Thumbnail
  • ზუსტად 7 წლის წინ კობი ბრაიანტმა აქილევსის ტრავმა მიიღო
  • ტრავმა 2-კვირიანმა წარმოუდგენელმა მარათონმა განაპირობა
  • ლეიკერსი კატასტროფის ზღვარზე იყო
  • კობის ამდენი არასდროს უშრომია

12 აპრილი ის დღეა, როდესაც კობი ბრაიანტმა აქილევსის უმძიმესი ტრავმა მიიღო. ამ ტრავმას და მისი დაძლევის ამბავს კობის განუმეორებელ კარიერაში განსაკუთრებული ადგილი აქვს. ეს კარგად ნაცნობი ამბავია. ნაკლებად ცნობილია მთელი ის გზა, რომელიც კობიმ 12 აპრილის საბედისწერო დღემდე გაიარა.

ამ ამბავზე დიდი ხანია მინდოდა დამეწერა, თუმცა ვფიქრობ, რომ ESPN-ის სტატია ყველაზე სრულყოფილად გადმოსცემს, თუ როგორ იქმნებოდა კობის ლეგენდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავი. ჩვენ ამ სტატიის ადაპტირებულ თარგმანს გთავაზობთ.

ძალიან დაღლილი კობი ბრაიანტი

‘ანტუან ჯემისონს ეშინოდა თავისი თანაგუნდელის გამო, რომელიც გასახდელში მისგან მარჯვნივ იჯდა - ფეხებით ყინულებიან წყალში, მუხლებზეც ყინულები. NBA-ში გატარებული 14 წლის მანძილზე ჯემისონს ასე დაღლილი არავინ უნახავს. ‘34 წლის კაცი 105 წლის მოხუც ქალს გავდა’ - იხსენებს ჯემისონი. ისეთი დაღლილი იყო, რომ როცა ვკითხე ‘კარგად ხარ, ძმაო?’, პასუხიც ვერ გამცა. ამ დროისთვის მას ლიგაში 54 000 წუთი ჰქონდა ნათამაშები, 6000-ით მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა მოთამაშეს.

სხვებიც შეშინებულები იყვნენ. ‘ჩვენ ის როგორმე უნდა დავიცვათ’ - ეხვეწებოდა მწვრთნელებს დუაიტ ჰოვარდი. მწვრთნელები თავისას ცდილობდნენ. ‘ცოტა ხნით მაინც უნდა გამოხვიდე’ - ევედრებოდა მთავარი მწვრთნელი მაიკ დ'ანტონი ყოველი პირველი მეოთხედის ბოლო წუთებში. მაგრამ, ყოველთვის ერთსა და იმავე პასუხს იღებდა: ‘მე თვითონ გეტყვი, როცა დასვენება დამჭირდება.’

კობი და მაიკ დ,ანტონი

ანტუან ჯემისონი ამ სცენას ყოველი თამაშის შემდეგ უყურებდა. მან იცოდა, რომ ასე გაგრძელება ფიზიკურად შეუძლებელი იყო და ეს ყველაფერი ცუდად დამთავრდებოდა.

საკრამენტო V ლეიკერსი, 2013 წლის 30 მარტი

მეორე მეოთხედი იწყებოდა და ლეიკერსი აუტსაიდერ საკრამენტოსთან 12 ქულას აგებდა. დ'ანტონი კობის ეხვეწებოდა: ‘1 წუთი მაინც დაისვენე’. კობის პასუხი ტრადიციული იყო: ‘არა! დღეს 48 წუთს ვითამაშებ.’

თითქმის ასეც გამოვიდა, მან 47 წუთი და 37 წამი გაატარა პარკეტზე, მიუხედავად გაჭიმული მუხლისა და ძვლის ტრავმისა. ლეიკერსმა მძიმე ბრძოლაში მოიგო (103:98). ძვალი მარცხენა ფეხში ისეთ დღეში იყო, რომ ორი დღის წინ, მილუოკისთან თამაშის შემდეგ კობის ყავარჯნები დასჭირდა.

ბრაიანტი თამაშის შემდეგ: ‘ხანდახან ნებისყოფა უნდა მოიშველიო. ახლა დასვენების დრო არ არის.’

საკრამენტოსთან გამარჯვების შემდეგ, რეგულარულის დასრულებამდე კიდევ 8 თამაში იყო დარჩენილი. ლეიკერსი მერვე, ბოლო საპლეიოფო ადგილისთვის ბრძოლაში იუტას ჩამორჩებოდა და ყველა თამაში უნდა მოეგო იმისთვის, რომ მის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ქაოტური სეზონი გადაერჩინა.

მას შემდეგ, რაც კალიფორნიელებმა სეზონის წინ ორგზის MVP სტივ ნეში და სამგზის წლის საუკეთესო დაცვითი მოთამაშე დუაიტ ჰოვარდი დაიმატეს, ისინი ჩემპიონატის ფავორიტებად მიიჩნეოდნენ. მათ სასტარტო შემადგენლობას - სტივ ნეში, კობი ბრაიანტი, რონ არტესტი, პაუ გასოლი, დუაიტ ჰოვარდი - ერთად 33 ოლ სტარი ჰქონდა ნათამაშები. მათთან ერთად, ლეიკერსს ლიგაში ყველაზე დიდი სახელფასო ბიუჯეტი ჰქონდა, 100 მილიონამდე წელიწადში. ქაღალდზე ეს სუპერგუნდი იყო.

ყველაფერი პირიქით გამოვიდა. ლეიკერსმა მთავარი მწვრთნელი მაიკ ბრაუნი სეზონის სტარტიდან ხუთი თამაშის შემდეგ გააგდო. იანვარში გუნდს თამაშების ნახევარზე ბევრად მეტი წაგებული ჰქონდა. როდესაც ბრაუნი მაიკ დ'ანტონიმ შეცვალა, სიტუაცია კიდევ უფრო ქაოტური გახდა.

რობერტ საკრე, ლეიკერსის ცენტრი: ‘ეს ყველაფერი პანიკას გავდა, მასობრივი ისტერია იყო.’

პლეი ოფში ვერგასვლა კატასტროფა იქნებოდა. ამ გუნდს სამუდამოდ შერჩებოდა კალათბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი იმედგაცრუების სახელი. სეზონის დასრულებამდე ერთი თვით ადრე კობი ბრაიანტმა ყველას გარანტია მისცა, რომ ლეიკერსი აუცილებლად გავიდოდა პლეი ოფში!

კობი ბრაიანტი: ‘ყველამ, მათ შორის ჩემმა თანაგუნდელებმა უნდა გაიგონ - ეს არ არის ამბავი, რომელიც ან გამოვა, ან არა. არა! ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ!’

კობი ამბობდა, რომ სახალხოდ მიცემული გარანტია მასზე ზეწოლას კიდევ უფრო ზრდიდა: ‘მე მიყვარს ეს სტრესი. ეს მე მიბიძგებს იმ სიმაღლისკენ, სადაც ჯერ არ ვყოფილვარ, თუნდაც მთელი ჩემი კარიერის მანძილზე.’

ყველაფერი განსხვავებულია

კობი გაფართოებული თვალებით ხსნიდა, რატომ იყო ეს ყველაფერი განსხვავებული: ‘ღამეში ხუთ საათს ვუნდებოდი მოწინააღმდეგეების ვიდეოზე შესწავლას, თითოეული მათგანის, თითოეული მათი მოძრაობის. მინდოდა, რომ პარკეტზე ყველაფერი მეკონტროლებინა.’

8 თამაში იყო დარჩენილი და კობი თითოეული მეტოქის ბოლო ხუთ თამაშს უყურებდა. ყველაფერს სწავლობდა მოწინააღმდეგეებზე.

ბრაიანტი იმდენად შეპყრობილი იყო მოწინააღმდეგეების და თანაგუნდელების შესწავლით, რომ მისთვის იმ პერიოდში კალათბურთი ჭადრაკივით თამაში გახდა, როდესაც იგი უბრალოდ დაფაზე ალაგებდა ფიგურებს.

კობი: ‘პლეი ოფში უნდა გავსულიყავით. იძულებული ვიყავი, ყველაფერი ჩემს თავზე ამეღო. ვკარნახობდი თითოეულ შეტევას, თითოეულ პოზიციას, სად უნდა დამდგარიყვნენ პარკეტზე, ვხელმძღვანელობდი მთელ დაცვას.'

მაიკ დ'ანტონი

ყველა პოზიციას კარნახობდა! მაიკ დ'ანტონის წლების შემდეგ არაფერი აქვს სათქმელი აქვს ამ თემაზე და კომენტარს თავს არიდებს.

ლეიკერსი V დალასი, 2 აპრილი, 2013 წელი

3 დღის შემდეგ, დ'ანტონი და კობი ისევ სათამაშო დროზე დავობენ. უფრო სწორად, ეს დავა ნაკლებადაა - კობი მწვრთნელს თავის პირობებს კარნახობს. ამჯერად, დ'ანტონის უფრო ესმის კობის, რადგან ამ თამაშს ნაციონალური ტელევიზია გადასცემს. ეს ნიშნავს, რომ უფრო გრძელი ტაიმაუტები იქნება, უფრო დიდი პაუზები და კობი დასვენებისთვის ძვირფას წუთებს და წამებს მიიღებს.

ლეიკერსი მთლიანად კობის დასვენებაზეა კონცენტრირებული. ტაიმაუტების და პაუზების დროს კობი ყოველთვის უკანასკნელია, ვინც სკამიდან დგება. ექიმები, მასაჟისტები მუდამ თავს ახვევიან. კობი უფრო მეტად მოკრივეს გავს, რომელიც ყოველი რაუნდის შემდეგ უფრო და უფრო ცუდ კონდიციაშია და რამე უნდა უშველო, რათა ადგომა შეძლოს. მას ძალიან ბევრი მკურნალობა სჭირდება, თუნდაც იმისთვის, რომ ფეხზე დადგეს.

პროცედურები პირდაპირ თამაშის დროს

შესვენებაზე ლეიკერსი 55:40-ს იგებს და კობი ბოლოა, რომელიც გასახდელიდან გამოდის, ბოლო წამამდე ის პროცედურებს იღებს. მან თამაში 23 ქულით და სამმაგი დუბლით დაასრულა და პირველი 47 წუთი შეუსვენებლად ითამაშა. ბოლო 2 თამაშში მას მხოლოდ 79 წამიანი დასვენება ჰქონდა.

თამაშებს შორის ის უკვე აღარ ვარჯიშობს, აღარც ისვრის, მხოლოდ მასაჟს და თერაპიას იკეთებს და ცდილობს, როგორმე ტრავმები დაიწყნაროს, რათა მეორე დღეს პარკეტზე გასვლა შეძლოს.

ჩვეულებრივ, კობი თამაშის წინ 250 სროლას ასრულებს - ეს მისი გახურებაა. ამჯერად მან ამაზეც უარი თქვა. თამაშებს შორის მხოლოდ მკურნალობის, პროცედურების და დასვენების დრო რჩება. მთავარია თამაშისთვის ჰქონდეს ენერგია.

დალასის დამარცხების შემდეგ ლეიკერსი ორი დღე ისვენებს და შემდეგ, სამ დღეში ორი თამაში აქვს.

მაიკ დ'ანტონი: ‘არ ვკამათობ, რასაც ის აკეთებს, ეს არანორმალურია. ამის შესახებ ყველა თამაშის წინ ვლაპარაკობთ. ლეიკერსის მენეჯერს, მიჩ კაპჩაკსაც ვუთხარი, რომ კობი ასე უბრალოდ ვერ შეძლებს გაგრძელებას. თუმცა მას ვერავინ გადაათქმევინებს. ვცადეთ და ის ყოველთვის გვეუბნება, რომ თვითონ გვეტყვის, თუ დასვენება დასჭირდა. კაპჩაკმა ისიც მითხრა, რომ თუკი კობი სხვა მწვრთნელებს არ აძლევდა მისი შეცვლის უფლებას, არც მე მომცემდა.’

კობი სამწვრთნელო შტაბს თავისი მდგომარეობის შესახებ არაფერს ეუბნებოდა, მაგრამ თანაგუნდელებმა ყველაფერი იცოდნენ.

პაუ გასოლი: ‘ჩვენ ყველამ ვიცოდით, თუ რამდენს შრომობდა ის, რამდენად მოტივირებული იყო და რამდენს თამაშობდა. ისიც ვიცოდით, რომ ეს არ იყო კარგი იდეა.’

კობი: ‘არაფერს ყურადღებას არ ვაქცევდი. ერთადერთი მიზანი მქონდა - ჩემი გუნდი პლეი ოფში გამეყვანა.’

დარიუშ მორისი, ლეიკერსის გარდი: ‘მასზე ამბობენ, რომ ჯიუტია. მაგრამ მთელი ამ წლების მანძილზე სწორედ მისმა სიჯიუტემ მიიყვანა ის სიდიადემდე. როცა კობი ბრაიანტი ხარ, ეს შენი წყევლაც არის და ტალანტიც.’

ლეიკერსი V მემფისი, 5 აპრილი, 2013 წელი

‘უღმერთოდ დაღლილი ვარ’ - ამბობდა კობი მემფისთან დაძაბულ ბრძოლაში (86:84) გამარჯვების შემდეგ. მას 24 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა, 43 წუთი ითამაშა. მეოთხე მეოთხედში დ'ანტონის 3 წუთი დასვენება სთხოვა, თუმცა დაბრუნების შემდეგაც ფეხებს ვეღარ გრძნობდა და ბოლო 6-დან 5 სროლა ააცილა. ბოლო სამ თამაშში კობის 144-დან 137 წუთი ჰქონდა ნათამაშები.

პაუ გასოლი: ‘მის გამო შეშფოთებული ვარ. მაგრამ ის ჩვენ პარკეტზე გვჭირდება.’ ლეიკერსი დილემის წინაშე დგას - იციან, რომ კობის დასვენება სჭირდება, მაგრამ ისიც იციან, რომ მათ კობი სჭირდებათ გამარჯვებისთვის. სჭირდებათ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე.

ლეიკერსი V კლიპერსი 7 აპრილი, 2013 წელი

კობის თავისი კარიერის 16 სეზონიდან 15-ჯერ პლეი ოფში აქვს ნათამაშები. ლეიკერსი ამ წელსაც იუტას 1 თამაშით ასწრებს. ნეში და რონ არტესტი ტრავმირებულები არიან და დ'ანტონი სეზონის ბოლო თამაშებში როტაციას 7 კაცამდე ამცირებს. უფრო ახალგაზრდა და გრძელი სკამის მქონე კლიპერსთან ლეიკერსი 109:95 დამარცხდა.

კობის 25 ქულა და 10 პასი ჰქონდა, თუმცა 19-დან მხოლოდ 6 ჩააგდო. ამ თამაშშიც მან მხოლოდ 39 წამი დაისვენა. იუტა ლეიკერსს დაეწია და კალიფორნიელები მეცხრე ადგილზე აღმოჩნდნენ.

კობი: ‘ბარძაყის კუნთები ძალიან დაჭიმული მაქვს. ძალიან მტკივა. ვერც ვშლი ფეხს. სახლში სპეციალური ოთახი მაქვს და იქ ყინულის აბაზანას მივიღებ. შემდეგ სამი ხელი ტანსაცმელი უნდა ჩავიცვა, რათა დამეძინოს, რადგან ყინულის აბაზანის შემდეგ სულ ვკანკალებ. არაუშავს, ეს მჭირდება, რომ ენერგია სწრაფად აღვიდგინო.’

ლეიკერსი V შარლოტი, 9 აპრილი, 2013 წელი

სამი მეოთხედის შემდეგ, ლეიკერსი აუტსაიდერ შარლოტს ვერ უგებს. მათ იციან, რომ იუტამ უკვე წააგო და მოგება აუცილებლად სჭირდებათ. კობის სამ მეოთხედში მხოლოდ 7 ქულა აქვს, თუმცა მეოთხე მეოთხედში მან თავისი გუნდის 34-დან 23 ქულა ჩააგდო და ლეიკერსმა 104:96 გაიმარჯვა.

მაგრამ კალიფორნიელებს ორ დღეში ზედიზედ ორი თამაში ელით და კობიმ პირველივეში უკვე 41 წუთი ითამაშა. ‘არადა წელს იოლი სეზონი უნდა მქონოდა’ - ამბობს კობი თამაშის შემდეგ.

ეს ხუთეული ჩემპიონობისთვის შეიქმნა - ყველა ასე ფიქრობდა. სინამდვილეში, სეზონი ჰოლივუდის მასშტაბის კატასტროფად იქცა. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებდა კობის და დუაიტ ჰოვარდს შორის დაძაბული ურთიერთობა.

კობი ჰოვარდს სიზარმაცესა და გამბედაობის არქონაში ადანაშაულებდა

ანტუან ჯემისონი: ‘ორთავა მონსტრს არ შეიძლება ერთად ეარსება და ამან მთელ გუნდზე ცუდი გავლენა იქონია.’

პორტლენდი V ლეიკერსი, 10 აპრილი, 2013 წელი

ოთხი თამაში დარჩა. სასწაული ხდება და ყველაფერი ისევ ლეიკერსის ხელშია. მათ ოთხიდან ოთხი მოგება სჭირდებათ და პლეი ოფში არიან. თუმცა, რთული ტესტი ელით. ამ სეზონში მათ არამხოლოდ 15-დან 15-ვე ზედიზედ (BACK-TO-BACK) თამაში წააგეს, არამედ პორტლენდში ბოლო 14-დან 12 მარცხი აქვთ.

დემიენ ლილარდმა პირველივე მეოთხედში 17 ქულა ჩააგდო, თუმცა კობიმ თავის 17 ქულით უპასუხა. ჯამში ბრაიანტს სეზონის საუკეთესო შედეგი 47 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი, 4 ბლოკი და 3 ჩაჭრა ჰქონდა. ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა. მატჩის მიწურულს ტრიბუნები MVP-ს სკანდირებდნენ. ლეიკერსმა 113:106 მოიგო. ეს იყო კობის კლასიკური Hero Ball - ანუ გმირული კალათბურთი.

კობი: ‘ამ სიტუაციაში არ ეძებ თავის გასამართლებელ მიზეზებს. არ ელოდები ვინმეს, რომ თამაში წაიყვანოს. თამაშს შენ თავზე იღებ.’ პირველად თავის კარიერაში კობიმ 48 წუთი სრულად ითამაშა.

მაიკ დ'ანტონი: ‘ასე ხდება, როდესაც სახალხოდ იძლევი პლეი ოფში თამაშის გარანტიას.’

პროცედურების შემდეგ კობი ბოლო გადის გასახდელიდან და ბოლო ადის თვითმფრინავში. მორისი, რომელიც კობის გვერდზე ზის, ამჩნევს, რომ მას დაჯდომაც კი უჭირს.

სახლში იგი ღამის 2 საათზე ბრუნდება, 30 წუთი გაწელვა აქვს და შემდეგ ყინულის აბაზანებს იღებს. ამჩნევს, რომ აქილევსი გაჭიმული აქვს.

კობი და გარი ვიტი

გარი ვიტი, ლეიკერსის ფიზმომზადების მწვრთნელი: ‘კობი ასეთია. სწორედ ეს ხდის მას დიად კობი ბრაიანტად. ის არ არის ყველაზე ნიჭიერი მოთამაშე. ამას თავადაც დაგიდასტურებთ. მაგრამ მას სხვა რაღაცები აქვს. ტრეისი მაკგრეიდი კობიზე ნიჭიერი იყო და ისინი ერთ თაობას წარმოადგენენ. მაგრამ, არის რაღაცები, რაც კობის მთელი დანარჩენი სამყაროსგან გამოარჩევს. არ ვფიქრობ, რომ მისი შეჩერება ვინმეს შეუძლია. მგონია, რომ თვით იესო ქრისტეც რომ დაეშვას დედამიწაზე და უთხრას: ‘კობი, შენ ამას ვერ შეძლებ,’ ის უპასუხებს: ‘მოდი შენ წყლის ღვინოდ ქცევას და მიცვალებულების გაცოცხლებას მიხედე და კალათბურთის ამბები მე მომანდე.’

ლეიკერსი V გოლდენ სტეიტი, 12 აპრილი, 2013 წელი

როცა უკან იხედები, ხვდები, რომ ამის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. კობი ბრაიანტის, გლადიატორი კობი ბრაიანტის, ტყვიაგამძლე, მონომანიაკი კობი ბრაიანტის ბოლო თამაში ასეთი მომენტებით იყო სავსე.

მესამე მეოთხედის დასაწყისია, გოლდენ სტეიტი 1 ქულას იგებს, კობი სამწამიანში შედის და ფესტუს ეზელსა და ჰარისონ ბარნსს შორის ხვდება, ძირს ეცემა და ხელს მუხლზე იკიდებს. თანაგუნდელები იქვე არიან, პუბლიკა ჩუმდება. ვიტი მასთან მიდის, კობი დგება და ნელ-ნელა ტკივილით იწყებს სიარულს. თამაშში რჩება და ჯარიმებსაც ისვრის.

ოთხი წუთის შემდეგ გოლდენ სტეიტი 7 ქულას იგებს და კობი ეზელის მუხლებით ეჯახება. ჩანს, რომ ძალიან სტკივა. პუბლიკა ისევ ჩუმდება. დარიუშ მორისი სკამზე ამბობს: ‘ეს კაცი დაიშლება. უნდა გამოვიყვანოთ.’

გარი ვიტი: ‘ვუთხარი, უკვე ორჯერ დავარდი. უნდა გაგიყვანოთ. ის უარის ნიშნად თავს აქნევს.’

თამაშის დასრულებამდე 3 წუთი დარჩა, გოლდენ სტეიტი 2 ქულას იგებს, კობის უკვე 45 წუთი აქვს შეუსვენებლივ ნათამაშები. ის ჰარისონ ბარნსის წინააღმდეგ მოძრაობას იწყებს და ვარდება. გრძნობს ტკივილს მარცხენა ფეხში და ბარნსს ეკითხება: ‘შენ მომარტყი?’ ბარნსი უარის ნიშნად თავს აქნევს. კობი ქუსლში, იქ სადაც აქილევსის მყესია, ტკივილს გრძნობს. და შემდეგ ყველაზე ბრაინტულ რამეს აკეთებს: ცდილობს მყესი თითებით ისევ უკან შეწიოს.

კობი გაწყვეტილი მყესის შიგნით შეწევას ცდილობს

‘დროის მოგება მინდოდა. მინდოდა გამერკვია, როგორ შემეძლო თამაშის გაგრძელება. იქნებ მარტო ქუსლზე სიარული მომეხერხებინა. ამდენი ვიშრომე, რომ აქამდე მოგვეღწია და ახლა ამ თამაშის წაგება არ გამოდიოდა. მთელი შრომა წყალში იყრებოდა. ვცადე, ჩემი საქმე დამემთავრებინა’ - იხსენებდა კობი სიცილით.

სეტო, მისი პირადი მწვრთნელი: ‘ის ყოველთვის ახერხებდა, რომ ეპოვა გამოსავალი. ეპოვა გზა, გადაელახა პრობლემები და გამოწვევები, მაგრამ ამჯერად ეს შეუძლებელი იყო.’

სეტო, რომელიც კობის თითქმის მთელი კარიერის მანძილზე იცნობდა, ამბობს, რომ მას არასოდეს ჰქონია ისეთი სახის გამომეტყველება როგორც მაშინ, როცა ის ვარდნის შემდეგ სკამისკენ მიდიოდა.

‘ეს იყო მომენტი, როდესაც თითქოს კობი ბრძოლაში კვდებოდა. ცალ ხელში ხმალით, მეორე ხელში ფარით, გლადიატორივით. მან ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო - 50 მეომარი მოკლა, 20 მხეცი, მაგრამ ბოლოს მოუწია, აღიარება, რომ თვითონაც მოკვდავია.’

კობი პარკეტზე რჩება, წარმოუდგენელია, მაგრამ ორ საჯარიმოს ისვრის და აგდებს. როცა გასახდელისკენ მიდის რობერტ საკრე მას დახმარებას სთავაზობს: ‘არა, არ მჭირდება’ - იღებს პასუხს’. კობი გასახდელში დამოუკიდებლად შედის.

გასახდელში ჯერ ისევ სათამაშო ფორმაში ტომსონის ტესტს იკეთებს. ვიტი და გუნდის სხვა ექიმებიც იქ არიან. ტესტი მარტივია და შედეგიც მალევე ჩანს - აქილევსის მყესი გაწყდა! ოთახში ყველა დუმს.

გარი ვიტი: ‘სულ ცოტა ხნით, პირველად ჩემს ცხოვრებაში მის სახეზე ეჭვი დავინახე, არა დამარცხება, არამედ ეჭვი. ‘

კობი: ‘აქილევსის გაწყვეტა ის ტრავმაა, რომელსაც სპორტში ნებისმიერი ათლეტი უფრთხის. რეაბილიტაციას დიდი დრო სჭირდება და დაბრუნება რომც შეძლო, ის მოთამაშე აღარ ხარ, რომელიც ტრავმამდე იყავი. მე ეს უნდა შევძლო. არც ვიცი, თუ შემიძლია, ახლა უღმერთოდ დაღლილი ვარ.'

გასახდელში კობის ოჯახი შემოდის. მისი შვილები ტირიან. ოპერაცია მეორე დილას იგეგმება.

ლეიკერსის მოთამაშეებმა ბრაიანტის ტრავმის შესახებ თამაშის დასრულებამდე იციან. ლეიკერსმა თამაში 2 ქულით მოიგო, ეს მათი მე-6 გამარჯვებაა ბოლო 7 თამაშში. ისინი გასახდელში იმ განწყობით, ბრუნდებიან, რომ შესაძლოა, მათ კობის ბოლო თამაში ნახეს.

ჰემი: ‘ ისეთი განცდა იყო, თითქოს ეპოქა დასრულდა.’ მორისი გაბრაზებით ამბობს: ‘რამე უნდა გვექნა და ეს თავიდან უნდა აგვეცილებინა.’

კობი გასახდელიდან ყავარჯნებით გამოდის, თვალები ცრემლებისგან ისევ წითელი აქვს, სულ ერთი წამით ჩერდება გასახდელის კედელზე გაკეთებულ წარწერასთან, რომელიც მაიკ ბრაუნმა, ლეიკერსის ყოფილმა მწვრთნელმა და სან ანტონიოში გრეგ პოპოვიჩის ყოფილმა ასისტენტმა სპურსიდან მოიტანა: ‘როცა ქვისმთლელი ქვას ჩაქუჩს ურტყამს, შესაძლოა, 100 დარტყმა უშედეგო აღმოჩნდეს და ქვა მხოლოდ 101-ემ გააპოს შუაზე, მაგრამ მე ვიცი, რომ ქვა არა ბოლომ, არამედ ყველა იმ დარტყმამ გატეხა, რომელიც იქამდე იყო.’

ეს წარწერა სან ანტონიოს ფილოსოფიის ნაწილია. ახლა, როცა კობი მის წინ იდგა, შეუძლებელია არ იფიქრო, რომ მისი აქილევსის მყესი სწორედ ის ქვა იყო, რომელიც არა იმ ბოლო ნაბიჯმა, არამედ იმ შვიდთამაშიანმა მარათონმა ორად გაგლიჯა.

ის არაფერს ნანობს

ლეიკერსმა კობის გარეშე დარჩენილი ორი თამაში მოიგო. სეზონის მეორე ნახევარში, ბოლო 40 თამაშში კალიფორნიელებს 28 მოგება და მხოლოდ 12 მარცხი ჰქონდათ - ეს იყო მეორე საუკეთესო შედეგი NBA-ში.

პლეი ოფის პირველივე სერიაში სან ანტონიომ ლეიკერსი 4:0 გაანადგურა, ისე რომ საშუალოდ თამაშებს 19 ქულის სხვაობით იგებდა. კობი მეოთხე თამაშზე, სტეიპლს ცენტრში ყავარჯნებით მოვიდა. ის ლეიკერსის სკამის უკან იჯდა.

‘მეტ, გახსოვს რა თამაშები ჩავატარე?!’ - ეკითხებოდა კობი ხანდახან რონ არტესტს, მეორე ცხოვრებაში მეტა უორლდ ფისად წოდებულს. ამ 7 თამაშში იგი საშუალოდ 28.9 ქულას აგროვებდა, 8.4 პასი და 7.3 მოხსნა ჰქონდა და 45.6 წუთს თამაშობდა.

‘ცხოვრებაში არასოდეს მიშრომია ასე მაგრად’ - ამბობს ის.

ჯამში მან 7 თამაშში 336-დან 319 წუთი და 45 წამი ითამაშა. NBA-ს ისტორიაში მხოლოდ ერთ მოთამაშეს რეი მაკკალუმს აქვს 7 თამაშიან მონაკვეთში უფრო მეტი - 320 წუთი - ნათამაშები. ლეიკერსის გასახდელში კობის ტრავმის შემდეგ კითხვები ისევ რჩება.

მაიკ დ'ანტონი: ‘ეს უნიკალური სიტუაცია იყო. მაგრამ თვითონ ისიც უნიკალური მოთამაშეა. სწორედ ამიტომ, ზოგიერთი სიძლიერე ამავე დროს სისუსტესაც ნიშნავს. შეუძლებელია, მის ნებას წინ აღუდგე. ის თავისი ძალით, თავისი ნებით ყველას და ყველაფერს დაიმორჩილებს: მთელ თამაშს, მეტოქეებს, გუნდელებს, მთელ კლუბს.’

კობიმ, ჰოვარდმა, ნეშმა, გასოლმა და არტესტმა ამ სეზონში ერთად მხოლოდ 7 თამაში ითამაშეს და ყველა წააგეს. ჰოვარდმა ლოს ანჯელესი იმ ზაფხულშივე დატოვა, გასოლმა - შემდეგ წელს. კობი აქილევსის ტრავმიდან დაბრუნდა, თუმცა კიდევ ერთი მძიმე ტრავმა მიიღო. ამ ტრავმების შემდეგ ის ისევ იგივე მოთამაშე აღარ ყოფილა.

 კიდევ ერთი მძიმე ტრავმა შემდეგ სეზონში - ამჯერად ჯვარედინი იოგები

მაგრამ კობი ამბობდა, რომ ის არაფერს შეცვლიდა: ‘მჯერა, რომ როდესაც გამოწვევის წინაშე დგახარ, ბოლომდე უნდა დაიხარჯო, იქამდე, სანამ არ ნახავ, რა არის შენი შესაძლებლობების ზღვარი; სანამ არ ნახავ, რა შეგიძლია და რა არ შეგიძლია. ხანდახან, როცა ასე იხარჯები, შეიძლება გატყდე კიდეც. მაგრამ მხოლოდ ამ დროს ხედავ, რისგან ხარ გაკეთებული, რა მასალის კაცი ხარ. შემდეგ შენი თავი თვითონვე თავიდან უნდა ააშენო. ჩემს თავს არასოდეს ვაპატიებდი, პლეი ოფში რომ ვერ გავსულიყავით. ასე ძალიან რომ არ მომენდომებინა, ამდენი რომ არ გამეღო, არასოდეს მეცოდინებოდა, სად გადის ჩემი შესაძლებლობების ზღვარი. ამას ჩემს თავს არასოდეს ვაპატიებდი.

📋 მომზადებულია ESPN-ის სტატიის მიხედვით

კომენტარები

ბოლო ამბები