Thumbnail
  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრი იზოლაციაში იმყოფება
  • ნოდარ ჭეიშვილი POPSPORT-ს საინტერესო თემებზე ისაუბრა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი ნოდარ ჭეიშვილი თვითიზოლაციის პერიოდს თბილისში ატარებს. რუსეთთან გადადებული მატჩის შემდეგ, ის ინგლისში ვეღარ გაფრინდა და თბილისში ჩარჩა, რასაც დადებით ფაქტად მიიჩნევს. POPSPORT ლონდონ სქოთიშის მორაგბეს დაუკავშირდა და საინტერესო თემებზე ესაუბრა. 

popsport: თვითიზოლაციის პერიოდს როგორ ატარებ?

ნოდარ ჭეიშვილი: რუსეთთან თამაში რომ გადაიდო, წასვლა ვერ მოვახერხე და თბილისში ჩავრჩი. ახლა ვფიქრობ, რომ ასე სჯობდა. სახლში ვზივარ. სერიალებს ვუყურებ, წიგნებს ვკითხულობ და იმ სავარჯიშო პროგრამას მივყვები, რომელიც გუნდიდან გამომიგზავნეს.

popsport: ლონდონ სქოთიში შენს კარიერაში მეორე ინგლისური კლუბია. ახალ გუნდთან ადაპტაცია ხომ არ გაგიჭირდა?

ნოდარ ჭეიშვილი: თავიდან მეგონა, რომ გამიჭირდებოდა. შარშან სადაც ვიყავი, იმ გუნდს ვერ შევეწყვე. ჩასვლის დროს ტრავმა მქონდა, თუმცა მწვრთნელები დამეხმარნენ. სავარჯიშო პირობები, ბაზა და ქალაქი იდეალური იყო.

popsport: შენს პოზიციაზე ფავორიტი მორაგბე თუ გყავს?

ნოდარ ჭეიშვილი: ყველაზე მეტად ბაკის ბოთა მომწონდა. ყველაზე მაგარი მეორეხაზელი იყო, ვისი თამაშიც მინახავს. ალუნ ვინ ჯონსიც მომწონს, როგორც მხტომელი, აუტის ლიდერი და გამომცხადებელი. მათი სტილი განსხვავებულია, თუმცა ორივეს თამაში ძალიან მომწონს.

popsport: რაგბი ევროპის ამ ტურნირზე ძალიან კარგად ითამაშე. დიდი პროგრესი გაქვს. ეს ყველაფერი რისი დამსახურებაა?

ნოდარ ჭეიშვილი: მიმაჩნია, რომ ჩემს თავში მეტი ძალა ვიპოვე. მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელმა ეტაპმა დიდი ძალა შემმატა. ტრავმის მიუხედავად, უფრო მოტივირებული ვიყავი და ინგლისურმა სარაგბო სტილმაც სხვანაირად ამათამაშა. წელს მართლა კარგი რაგბი ევროპა მქონდა, ვიდრე - სხვა წლებში.

popsport: ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ეროვნულ ნაკრებში...

ნოდარ ჭეიშვილი: ნაკრებში დებიუტი არასდროს დამავიწყდება, თუმცა, იტალიასთან ჩატარებული შეხვედრაც ძალიან კარგი იყო. იმედია, რომ მათთან თამაშის შანსი კიდევ მოგვეცემა. ვფიქრობ, რომ ჩემთვის საუკეთესო რუმინეთთან მატჩი იყო, რადგანაც საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს.

popsport: მორაგბე, რომელთან ერთად თამაშმაც შენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა?

ნოდარ ჭეიშვილი: ასეთი მორაგბე მამუკა გორგოძეა. მასთან ერთად ვარჯიში და თამაში უდიდესი მოტივაციაა. როდესაც ასეთი მორაგბე შენ გვერდით არის, ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მხარდაჭერას გრძნობ.

popsport: რას ურჩევდი სახლში დარჩენილ ადამიანებს, რით გაიყვანონ დრო?

ნოდარ ჭეიშვილი: რაგბის კლასიკური მატჩების ხილვა შეუძლიათ. საქართველო უელსის დაძაბული მატჩის გახსენებაც კარგი იქნება.

სერიალებიდან "ალესილ კეპებს", "ქაღალდის სახლსა" და "უკანასკნელი სამეფოს" ვურჩევდი. მომეწონა ფილმი "დამალული ფიგურები", რომელიც 2016 წელს გადაიღეს. მომეწონა "ჯოკერი" და ასევე "პარაზიტიც", რომელიც ოსკაროსანი ფილმია.

იმედია, პანდემია მალე დასრულდება. მომენატრა მოედანი და თამაში. სახლის პირობებში ვარჯიში აღარ მინდა. ვაპირებდი ისევ ინგლისში წასვლას, მაგრამ იქ სეზონი ნაადრევად დასრულდა. რამდენიმე კლუბს ვესაუბრები, თუმცა კონკრეტული შემოთავაზება არ ყოფილა.

საფრანგეთში დაბრუნება მსურს. ინგლისს ამინდის გამო ვერ ვეგუები. ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ.

კომენტარები

ბოლო ამბები