Thumbnail

5 წლით ციხეში - საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს აპელაცია არ დაუკმაყოფილეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პეტერ ზაიზენბახერი არასრულწლოვნებთან გარყვნილი ქმედებისთვის გასამართლდა
  • ვენის სასამართლომ ყოფილ ძიუდოისტს თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიუსაჯა
  • ავსტრიის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
  • ავსტრიელი 2010-12 წლებში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს წვრთნიდა

ავსტრიის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა განაჩენი, რომელიც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ პეტერ ზაიზენბახერს მანამდე პირველმა ინსტანციამ გამოუტანა. 

ძიუდოში 1984 და 1988 წლების ოლიმპიურ ჩემპიონს არასრულწლოვან გოგონებთან სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალი 2016 წლის ბოლოს წაუყენეს. საქმე 1990-იანი წლების ბოლო და 2000-იანი წლების დასაწყისში პერიოდს ეხება. 

ვენის სასამართლომ პეტერი დამნაშავედ ბრალდების ყველა პუნქტში ცნო

ამის შემდეგ პეტერ ზაიზენბახერი მართლმსაჯულებას წლების განმავლობაში, ქვეყნის საზღვრებს გარეთ ემალებოდა, საბოლოოდ კი ძებნილის კიევში დაკავება და მისი ავსტრიაში ექსტრადირება, 2019 წლის სექტემბერში განხორციელდა, წლის ბოლოს კი ვენის სასამართლომ ყოფილ ძიუდოისტს თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიუსაჯა. 60 წლის ავსტრიელმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

პეტერ ზაიზენბახერი პირველი ძიუდოისტია ისტორიაში, ვინც ზედიზედ ორ ოლიმპიურ თამაშებზე გაიმარჯვა. ავსტრიელი 2010-2012 წლებში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელად მუშაობდა და გუნდი 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზეც გაიყვანა, სადაც ოქროს მედალი ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები