Thumbnail

36 წლის ქართველი მორაგბე დავით ზირაქაშვილი კარიერის ბოლო სეზონს ატარებს და ზაფხულში კლერმონის მაისურით გამოსათხოვარი მატჩი უნდა ჩაეტარებინა, ახლა კი, გაურკვეველი ვითარება შეიქმნა.

მოგეხსენებათ, მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის გამო, ფაქტობრივად, ყველა სპორტული შეჯიბრება შეწყდა და გამონაკლისი არც ფრანგული TOP 14-ია.

შესაძლოა, დათოს კარიერის დასრულება ისე მოუწიოს, რომ მინდორზე ვეღარც გავიდეს, ეს კი, ძალიან გულდასაწყვეტი იქნება.

ზირაქაშვილი კლერმონში 2004 წელს გადაბარგდა და ცნობილ ფრანგულ კლუბს 16 სეზონი მიუძღვნა. ქართველი ბურჯი არსებულ მდგომარეობაზე გულახდილად სწორედ კლერმონელთა ვებ-გვერდს ესაუბრა.

“როდესაც მოქმედი სპორტსმენი ხარ, შეგუებული უნდა იყოს იმას, რომ შესაძლოა, კარიერის არცთუ სასურველი დასასრული გქონდეს. შესაძლოა, დაშავდე ანაც შემადგენლობაში ვეღარ ხვდებოდე, თუმცა, რაც ახლა ხდება, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.

ტრავმის დროსაც კი, გუნდში რჩები, სიტუაციას არ წყდები, ყველა პროცესში, რაც შიგნით მიმდინარეობს, ბოლომდე ჩართული ხარ, პანდემიის დროს კი, ამასაც მოკლებულნი ვართ. მინდოდა, კარიერის ბოლო თვეები განსაკუთრებულად გამეტარებინა, ახლა კი, სრულიად გაუგებარ ვითარებაში ვართ”.

ივნისში, ყველანაირი ლოგიკით, ზირაქაშვილს მშობლიურ Stade Marcel-Michelin-ზე გამოსათხოვარი მატჩი უნდა ჩაეტარებინა, არსებულ ვითარებაში კი, პირველ პლანზე სულ სხვა ამბები გამოვიდა. ამან, ქართველი ლეგიონერის განწყობაზეც იმოქმედა.

“ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ძალიან სამწუხაროა, თუმცა, მე ამას ისე ვიღებ, როგორც მორიგ ცხოვრებისეულ გამოწვევას. უკვე ცხადია, რომ ბევრი რამ შეიცვლება და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.

ბოლო პლანეტარული კრიზისი II მსოფლიოს ომის დროს იყო. მაშინ, ქარხნებმა, სადაც ლურსმნებს უშვებდნენ, ტყვიების წარმოება დაიწყეს. ახლაც, მსგავსი რამ ხდება. პირველ პლანზე სამედიცინო ნიღბები და ანტისეპტიკური ხსნარებია... სირთულეების გადასალახად საყოველთაო სოლიდარიობაა საჭირო”.

ქართველი ვეტერანი კლერმონში მე-16 წელს ატარებს

ზირაქაშვილს ერთიანობის მაგალითად საქართველო მოჰყავს, სადაც კორონავირისთან ბრძოლაში მთელი ქვეყანაა ჩართული. საქართველოს ეკონომიკა საფრანგეთისას ბევრად ჩამორჩება, თუმცა, ჯერჯერობით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

“ჩემს სამშობლოს მწირი ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ამდენად, პანდემიის ჟამს კარგად გათვილილი ნაბიჯების გადადგმა იყო საჭირო. მინდა, სიხარულით აღვნიშნო, რომ ამ დროისთვის კორონავირუსს წარმატებით ვებრძვით.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პანდემია ფაქტობრივად, მხოლოდ ჩინეთში მძვინვარებდა, საქართველომ საჰაერო სივრცე შეზღუდა, უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები კი კარანტინში გადაჰყავდათ. ხალხი თვითიზოლაციის წესებსაც იცავს და ამას შედეგი ნამდვილად მოაქვს”.

საყოველთაო იზოლაციის ჟამს დათოსაც ოჯახთან მეტი დროის გატარება უწევს და ეს, ისაა, რაც მას რთულ პერიოდში დამატებით ენერგიას აძლევს.

“ოჯახი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. შეიძლება, გარეთ ემოციებს ხშირად არ გამოვხატავ, თუმცა, შვილებთან სულ სხვანაირად ვარ. დიდი ხანია, მათთან ერთად ამდენი დროის გატარების საშუალება არ მქონია და ეს, ყველას ძალიან გვახარებს”.

დავით ზირაქაშვილი ფრანგული კლუბის ლეგენდად ითვლება

ყველაფრის მიუხედავად, ქართველ ლეგიონერის იმედი აქვს, რომ სეზონის დასრულება მაინც მოხერხდება. თუკი ეს მართლაც მოხდა, ზირაქაშვილს სურს, სრულ მზადყოფნაში იყოს.

“მთავარია, წონა ვაკონტროლო და ზედმეტი კილოგრამები არ ავკრიფო. ამიტომ, ექიმების ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებ და ზედმეტი საკვების მიღებასაც ვერიდები. სხვა ყველაფრის ანაზღაურება მალევე შეიძლება. 2-3 კვირა ვარჯიშის შემდეგ, კუნთებიც შესაბამის მდგომარეობაში მოვა.

ნამდვილად მინდა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს. 2-3 თვის წინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ივნისში ჩემი კარიერის ბოლო მატჩს ჩავატარებდი. ახლა, უკვე აღარაფერი ვიცი. ძალიან საწყენი იქნება, თუკი ვირუსის გამო ყველაფერი აირევა...”.

დასასრულ, Dicodusport-ის გამოკითხვაზეც ვთქვათ, რომელმაც კლერმონის ყველა დროის საუკეთესო თხუთმეტეული უნდა გაარკვიოს.

გასაკვირი არაა, რომ მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე კანდიდატთა შორის ზირაქაშვილიც მოხვდა და ამ დროისთვის, ის აშკარა ლიდერია.

ქართველ მორაგბეს ხმა უკვე 551 ადამიანმა (85%) მისცა და ის მე-2 ადგილზე მყოფ არგენტინელ მარტინ სკელცოს (50 ხმა, 8 %) საგრძნობი სხვაობით უსწრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები