Thumbnail

‘14 წლის წინანდელი ბეისბოლის ყურება მომბეზრდა’ - დონალდ ტრამპს სპორტი მოენატრა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო წუხს და აცხადებს, რომ ქვეყანაში პროფესიონალური სპორტის დაბრუნება აუცილებელია. 73 წლის პრეზიდენტი აპირებს, ჩრდილოეთ ამერიკის ძირითადი ლიგების მფლობელთა კომისრებთან განიხილოს პაუზის შეწყვეტის შესაძლებლობა.

"ჩვენი სპორტი უნდა დავაბრუნოთ. დავიღალე 14 წლის წინანდელი ბეისბოლის ყურებით. მოუთმენლად ველით სფეროების ლიდერებთან საუბრის შესაძლებლობას, რათა გავიგოთ, როგორ აღვადგინოთ ის, რაც ცოტა ხნის წინ მსოფლიოში უმსხვილეს ეკონომიკას წარმოადგენდა", - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტების წინაშე გამოსვლის დროს.

ტრამპი, რომელიც თავის დროზე ფეხბურთსა და ბეისბოლს თამაშობდა, დღემდე სპორტის დიდი ქომაგია

ამერიკულ სპორტულ ლიგებში პაუზა კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადდა. პირველი დაზარალებული ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია გახდა, რომლის მატჩები მას შემდეგ გადაიდო, რაც COVID-19 იუტა ჯაზის ფრანგ ცენტრს რუდი გობერს გამოუვლინდა. 

საიტ Worldometers-ის 15 აპრილის დილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 2 მილიონ ადამიანს გადააჭარბა, საიდანაც 126 ათასზე მეტი გარდაიცვალა, თითქმის ნახევარი მილიონი კი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულებითა და გარდაცვლილთა რაოდენობით აშშ პირველია - დაავადების 614 ათასზე მეტი და გარდაცვალების 26 ათასზე მეტი ფაქტით. 

კომენტარები

ბოლო ამბები