Thumbnail
  • NBA2K-ტურნირის მეოთხედფინალი დასრულდა
  • ეიტონისა და იანგის თამაში განსაკუთრებით საინტერესო გამოვიდა
  • ნახევარფინალური მატჩები კვირას გაიმართება

საკალათბურთო სიმულატორ NBA2K-ს ტურნირი, რომლის ჩატარება NBA-ში კორონავირუსით გამოწვეული იძულებითი პაუზის გამო გადაწყვიტეს და რომელშიც თამაში 16-მა ვარსკვლავმა დაიწყო, გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა და დარჩენილია 4 მოთამაშე.

მეოთხედფინალში განსაკუთრებით საინტერესო დეანდრე ეიტონისა (ფინიქსი) და ტრეი იანგის (ატლანტა) დუელი გამოვიდა, რომელიც ეიტონმა დაძაბულ ბრძოლაში მოიგო. ეიტონი ლოს ანჯელეს კლიპერსით თამაშობდა, იანგმა კი ლოს ანჯელეს ლეიკერსი აირჩია - თამაშის დროს მას ლეიკერსის გარდაცვლილი ლეგენდის, კობი ბრაიანტის პატივსაცემად სპეციალური ჰუდი ეცვა, რომელზეც ყვითელ გულში ბრაიანტის ნომრები, 8 და 24 იყო გამოსახული. მიუხედავად იმისა, რომ იანგი ლეიკერსის ვარსკვლავებით, ლებრონ ჯეიმსითა და ენტონი დევისით საკმაოდ კარგად თამაშობდა, საბოლოოდ მაინც დამარცხდა - 66:73.

ნახევარფინალში ასევე გავიდნენ დევინ ბუკერი (ფინიქსი), მონტრეზ ჰარელი და პატრიკ ბევერლი (ორივე კლიპერსი). ბუკერმა მეოთხედფინალში რუი ჰაჩიმურა (ვაშინგტონი) დაამარცხა, ჰარელმა - დერიკ ჯონსი (მაიამი), ხოლო ბევერლიმ კი - ანდრე დრამონდი (კლივლენდი).

ნახევარფინალური დუელები კვირას გამთენიისას გაიმართება: ბუკერი ჰარელს ეთამაშება, ხოლო ეიტონი კი - ბევერლის. ტურნირის გამარჯვებული NBA-სგან, მოთამაშეთა ასოციაცია NBPA-სგან და თამაშ NBA2K-სგან საერთო ჯამში 100 000 დოლარს მიიღებს და ეს თანხა კორონავირუსთან ბრძოლის საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

კომენტარები

ბოლო ამბები