Thumbnail
  • 'გვაპატიეთ, ზაზა და ლონგლი, მაგრამ თქვენი საქმე ბლოკების დაყენება იქნებოდა'
  • გოლდენ სტეიტისა და ჩიკაგოს ვარსკვლავური შემადგენლობები ერთმანეთს შეადარეს

ამერიკულმა SB Nation-მა ბოლო პერიოდის 2 გრანდი – 2016-17 წლების გოლდენ სტეიტ უორიორსი და 1995-96 წლების ჩიკაგო ბულსი შეადარა და აღნიშნა, რომ გამარჯვება “მეომრებს” დარჩებოდათ, რომელთა ღირსებასაც ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულიაც იცავდა.

აი, რას წერს აღნიშნული ციფრული მედიის კუთვნილი ვებგვერდი Goldenstateofmind.com:

“იმისთვის, რომ NBA-ს უკანასკნელი დროის საუკეთესო გუნდები შევადაროთ, ჯერ მათი სასტარტო ხუთეულები გავიხსენოთ.

გოლდენ სტეიტი: სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, კევინ დურანტი, დრეიმონდ გრინი, ზაზა ფაჩულია.

ჩიკაგო: რონ ჰარპერი, მაიკლ ჯორდანი, სკოტი პიპენი, დენის როდმანი, ლუკ ლონგლი.

შემადგენლობების თვალის ერთი გადავლებითაც ჩანს, რომ ამ შერკინებაში მთავარი როლი ცენტრებს დაეკისრებოდათ... ცხადია, ვხუმრობთ.

სერიოზულად კი უნდა ვთქვათ, რომ უპირატესობას გოლდე სტეიტს ვანიჭებთ და ამას თავისი მიზეზები აქვს.

ცხადია, გუნდში ჯორდანის ყოლა დიდი ფუფუნებაა, თუმცა, როგორც გუნდი, უორიორსი მაინც უკეთესი იყო.

ვთქვათ, რომ დურანტის შეჩერებას პიპენი ითავებდა, ჯორდანი სტეფზე მივიდოდა, აი, კლეი ტომპსონის დევნა კი უკვე ასაკში მყოფ რონ ჰარპერს მოუწევდა და ეს ძალიან რთული საქმე იქნებოდა.

როგორ წარიმართებოდა გრინისა და როდმანის დაპირისპირება, ალბათ, ყველა ხვდება. იქნებოდა მუჯლუგუნები, ხისტი თამაში, ყველაფერი, რაც მეტოქის წყობიდან გამოსვლისკენ იქნებოდა მიმართული.

ვთვლით, რომ იმდროინდელ პიპენს დაცვაში დრეიმონდი აჯობებდა და შეტევაშიც ის უფრო ძლიერი იყო. 

ცხადია, რომ ასეთი ვარსკვლავური შემადგენლობების ფონზე, ამ გუნდების ცენტრებისთვის ბევრი აღარაფერი რჩებოდა. 

გვაპატიეთ, ზაზა და ლონგლი, მაგრამ მეტწილად ბლოკების დაყენება, მოხსნებისთვის ბრძოლა და ფოლების აღება მოგიწევდათ, ქულების ჩაგდების საშუალება კი იშვიათად გექნებოდათ.

საერთო ჯამში, ჩვენი პროგნოზი ასეთია: გოლდენ სტეიტი სერიას შვიდ მატჩში მოიგებდა”.

კომენტარები

ბოლო ამბები