Thumbnail

დიდია იმის ალბათობა, რომ კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული იძულებითი პაუზა ფორმულა 1-ში 5 ივლისს დასრულდეს. მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზატორები დაგვიანებული სეზონის გახსნას ავსტრიის გრანპრით გეგმავენ, რომელსაც სილვერსტოუნზე ზედიზედ ორი რბოლა უნდა მოჰყვეს. ამის შესახებ BBC იტყობინება. თუმცა ოფიციალურად ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და ეს მხოლოდ წინასწარი გეგმაა, რომელიც შეიძლება ვერ განხორციელდეს.

ხუთშაბათს, ფორმულა 1-ის შეფებმა ხანგრძლივი ვიდეო-კონფერენცია გამართეს, რომლის დროსაც სეზონის გადარჩენაზე იმსჯელეს - სეზონისა, რომელიც ჯერ არცკი დაწყებულა. BBC-ის ინფორმაციით, ისინი ზემოთ ხსენებულ ვერსიაზე შეჯერდნენ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კი მომავლისთვის გადადეს. ავსტრიის მთავრობა თანახმაა, ქვეყანამ უმაყურებლო რბოლას უმასპინძლოს - თუკი მანამდე კორონავირუსით გამოწვეული პანდემის შესაბამისი შეზღუდვები კიდევ უფრო მეტად არ გართულდება.

ვიდეო-კონფერენციის შესახებ მაკლარენის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაკ ბრაუნმაც ისაუბრა: “პირველი, მეორე და მესამე რბოლები ნამდვილად უმაყურებლოდ იგეგმება. სამწუხაროდ, ალბათ სეზონის ყველა რბოლა უმაყურებლოდ ჩაივლის, - უთხრა მან BBC-ის.

შეგახსენებთ, რომ ფორმულა 1-ის 2020 წლის სეზონის სტარტი ავსტრალიის გრანპრის პირველი თავისუფალი პრაქტიკის დაწყებამდე 2 საათით ადრე გაუქმდა. მოგვიანებით, გადაიდო (ან გაუქმდა) კიდევ 9 ეტაპი.

კომენტარები

ბოლო ამბები