Thumbnail

ძალოსნობა: პირველი კომენტარები ირანული ტრიუმფის შემდეგ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 6 ოქროს მედალი ირანის საერთაშორისო ტურნირიდან: 3rd International Fajr Cup.
  • გიორგი ჩხეიძემ (+105 კგ.) და გოგა ჩხეიძემ (69 კგ.) 3-3 ოქროს მედალი მოიპოვეს.
  • პირველი კომენტარები ბრწყინვალე ასპარეზობის შემდეგ.  

ქართველმა ძალოსნებმა ირანის ქალაქ ახვაზში გამართულ ძალოსნობის საერთაშორისო ტურნირზე ტრიუმფალურად იასპარეზეს. 20 წლის გიორგი ჩხეიძემ და 22 წლის გოგა ჩხეიძემ ჯამში 6 ოქროს მედალი მოიპოვეს. თბილისში დაბრუნებულმა ძალოსნებმა ირანული შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს...

ქართველი ძალოსნების ტრიუმფი ირანში

გიორგი ჩხეიძე

POPSPORT: როგორია პირველი ემოციები და შთაბეჭდილებები ასეთი წარმატების შემდეგ?

გიორგი ჩხეიძე: ნამდვილად არ ველოდი, თუ ასე წარმატებით გამოვიდოდით ტურნირზე. შეჯიბრის დროს გამოჩნდა, რომ შეგვეძლო ოქროს მედლების მოგება და საბედნიეროდ, ასე მოხდა. შედეგმა გადააჭარბა მოლოდინს. სიმართლე გითხრათ, ერთ მედალსაც არ ველოდით და მით უმეტეს, ასეთ წარმატებას.

POPSPORT: ტურნირის შესახებ გვითხარი უფრო კონკრეტულად?

გიორგი ჩხეიძე: ირანი ტრადიციულად ძალიან ძლიერია ძალოსობაში. უმაღლესი დონის შეჯიბრი იყო, რომელშიც ძლიერი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. სულ 15 ქვეყნის ძალოსნებთან გვიწევდა კონკურენცია, მათ შორის ისეთი ტრადიციული ქვეყნებიდან, როგორიც ამერიკაა, სირია და თავისთავად ირანი.

POPSPORT: ბოლო პერიოდში, ლაშა ტალახაძემ გაგვანებივრა წარმატებებით. რას უნდა ელოდონ გულშემატკივრები თქვენგან და რა გაქვთ მიზნად დასახული?

გიორგი ჩხეიძე: ძალოსნობაში ძალიან კარგი თაობა მოდის და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში არაერთი წარმატება გვექნება. პირადად ჩემი მიზანია ვარჯიში და კიდევ ერთხელ ვარჯიში, რათა მომდევნო ტურნირებზე წარმატებით ვიასპარეზო. ოქტომბერში ესპანეთში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება და სწორედ ამ შეჯიბრისთვის ვემზადები.

გოგა ჩხეიძე

POPSPORT:ელოდი თუ არა ასეთ ტრიუმფალურ გამოსვლას?

გოგა ჩხეიძე: ნამდვილად არ ველოდი. უბრალოდ ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ, ბოლომდე ვიბრძოლეთ და საბედნიეროდ, ოქროს მედლები მოვიპოვეთ.

POPSPORT: ასეთი წარმატების შემდეგ, როგორია სამომავლო გეგმები?

გოგა ჩხეიძე: როგორც გიორგიმ აღნიშნა, ჩვენი უახლოესი დიდი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობაა. ესაა ტურნირი, სადაც მაქსიმუმი უნდა გავიღო, რომ გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახარო.

POPSPORT: ირანში დაძლეული წონების გაზრდას თუ აპირებ უახლოეს მომავალში? 

გოგა ჩხეიძე: რა თქმა უნდა, ყველაფერი წინაა და ჩემი მიზანიც შედეგების გაუმჯობესებაა. წინ კიდევ არაერთი ტურნირია, საბოლოოდ კი ყველა სპორტსმენი ოლიმპიურ თამაშებს უმიზნებს.

კომენტარები

ბოლო ამბები