Thumbnail

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატი შესაძლოა ერთ ქალაქში გაგრძელდეს. იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ყველა დარჩენილი მატჩის მხოლოდ რომში ჩატარებაზე ფიქრობს.

“ერთ-ერთი ვერსია, რასაც განვიხილავთ, ჩრდილოეთ იტალიაში მატჩების ჩატარებაზე უარის თქმაა,” - განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ ‘გაძეტა დელო სპორტის’ ინფორმაციით. როგორც იცით, იტალიაში კორონავირუსი ყველაზე მეტად სწორედ ჩრდილოეთ იტალიაშია გავრცელებული - მილანში, ბერგამოში და ტურინში.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ასევე გამოაქვეყნა სეზონის განახლების პროტოკოლი, რომელიც სამ ფაზას მოიცავს.

პირველ ფაზაში ყველა ფეხბურთელმა, მწვრთნელმა და კლუბის თანამშრომლებმა კორონავირუსის ტესტი უნდა ჩაიტარონ. იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი არავის დაუდგინდება, შესაძლებელი იქნება მეორე ფაზაზე გადასვლა.

მეორე ფაზა გულისხმობს იმას, რომ გუნდები და პერსონალი ბაზებზე კარანტინში უნდა მოთავსდნენ - სხვა ადამიანებთან ყველანაირი სოციალური კონტაქტის გარეშე. შესაბამისად, მათ ვარჯიში უნდა განაახლონ - ოღონდ, პატარ-პატარა ჯგუფებად. ყველა იმ ადგილს, სადაც ისინი შეიკრიბებიან, მანამდე დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს. გარკვეული დროის შემდეგ უნდა განახლდეს ნორმალური ვარჯიშები სრული დატვირთვით.

მესამე ფაზაში მატჩები უნდა დაიწყოს - ცხადია, მაყურებლების გარეშე. პრიორიტეტი სერია A-ს მიენიჭება, მერე კი სერია B და სერია C-ც განახლდება. ყველა ეს ფაზა უნდა გაიარონ მსაჯებმაც.

კომენტარები

ბოლო ამბები