Thumbnail
  • მილანის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა არშემადგარი ტრანსფერები გაიხსენა
  • გალიანი ყველაზე მეტად დელ პიეროსა და რონალდოზე უარის თქმას ნანობს

მილანის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ, კლუბში მუშაობის პერიოდში, სატრანსფერო ბაზარზე თავისი ყველაზე დიდი წარუმატებლობები გაიხსენა. როგორც ირკვევა, 75 წლის ფუნქციონერი, რომელიც “როსონერიში” 1986-2017 წლებში საქმიანობდა, ყველაზე მეტად ალესანდრო დელ პიეროსა და კრიშტინო რონალდოს დამატების შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას ნანობს.

ადრიანო გალიანი მილანში სამი ათეული წელი მუშაობდა

"ჩვენთან ტევესი უნდა გადმოსულიყო, მაგრამ საბოლოოდ ეს მაინც ვერ მოხერხდა. ასევე ვაპირებდით დელ პიეროს შეძენას ჯერ კიდევ იქამდე, სანამ იუვენტუსში აღმოჩნდებოდა. ეს ერთ-ერთია იმ ორი ფეხბურთელიდან, რომელთა გამოც ძალიან ვნანობ, რომ ვერ შევიძინე. პადოვამ ის შემოგვთავაზა, მაგრამ 5 მილიარდი ლირა (დაახლოებით 2,5 მილიონი ევრო) მოითხოვა. ეს ძალიან დიდი ფული იყო ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის და ჩვენ დარწმუნებული არ ვიყავით", - იხსენებს გალიანი.  

ალესანდრო დელ პიერომ იუვენტუსთან ერთად სერია A 6-ჯერ მოიგო (კიდევ 2 ტიტული გაუქმდა)

ახალგაზრდა ალესანდრო დელ პიერო პადოვადან იუვენტუსში 1993 წელს, 2 მილიონი დოლარის სანაცვლოდ გადავიდა.

"იგივე ეხება კრიშტიანო რონალდოსაც. ის 16 წლის იყო, სპორტინგმა კი მასში 16 თუ 17 მილიარდი ლირა (დაახლოებით 8,2 მილიონი ევრო) მოგვთხოვა. მახსოვს, ბრაიდა (მილანის მაშინდელი სპორტული დირექტორი) როგორ გვაძალებდა მის შეძენას. მე ვშფოთავდი იმის გამო, რომ საქმე ზღაპრული თანხასა და პატარა ბიჭს ეხებოდა".

დღეს კრიშტიანო რონალდო ტურინის იუვენტუსის ღირსებას იცავს

8 მოგვიანებით, 2003 წლის 12 აგვისტოს, პორტუგალიელი თავდამსხმელი სპორტინგიდან მანჩესტერ იუნაიტედში, 19 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. 2018 წელს კრიშტიანო იტალიაში მაინც აღმოჩნდა, ოღონდ - იუვენტუსში, რომელმაც ფორვარდში მადრიდის რეალს 112 მილიონი ევრო გადაუხადა. 

ფრანჩესკო ტოტი ბოლომდე რომას ერთგული დარჩა

"დიდხანს გვეჭირა თვალი ფრანჩესკო ტოტიზეც, მაგრამ მას არასდროს სურდა რომას დატოვება", - ამბობს ადრიანო გალიანი, რომლის მუშაობის პერიოდში, მილანმა 8-ჯერ სკუდეტო და 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები