Thumbnail
  • ოლიმპია მილანოს მწვრთნელი სახელოვანი ეტორე მესინაა
  • ქართველ კალათბურთელს ბასკონიას კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს

ესპანური ბასკონიას ქართველი ვარსკვლავი თორნიკე შენგელია მომავალი სეზონისთვის იტალიური ოლიმპია მილანოს ერთ-ერთი უმთავრესი სამიზნე იქნება. ამ ინფორმაციას Nbapassion ავრცელებს.

შენგელიას გადაბირებით იტალიური გუნდის სახელოვანი თავკაცი ეტორე მესინაა დაინტერესებული, რომელსაც ზურგს ვირტუს ბოლონიაში, ბენეტონ ტრევიზოში, მოსკოვის ცსკა-ში, მადრიდის რეალში, იტალიის ნაკრებში, ლოს ანჟელეს ლეიკერსსა (კონსულტანტი) და სან ანტონიო სპურსში (ასისტენტი) მუშაობაც უმაგრებს.

“შენგელიას დამატება ბევრს ოცნებად ეჩვენება და მისი გადაბირება ნამდვილად რთული იქნება. იმისთვის, რომ იტალიურმა მხარემ ტრანსფერი განახორციელოს, მას ბევრი შრომა მოუწევს.

თორნიკეს ბასკონიასთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, თუმცა, ოლიმპია მილანო მზადაა, ხელშეკრულების ნაადრევად შეწყვეტისთვის საჭირო კომპენსაციაც გადაიხადოს” – წერია აღნიშნულ ვებ-გვერდზე.

ის, რომ მილანურ კლუბს მძიმე ფორვარდის პოზიციის გაძლიერება სურს, გასაკვირი ნამდვილად არ გახლავთ. საქმე ისაა, რომ ოლიმპიას სასტარტო ხუთეულში არგენტინელი ვეტერანი ლუის სკოლა თამაშობს, რომელიც 30 აპრილს 40 (!) წლის ხდება და ცხადია, კარიერას მალე დაასრულებს.

ეტორე მესინამ არჩევანი ქართველ კალათბურთელზე შეაჩერა

შეგახსენებთ, რომ ევროლიგის მიმდინარე გათამაშება კორონავირუსის გამოა შეწყვეტილი. ამ დროისთვის, მილანს 12 მოგება და 16 მარცხი აქვს და მე-12 ადგილზეა, თუმცა, საპლეიოფო ზონას მხოლოდ 1 გამარჯვებით ჩამორჩება.

ცნობისთვის, იდენტური მონაგარი აქვს ბასკონიასაც, რომლის ღირსებასაც შენგელია 2014 წლიდან მოყოლებული იცავს. ევროლიგის მიმდინარე სეზონში მისი საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 30:24 წუთი, 15.9 ქულა, 5.6 მოხსნა, 2.9 პასი, 1.0 ჩაჭრა.

კომენტარები

ბოლო ამბები