Thumbnail

'სუარესთან და კავანისთან გამიჭირდა' - გოდფრი ობოაბონა დინამო ბათუმში ბედნიერია

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • გოდფრი ობოაბონა დინამო ბათუმში თავს კარგად გრძნობს
  • ნიგერიელ მცველს ფეხბურთის თამაში ენატრება
  • პოპსპორტთან ინტერვიუში მან ყველაზე რთული მოწინააღმდეგეები დაასახელა  

დინამო ბათუმმა ეროვნული ლიგის დაწყების წინ რამდენიმე ახალი მოთამაშე დაიმატა - მათ შორის ნიგერიელი ცენტრალური მცველი გოდფრი ობოაბონა. 29 წლის ფეხბურთელი საკმაოდ გამოცდილია და დიდ ტურნირებზეც უთამაშია. იგი 2013 წლის აფრიკის ერთა თასის გამარჯვებულია. ობოაბონა ნიგერიის ნაკრების ღირსებას 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც იცავდა, თუმცა მძიმე ტრავმის გამო ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა. აჭარულ კლუბში მან ჯერ მხოლოდ 1 ოფიციალური შეხვედრის გამართავა მოასწრო. ობოაბონამ პოპსპორტის კითხვებს უპასუხა. 

popsport: დინამო ბათუმში ახალი გადასული ხარ, როგორ შეეგუე კლუბს და ქალაქს?

ობოაბონა: დინამო ბათუმი ძალიან კარგი გუნდია. კარგი ურთიერთობა მაქვს გუნდის პრეზიდენტთან, მწვრთნელთან და თანაგუნდელებთან. გუნდში ყველაფერი მაღალ დონეზეა ორგანიზებული. მომწონს ვარჯიშებიც. ბათუმი კარგი ქალაქია და აქ ბედნიერი ვარ. არანაირი პრობლემა არ შემქმნია. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ეს კი ყველაზე მნიშველოვანია.

popsport: ჩემპიონატი კორონავირუსის გამო შეჩერდა, როგორ ატარებ დროს თვითიზოლაციაში?

ობოაბონა: კორონავირუსის გამო რთული ვითარება შეიქმნა. ჩვენ ეს პრობლემა ერთად უნდა დავძლიოთ და დროებით დავრჩეთ სახლში. მენატრება მოედანზე გასვლა. თვითიზოლაციაში ვცდილობ, ფორმა შევინარჩუნო. ხშირად დავრბივარ სარბენ ბილიკზე და ვასრულებ სხვადასხვა სახის აქტივობებს.

popsport: დინამო ბათუმში თანამემამულე ბენჟამინ ტეიდი დაგხვდა. გაგიადვილა თუ არა ამ ფაქტმა გუნდთან ადაპტაცია?

ობოაბონა: როდესაც გუნდში თანამემამულე გყავს, ძალიან კარგია. მას პირველად თბილისში, შეკრებაზე შევხვდი. არ ვიცოდი, რომ კლუბში კიდევ ერთი ნიგერიელი თამაშობდა და ამის გაგება ჩემთვის სასიამოვნო იყო. მასთან დავახლოვდი და, რა თქმა უნდა, ადაპტაციაში დამეხმარა. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ გუნდის შესახებ და ბევრ რამეში სწრაფად და მარტივად გამარკვია.

'აფრიკის ერთა თასის მოგება ჩემს კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი მომენტია'

popsport: 2013 წელს აფრიკის ერთა თასი მოიგე. გაგვიზიარე შენი ემოციები, როგორი შეგრძნება იყო ასეთი დიდი ტურნირის მოგება?

ობოაბონა: ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი მომენტია. კარგი გრძნობაა, როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელი შენი ქვეყნისთვის თამაშობ. ტურნირზე ბევრი კარგი ნაკრები და ფეხბურთელი გამოდიოდა - დიდიე დროგბა, სალომონ კალუ და სხვა ძალიან ბევრი ვარსკვლავი. რთული თამაშები გვქონდა და ტურნირის მოგება მარტივი არ იყო.

popsport: დაასახელე ფორვარდი, რომელთანაც თამაში ყველაზე მეტად გაგიჭირდა.

ობოაბონა: ბევრ მაღალი კლასის ფორვარდთან მითამაშია. გამოვარჩევ ლუის სუარესს, ედინსონ კავანის, დიდიე დროგბას, სამუელ ეტო'ოს და ფერნანდო ტორესს. ერთის ამორჩევა გამიჭირდება, თუმცა ყველაზე მეტად კავანის, სუარესისა და ტორესის წინააღმდეგ თამაში გამიჭირდა. ისინი ძალიან ძლიერი, ჭკვიანი, ტექნიკური და შესანიშნავი მოთამაშეები არიან.

ობოაბონა მარიო ბალოტელის და ლუის სუარესის წინააღმდეგ

popsport: კარიერის განმავლობაში რამდენიმე მძიმე ტრავმა გადაიტანე. მაგალითად, 2014 წლის მუნდიალზე მიღებული დაზიანება. როგორ გადალახე რთული პერიოდი და ხარ  თუ არა მზად სათამაშოდ, როგორც მენტალურად ისე ფიზიკურად?

ობოაბონა: დიახ კარიერის განმავლობაში ტრავმები მაწუხებდა. მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული მძიმე დაზიანების გამო ბევრი მატჩი გამოვტოვე. ეს ჩემთვის რთული იყო. მსურდა, მოედანზე მალე დავბრუნებულიყავი. მადლობა ღმერთს, მოედანს დავუბრუნდი. ახლა ძლიერი და ბედნიერი ვარ. სათამაშოდ სრულიად მზად ვარ როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად. მინდა, ცუდი მოგონებები მოვიშორო და მხოლოდ კარგზე ვიფიქრო.

ობოაბონამ 2014 წლის  მუნდიალზე გამოსვლა ნაადრევად - ტრავმის გამო  დაასრულა

popsport: ალბათ იცი, რომ დინამო ბათუმს საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გულშემატკივარი ჰყავს, რას ეტყოდი მათ.

ობოაბონა: დიახ, ვიცი, რომ დინამო ბათუმს შესანიშნავი გულშემატკივრები ყავს. ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია ფანების მხარდაჭერა. მინდა, მათ წინაშე მალე ვითამაშო. როდესაც გულშემატკივარი ტრიბუნიდან გამხნევებს, თამაში უფრო გიადვილდება. მინდა მათ ვუთხრა, იარეთ სტადიონზე და გააგრძელეთ ჩვენი მხარდაჭერა. მე კი ვეცდები, დინამო ბათუმს წარმატების მიღწევაში დავეხმარო და ისინი გავაბედნიერო.

კომენტარები

ბოლო ამბები