მინდოდა, ეს ყველას დაენახა. კვარცხლბეკზე ნამდვილი ჩოხის ჩაცმის დრო არ იყო. ამიტომ მაისურის შესაბამისად მოხატვა გადავწყვიტეთ. მიხარია, თუ ხალხს მოეწონა და ორიგინალურად ჩაგვითვალა.

პოპსპორტი: მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ სამი ქართველი ძალოსანი გამოვა, რა მოლოდინია ნაკრებში?

მიშველიძე: ლაშა ტალახაძე, ყველას მოეხსენება, აშკარა ფავორიტია და მისგან გამარჯვებას ველით. ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია ანასტასია გოტფრიდიც. სულ პირველი რეზო დავითაძე გამოვა მათგან და იქნებ, მანაც ჩემსავით სასწაული მოახდინოს.

პოპსპორტი: რა გეგმები გაქვთ უახლოეს მომავალში?

მიშველიძე: მინდა ეს დონე შევინარჩუნო და კიდევ უფრო მეტს მივაღწიო. პირველი დიდი შეჯიბრება გაისად ჩემთვის ევროპის ჩემპიონატი იქნება, რომელიც გაზაფხულზე გაიმართება და იქაც მედლებისთვის ვიბრძოლებ.

კომენტარები

ბოლო ამბები