Thumbnail

'სტადიონზე ძალით არავის მიერეკებიან' - ბელარუსში პაუზას ისევ არ აცხადებენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ბელარუსის საფეხბურთო ჩემპიონატი ერთადერთია ევროპაში, სადაც კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, პაუზას არ აცხადებენ. ამ ფაქტის გამო ბევრი გაკვირვებულია, ადგილობრივი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების ნაწილმა კი უკმაყოფილებაც გამოთქვა, მაგრამ ტურნირი მაინც გრძელდება - ქვეყნის უმაღლეს ლიგაში, სადაც რამდენიმე ქართველი ლეგიონერიც გამოდის, ოთხი ტური უკვე ჩატარდა და ახლა მეხუთესთვის ემზადებიან.

ბელარუსის ჩემპიონატის მატჩებს მაყურებელი საქართველოშიც ჰყავს

 
ბელარუსის სპორტისა და ტურიზმის მინისტრმა სერგეი კოვალჩუკმა ჩემპიონატის შესაძლო შეჩერებაზე ისაუბრა.

"ქვეყანაში შექმნილ ვითარებას თვალს ყოველდღიურად ვადევნებთ. თუკი ვინმეს რჩება შთაბეჭდილება, რომ სიტუაციას არ ვაკონტროლებთ, ღრმად ცდება. მკაცრად ვიცავთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციას. თითოეულ სპორტულ ობიექტზე ტარდება ღონისძიებების კომპლექსი, რომელსაც სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. მსურს მივმართო გულშემატკივრებს: შეასრულეთ ეს რეკომენდაციები!

თუკი სიტუაცია გაუარესდება, დღეს კი ამის წინაპირობა არ არსებობს, ჩემპიონატის შესაჩერებლად უფრო ხისტ ზომებს მივიღებთ. დღეს კი ამის აუცილებლობა არ არის. ჩემპიონატი საინტერესოა, ხალხი უყურებს. ფეხბურთი სპორტის ნომერ პირველი სახეობაა. არ არსებობს საფუძველი უმაღლესი ლიგის შესაჩერებლად. სტადიონზე ქომაგის რაოდენობა შემცირდა. ადამიანები ჭადრაკული განლაგებით სხედან. იტარებენ ხელების დეზინფექციას. მთავარია, რომ თითოეული მოქალაქე სწორად აფასებდეს შექმნილ სიტუაციას. სტადიონზე ძალით არავის მიერეკებიან", - ამბობს კოვალჩუკი. 

ნემანის გულშემატკივრებმა ჩემპიონატის მიმდინარეობა გააპროტესტეს

ბელარუსის უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში ნემანი მე-11 ადგილზეა, რომლის ღირსებას გიორგი ქანთარია იცავს. გიორგი დიასამიძისა და ლაშა შინდაგორიძის გუნდი სოლიგორსკის შახტიორი კი მე-12 პოზიციას იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები