Thumbnail

'მითხრა, რომ ყირამალა სიარულს სწავლობს' - ბეჟანიშვილი იზოლაციაშიც გამორჩეულია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ამერიკული ტელეარხი WCIA ილინოისის ქართველ კალათბურთელ გიორგი ბეჟანიშვილს შეეხმიანა და გამოკითხა კორონავირუსის გამო იძულებითი თვითიზოლაციისას, დროს როგორ ატარებს.

ქართველი ლეგიონერი რესპონდენტად შემთხვევით არ შეურჩევიათ. ის სოციალურ მედიაში ძალიან აქტიურია და სახალისო ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს. განსაკუთრებით პოპულარული ის ჩართვებია, როდესაც გიორგი საცეკვაო ილეთებს გვიჩვენებს. ეს, გასაკვირი არაა, რადგანაც ბეჟანიშვილი ბავშვობაში ცეკვაზე დადიოდა და ამ მხრივ, ნამდვილად გამორჩეულია.

“მსოფლიოში რთული ვითარებაა შექმნილი, თუმცა, კარგია, როდესაც ასეთ სიტუაციაშიც კი მხიარულებას ინარჩუნებთ და ადამიანების კარგ ხასიათზე დაყენებასაც ახერხებთ. სხვებსაც მოვუწოდებ, ყოველდღიურობას მოწყდნენ და რაიმე განსაკუთრებული აკეთონ".

იმას, რომ ბეჟანიშვილთან ურთიერთობა განსაკუთრებით სასიამოვნოა, ილინოისელთა მთავარი მწვრთნელი ბრედ ანდერვუდიც ადასტურებს:

“გიორგის ყველა კარგად ვიცნობთ და ვიცით, რომ მას გართობისთვის ბევრი რამ არ სჭირდება. ამასწინათ მითხრა, რომ ყირამალა სიარულს სწავლობს და აზიდვებიც ასე უნდა აკეთოს, როდესაც თავზე დგას. მგონი, ამ შემთხვევაშიც ყველაფერი გამოსდის”.

გიორგი იმ იშვიათ სპორტსმენთა რიცხვშია, რომლებიც ძველებურად საუნივერსიტეტო კამპუსში ცხოვრობენ.

ამერიკელი მოთამაშების უმეტესობამ სახლს მიაშურა, ქართველ კალათბურთელს კი, ევროპასთან შეზღუდული საჰაერო კავშირების გამო, პრობლემები შეექმნა.

გიორგი ბეჟანიშვილი ძმასთან ერთად

სამაგიეროდ, ის ოჯახის წევრებს დღეში რამდენჯერმე ესაუბრება.

“ეს, ჩემთვის ნამდვილი გამოწვევა იყო, ცოტა გამიჭირდა, თუმცა, ჩემი ძმისგან ბევრი რჩევა მივიღე და ამან დიდი დახმარება გამიწია.

თვითიზოლაციის დროს, ერთი პლიუსი ისაა, რომ დასვენებისთვის გაცილებით მეტი დრო მაქვს. შემიძლია, უბრალოდ, მოვდუნდე, მუსიკას ვუსმინო და მშვიდად ვიყო”.

დასვენება კი ნამდვილად საჭიროა იმ რთული საწვრთნელი პროცესის შემდეგ, რაც გიორგიმ გაიარა.

ილინოისმა ვარჯიში ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში დაიწყო, როდესაც ტურნეზე იტალიაში იმყოფებოდა, მას მერე კი, პანდემიის გამო, NCAA-ს სეზონის შეწყვეტამდე, მუდმივად საქმეში იყო.

“ნამდვილად გულდასაწყვეტი ამბავი მოხდა. ახლაც ძალიან განვიცდი, რადგანაც სეზონის გადამწყვეტ ნაწილს ველოდებოდით. თუმცა, მსოფლიო უდიდესი პრობლემის წინაშე დგას და ამ დროს კალათბურთიც უკანა პლანზე გადადის. ეს, ყველამ უნდა გავითავისოთ”.

კომენტარები

ბოლო ამბები