Thumbnail

'ეს მეორე ტალღაა' - ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქში კვლავ საგანგებო მდგომარეობაა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

იაპონიის ქალაქ საპოროში, სადაც 2021 წლისთვის გადადებული ზაფხულის ოლიმპიური თამაშების რამდენიმე შეჯიბრება უნდა გაიმართოს, ქვეყნის ხელისუფლებამ კვლავ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ტოკიო 2020-ის ორი ღონისძიება - მარათონი და შეჯიბრება სპორტულ სიარულში საპოროში უნდა გაიმართოს. მიზეზი ისაა, რომ ზაფხულში ტოკიოში ძალიან ცხელა, საპორო კი ჩრდილო კუნძულის, ჰოკაიდოს დედაქალაქია. 

7 აპრილს იაპონიის პრემიერ-მინისტმა აბემ ქვეყნის დიდ ნაწილში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, თუმცა მასში საპორო არ შედიოდა. გადაწყვეტილება ქალაქის მმართველობამ მას მერე მიიღო, რაც ხუთი დღის განმავლობაში კორონავირუსით ყოველდღიურად 10-ზე მეტი ადამიანი ინფიცირდებოდა. 

"ჩვენ ახლა კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის მეორე ტალღას ვუპირისპირდებით", - განაცხადა ჰოკაიდოს გუბერნატორმა ნაომიჩი სუძუკიმ. სკოლები საპოროში კვლავ დაიკეტება, ამჯერად, 6 მაისამდე.

საპორო 1972 წელს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობდა, 2030 წლისთვის კვლავ ამ ქალაქს სურს ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობა.  

შეგახსენებთ, რომ ტოკიო 2020 2021 წლის 23 ივლისს უნდა გაიხსნას, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეს თარიღიც საეჭვოა.

იაპონიაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 7 ათასს გადაცდა, სულ ქვეყანაში 123 ადამიანი გარდაიცვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები