Thumbnail

'ხელში მაგნიტი მაქვს' - დე ლიხტი იუვეში, როგორც ბავშვი ტკბილეულის მაღაზიაში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იუვენტუსის 20 წლის ფეხბურთელმა ტურინულ კლუბში ადაპტაციაზე ისაუბრა
  • ნიდერლანდების ნაკრების მცველმა ბურთზე ხელით ხშირად თამაშის მიზეზი იპოვა
  • მატეის დე ლიხტს სულაც არ სწყინს, როდესაც შეცდომებზე მიუთითებენ

იუვენტუსის ახალგაზრდა მცველმა მატეის დე ლიხტმა, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზით ისარგებლა და YouTube-არხზე თავის ტურინულ კარიერაზე ისაუბრა. ნიდერლანდების ნაკრების 20 წლის ფეხბურთელმა, რომელიც სერია A-ში პირველ სეზონს ატარებს, კლუბში პირველ შთაბეჭდილებებზე, ადაპტაციის პერიოდსა და ბურთზე ხელით ხშირად თამაშის მიზეზზე ხუმრობით ილაპარაკა.

მატეის დე ლიხტი იუვენტუსში აიაქსიდან 2019 წლის ზაფხულში, 85,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ფეხბურთელმა 2019/20 წლების სეზონში "ბიანკონერის" მაისურით 27 მატჩში ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.

კრიშტიანო რონალდო და მატეის დე ლიხტი 

"იუვენტუსში მეუბნებოდნენ: "ახალგაზრდა კი ხარ, მაგრამ მიზეზი, რატომაც გვსურს შენი აყვანა, ისაა, რომ უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელი ხარ და იცი, როგორ გაუმკლავდე წნეხს". ასევე მაფრთხილებდნენ, რომ 19 წლის ბიჭს უცხო ქვეყანაში გამიჭირდებოდა, მაგრამ ამავდროულად მარწმუნებდნენ, რომ გუნდში ადგილს სწრაფად დავიმკვიდრებდი.

ბუნებრივია, როდესაც პირველად იუვენტუსის გასახდელში შევედი, თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ბავშვი ტკბილეულის მაღაზიაში. აქეთ-იქით ვიყურებოდი - აქეთ ბუფონი ზის, იქით - რონალდო! რამდენიმე თვის შემდეგ გავშინაურდი და უფრო თამამი გავხდი.

პირველივე თამაშებიდანვე გაფაციცებით მაკვირდებოდნენ. იუვეს მაისურით მეორე შეხვედრაში კი საკუთარ კარში გავიტანე. გასაგებია, რომ წნეხმა იმატა. ვარჯიშზე ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ მატჩის მიმდინარეობისას ახალ სტილთან შეგუება მიხდებოდა. თავიდან მიჭირდა, მაგრამ დროთა განმავლობაში უკეთ და უკეთ ავთამაშდი.  

დე ლიხტმა გერმანიასთან პენალტი კი 'აიკიდა', მაგრამ ნიდერლანდების ნაკრებმა მაინც მოიგო - 4:2

მახსოვს, ერთხელ საშხაპეში მყოფს ბიჭები მეუბნებოდნენ, რომ რეგულარულად ხელით ჩემი თამაში დაუჯერებელი იყო. გეგონება, ხელში მაგნიტი მაქვს.

საუკეთესო მაგალითი იმის ასაღწერად, როგორ არ მიმართლებს, ის პენალტია, რომელიც გერმანიის ნაკრებთან შეხვედრაში "ავიკიდე". ბურთი ეშვებოდა, მაღლა ავიხედე და უცებ დავინახე, როგორ მხვდებოდა ხელზე. როდესაც ვიცი, რომ შეცდომა დავუშვი ან ხელით ვითამაშე, არ მწყინს, როდესაც ამის შესახებ ლაპარაკობენ. მიყვარს ამაზე ხუმრობა". 

კომენტარები

ბოლო ამბები