Thumbnail
  • ხუან სებასტიან ვერონი ნახევარდაცვაში ერთ-ერთი უდიდესი სტრატეგი იყო
  • მაგრამ ინგლისში მისი ტრანსფერი ერთ-ერთ უდიდეს იმედგაცრუებად მიიჩნევა
  • რატომ ვერ ითამაშა არგენტინელმა გამთამაშებელმა პრემიერლიგაში

ის არ იყო ზინედინ ზიდანი, მაგრამ ის იყო ხუან სებასტიან ვერონი! და იყო დრო, როცა ეს სამი სიტყვა ფეხბურთში სრულყოფილი პლეიმეიკერის, იდეალური გამთამაშებლის ერთ-ერთ ვერსიასთან ასოცირდებოდა. ყოველ შემთხვევაში იტალიაში (და არგენტინაშიც) და თანაც იმ დროს, როცა სერია A მსოფლიოში საუკეთესო ლიგად მიიჩნეოდა. მაშინ ფეხბურთის სუპერვარსკვლავების უმეტესობა სწორედ იტალიაში თამაშობდა და ერთ-ერთი მათგანი იყო ვერონიც.

უკან: ნესტორ სენსინი, ლილიან ტიურამი, პაოლო ვანოლი, ალან ბოღოსიანი, ხუან ვერონი, დინო ბაჯო, ბუფონი.
წინ: ენრიკო კიეზა, ფაბიო კანავარო, ერნან კრესპო, დიეგო ფუზერი

მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარული მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი მას ასე ახასიათებდა: “ვერონი არის თავისუფალი ჩიტი, რომელიც ყველგან დაფრინავს.”

სწორედ ამიტომ, ბევრს არცისე ბევრად ეჩვენებოდა ინგლისისთვის იმხანად სარეკორდო 43 მილიონი ევრო, რაც იუნაიტედმა 2001 წელს რომის ლაციოს ვერონის სანაცვლოდ მაგიდაზე დაუდო. ეს იყო 19 წლის წინ. დღეს კი ხუან სებასტიან ვერონი პრემიერლიგის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს იმედგაცრუებად მიიჩნევა.

ფერგიუსონი: ვერონი უაილდ ქარდი იყო, ჯოკერი!

“მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მატჩი შესანიშნავად ჩაატარა, საბოლოო ჯამში ვერონმა უბრალოდ ვერ შეძლო ჩვენს გუნდში თამაში, - წერს ფერგიუსონი 2013 წელს გამოქვეყნებულ ავტობიოგრაფიულ წიგნში, - ის ინდივიდუალისტი იყო, ფეხბურთელი, რომელიც ვარჯიშზე ორმხრივი თამაშის დროს ორივე გუნდში თამაშობს. ვერონი უბრალოდ ყველგან თამაშობდა. მიდიოდა, ან მირბოდა იქ, სადაც უნდოდა. ჩემს ხელში 100 წელიც რომ ევარჯიშა, მაინც არ მეცოდინებოდა, სად უნდა დამეყენებინა. ის უაილდ ქარდივით იყო, ჯოკერივით.”

'ჩემს ხელში 100 წელიც რომ ევარჯიშა, მაინც არ მეცოდინებოდა, სად უნდა დამეყენებინა' - სერ ალექს ფერგიუსონი

როდესაც “ლა ბრუხა” (ჯადოქარი), უფრო კონკრეტულად კი, "ლა ბრუხიტა" ლაციოდან იუნაიტედში გადავიდა, მანჩესტერელებს ზედიზედ მესამედ ჰქონდათ მოგებული ინგლისის ჩემპიონატი. ‘ოლდ ტრაფორდზე’ ოქროს ხანა იდგა - ნახევარდაცვაში ამინდს რაიან გიგზი, დევიდ ბექჰემი, პოლ სქოულზი და როი კინი ქმნიდნენ. 26 წლის ვერონის შეძენა ფერგიუსონისთვის უფრო მომავლისთვის განხორციელებული ინვესტიცია გახლდათ.

იუნაიტედის ფორმაში გახარებულ ვერონს ბევრ ფოტოზე ვერ ნახავთ

ხუანი იუნაიტედში დაიკარგა

“ხუან სებასტიან ვერონი არაჩვეულებრივი ფეხბურთელი იყო,” - იხსენებს მისი ყოფილი თანაგუნდელი გარი ნევილი Sky Sports-თან ინტერვიუში, - ჩემი აზრით, მას იმის გამო არ გამოუვიდა არაფერი, რომ ჩვენ გვყავდა საუკეთესო ნახევარდაცვა პრემიერლიგის ისტორიაში.”

არადა, არგენტინელი მანამდე, იტალიის ურთულეს სერია A-ში ნამდვილი სუპერვარსკვლავი იყო. ლაციოსა და პარმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ვერონს უფრო ადრე, გენუის სამპდორიაშიც კი დამტკიცებული ჰქონდა თავისი შესაძლებლობები.

'გასახდელში დიდი ორატორი და ემოციური სიტყვის მთქმელი არასდროს ყოფილა. ვერონი თავის სათქმელს მოედანზე ამბობდა' - სვენ გორან ერიქსონი

“როცა სამპდორიაში მოვიდა, ძალიან მშვიდი და მორცხვი იყო, - იხსენებს მისი ყოფილი მწვრთნელი სვენ გორან ერიქსონი The Athletic-თან ინტერვიუში, - გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ხმა ამოიღო, მაგრამ გასახდელში დიდი ორატორი და ემოციური სიტყვის მთქმელი არასდროს ყოფილა. ვერონი თავის სათქმელს მოედანზე ამბობდა. ის იყო კიდევ ერთი მწვრთნელი მინდორზე - როგორც რობერტო მანჩინი.”

ლეგენდარული ლაციო - ლომბარდო, ნესტა, მიხაილოვიჩი და ვერონი

ერიქსონის თქმით, ვერონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ეგრძნო, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია: “სამპდორიაში ეს პრობლემა არ ყოფილა. არც ლაციოში, რადგან მისი სხვა არცერთ ლიდერს არ შურდა. მანჩინი, ვერონი და სინიშა მიხაილოვიჩი ძალიან კარგი მეგობრები იყვნენ და მათ შორის პრობლემები არ ყოფილა.” - ამბობს შვედი.

მანჩესტერ იუნაიტედში კი სხვანაირი გარემო დახვდა. “ოლდ ტრაფორდზე ნებისმიერი ფეხბურთელი მნიშვნელოვანია, - მიაჩნია ერიქსონს, - არ ვიცი, რამდენად შეიძლება იყოს ეს ამის მიზეზი, მაგრამ პირადად მე ძალიან გამიკვირდა, რომ ვერონმა ინგლისში ვერ ითამაშა.”

აუტსაიდერი როი კინის გვერდით

მართალია, ფერგიუსონმა ეს თავის წიგნში უარყო, მაგრამ ბევრი ამბობს, რომ ყველაზე მეტად როი კინთან ურთიერთობა გაუჭირდა. სერ ალექსი კი შემდეგს წერს: “ხუანი გასახდელში მარტო იყო. ენაც არ იცოდა. ასოციალური არ ყოფილა, უბრალოდ კომუნიკაბელური ტიპი არ იყო.”

ედგარ დავიდსი და ხუან ვერონი

არგენტინელის ყოფილ თანაგუნდელ რიო ფერდინანდს კი მიაჩნია, რომ რომ არა როი კინი, ვერონი იუნაიტედის ფორმაში გაიბრწყენდა. “დაუჯერებლად კარგი ფეხბურთელი იყო, დიდებული მეპასე. ერთადერთი, რაც მას ხელს უშლიდა, ეს იყო როი კინის დომინანტური პერსონა. კინი ბურთს თავის პოზიციებზე ითხოვდა და ვერონს უბურთოდ ტოვებდა.”

თავის პირველ ინგლისურ სეზონში ვერონმა პრემიერლიგის 26 მატჩში 5 გოლი გაიტანა და ეს არ არის ცოტა იმასთან შედარებით, როგორი შედეგიც საბოლოო ჯამში დააფიქსირა: 2 წელიწადში მის აქტივში 51 მატჩი და 7 გოლი გახლდათ.

თუმცა ვერონის გენიალურობა ხანდახან ისევ გამოანათებდა ხოლმე - მაგალითად, ლეგენდარულია მისი ასისტი ბექჰემზე, ბირმინგემთან. “ბურთს ფეხის ტერფის გარეთა ნაწილით მოარტყა და ულამაზესი პასი გამოუვიდა. ბექჰემმა მიიღო და მეკარეს თავზე გადაუგდო, - წერს ფერგიუსონი თავის წიგნში, - იყო მომენტები, როცა ვერონს შეეძლო, შეუდარებლად ეთამაშა.”

📺 ვიდეო: ვერონის პასი და ბექჰემის გოლი ბირმინგემთან

თუმცა ვერონს იუნაიტედში ეს ზედმეტად იშვიათად გამოსდიოდა და ამიტომაც მოიხსენიებენ ასე: “ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე გენიალური იმედგაცურება.”

მერე იყო ჩელსი…

ვერონი ინგლისში უდიდეს ‘ფლოპად’ მას მერე შერაცხეს, რაც ლონდონის ჩელსიში გადავიდა (2003) და ვერც იქ ათამაშდა ისე, როგორც მის კლასს შეეფერებოდა. მეტიც, ის წელი არგენტინელისთვის აბსოლუტურად კოშმარული გამოვიდა. იუნაიტედმა მის სანაცვლოდ მხოლოდ 22 მილიონი ევრო მიიღო, ჩელსიში კი რომან აბრამოვიჩის ერა იწყებოდა და ლონდონელებს იმედი ჰქონდათ, რომ ვერონი ამაში დიდ როლს ითამაშებდა. მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა: იმედიანი სტარტის შემდეგ (სადებიუტო გოლი ლივერპულთან) არგენტინელმა სეზონის უდიდესი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა.

74 მატჩი და 9 გოლი არგენტინის ნაკრებში

2004 წლის იანვარში კი ვერონი და მისი მეგობარი გოგო დააყაჩაღეს - მისი სახლიდან 100 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს, თვითონ ხუანი კი, მარიასთან ერთად სააბაზანოში ჩაკეტეს.

მისი იმჟამინდელი თანაგუნდელი რობერტ ჰუთი იხსენებს: “ცდილობდა, თავი დაემკვიდრებინა და ამ დროს ჯერ მძიმედ დაშავდა, მერე კი ასეთი საშინელება მოხდა. წარმომიდგენია, როგორ გრძნობდა თავს.”

ვერონმა ჩელსიში მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა. მისი სახელი და აურა უკვე საბოლოოდ დაკარგული იყო. 2007 წელს თაიმსმა ინგლისის პრემიერლიგის 50 ყველაზე ცუდი ტრანსფერი დაასახელა და ვერონი იმ სიაში მე-11 ადგილზე გახლდათ.

ვერონი ამ ლაციოსთან ასოცირდება
უკან: ნესტორ სენსინი, პაოლო ნეგრო, სინიშა მიხაილოვიჩი, ალესანდრო ნესტა, ჯუზეპე პანკარო, ლუკა მარკეჯანი
წინ: სერჟიო კონსეისაო, პაველ ნედვედი, რობერტო მანჩინი, მარსელო სალასი, ხუან ვერონი 

ბოლო მცდელობა ინტერში

დარწმუნდა რა, რომ ინგლისში შანსი აღარ ჰქონდა, ვერონი დაბრუნდა იქ, სადაც თავი ისე უნდა ეგრძნო, როგორც საკუთარ სახლში - იტალიაში. “ბრუხიტა” მილანის ინტერის ფეხბურთელი გახდა, სადაც იტალიის თასიც მოიგო და ერთი წლის შემდეგ ჩემპიონატიც. ორი წლის შემდეგ კი მშობლიურ კლუბში, ესტუდიანტესში გადავიდა, სადაც მოგვიანებით, 2014 წელს პრეზიდენტად აირჩიეს.

არგენტინაში ის ლეგენდაა. ლაციოს, პარმას და სამპდორიას ფანებს მისი პასების გახსენებისას დღემდე გულისცემა უჩქარდებათ. რომში, პარმასა და გენუაშიც ხუან სებასტიან ვერონი ბევრს ზიდანზე არანაკლებ გამთამაშებლად მიაჩნია.

ვერონი და ზიდანი

 

კომენტარები

ბოლო ამბები