Thumbnail

'როდესაც ვსვამ, უკეთ გამომდის' - გალაქტიკური საუბრები რონალდოსთან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბრაზილიელი ლეგენდის ინსტაგრამ-ჩართვამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია
  • მადრიდის რეალის ექს-ვარსკვლავებმა ერთად გატარებული დრო გაიხსენეს

კორონავირუსით გამოწვეული კარანტინის პერიოდში სოციალურ ქსელში ლაივ-ტრანსლაციები უფრო მეტად პოპულარული გახდა. ამჯერად, საქმეში ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდოც ჩაერთო, რომელმაც ინსტაგრამ-ლაივის საოცარი შემადგენლობით ყველა უწინდელი ჩართვა გადაფარა.

რონალდომ ძველ ამბებზე მადრიდულ გრანდში ექს-თანაგუნდელებთან - დევიდ ბექჰემთან, ლუიშ ფიგუსთან, რობერტო კარლოსთანა და იკერ კასილასთან ისაუბრა. შემთხვევითი არ ყოფილა, რომ იმ ვარსკვლავურ რეალს "გალაქტიკოსს" უწოდებდნენ.

ბექჰემთან საუბარი ბრაზილიელის სასაცილო ინგლისურის განხილვით დაიწყო.

“კი, ინგლისურად ისევ ცუდად ვსაუბრობ. როდესაც ვსვამ, მგონი, ცოტა უკეთ გამომდის, თუმცა, კარანტინში სასმელს არ ვიღებ”.

ბრაზილიელმა ისიც დასძინა, რომ სპორტული კუთხითაც დიდად ვეღარ იტვირთება.

“ტრავმების გამო, ფეხბურთს ფაქტობრივად, ვეღარ ვთამაშობ. თუკი მაინც ვცდი, დიდი შანსია, მაშინვე რაღაც მოვიტეხო. ახლა, ჩემი საყვარელი სპორტი ჩოგბურთია”.

საუბრისას ექს-ვარსკვლავებმა ისიც გაიხსენეს, რომ მადრიდის რეალში ბექჰემი უფრო პორტუგალიურად მოსაუბრე ფეხბურთელებთან ახლობლობდა.

“მახსოვს, შენ თუ რობერტო კარლოსმა მითხარით: შენ ერთადერთი ინგლისელი ხარ, ვინც ბრაზილიაში თამაშს შესძლებდა. მე უარზე ვიყავი, რადგანაც, ვთვლი, რომ ბრაზილიელები მსოფლიოში საუკეთესონი არიან”.

ცხადია, დევიდს თავდამბლობა მიეძალა, თორემ ის სხვებზე ნაკლები არ ყოფილა. რეალში მას ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი აქვს მოგებული.

კომპლიმენტი არ დაუმადლებია რონალდოსაც.

“შენ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი ხარ! ბურთის ზუსტად იქ ჩაგდება შეგეძლო, სადაც მოისურვებდი. მახსოვს, არც ვიხედებოდი, გავრბოდი და ვიცოდი, რომ პასი აუცილებლად მომივიდოდა”.

შემდეგი ჩართვა კასილასთან იყო, რომელსაც მადრიდულ გრანდში თითქმის 20 წელი (1997-2016) აქვს გატარებული და კლუბის ლეგენდად ითვლება.

იკერს გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და მისი სიცოცხლეც კი საფრთხის ქვეშ იყო.

“გამიმართლა, რომ ეს ყველაფერი საწვრთნელ მოედანზე მოხდა – სიკვდილისგან ამან მიხსნა. პორტუს ექიმებმა გადამარჩინეს. შეტევა რომ სხვაგან მომსვლოდა, ახლა, შენ ნამდვილად ვეღარ დაგელაპარაკებოდი”.

რონალდოს იკერის მდგომარეობის გაგება არ გასჭირვებია. მისი კარიერის დიდი ნაწილიც ხომ ტრავმებმა შეიწირეს.

“ტრავმებთან ბრძოლას დიდი ხნის განმავლობაში ვაწარმოებდი. ჩემთვის მე-2 სიცოცხლის მომცემი 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი და მადრიდის რეალში ტრანსფერი გახდა”.

ბრაზილიელმა “სამეფო კლუბში” სადებიუტო მატჩი ალავესთან (5:2) ჩაატარა და ეს შეხვედრა იკერს გაცილებით უკეთ ახსოვს. 

“შენ შეცვლაზე შემოხვედი, წუთით ადრე კი, პენალტი მოვიგერიე”.

რონალდო მინდორზე 63-ე წუთზე გუტის ნაცვლად გამოჩნდა, დარჩენილ დროში კი დუბლი შეასრულა.

ფიგუსთან უფრო აკადემიური საუბარი წარიმართა.

“ჩვენს გუნდში უამრავი ტალანტი იყო, რომლებიც პიროვნულადაც ჩინებული ადამიანები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ვარსკვლავები ვიყავით, მოედანზე ბოლომდე ვიხარჯებოდით და ზუსტად ვიცოდით, ვის რა უნდა გაგვეკეთებინა”.

პორტუგალიელი შემტევი რეალში 2000 წელს ბარსელონადან გადაბარგდა და ესპანეთის ჩემპიონობა (2-ჯერ) და ჩემპიონთა ლიგა (2002) მოიგო.

ის პერიოდი რონალდომაც ტკბილად გაიხსენა.

“შენთან და სხვა ბიჭებთან ვარჯიშიც კი სიამოვნება იყო. კი, ყველა ტიტულის მოგება ვერ მოვახერხეთ, თუმცა, ფეხბურთის ერთ-ერთი ხიბლიც ესაა”.

ძველ ამბებთან კარგი მოგონებები აკავშირებს რობერტო კარლოსსაც, რომელმაც რეალში 1996-დან 2007 წლამდე ლა ლიგა 4-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ მოიგო. ამასთან, 2002-ში მან და რონალდომ მსოფლიო ჩემპიონობაც ერთად იზეიმეს.

“ყველაფერი კარგად მახსოვს. დიდებული დრო იყო. მიხარია, რომ იმ დიდ გუნდში სწორედ იმ პერიოდში ვოყავი, როდესაც თქვენც თამაშობდით”.

რობერტო კარლოსმა კორონავირუსიც ახსენა, რომელმაც მსოფლიოს უდიდესი პრობლემები შეუქმნა.

“სამწუხაროდ, უკვე ბევრი ადამიანი დავკარგეთ, მათ შორის, ჩვენთვის საყვარელი ლორენცო სანსი”.

შეგახსენებთ, რომ სანსი რეალის ექს-პრეზიდენტი გახლდათ, რომელიც სწორედ პანდემიამ იმსხვერპლა. ის მადრიდულ გრანდს 1995-2000 წლებში ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები