Thumbnail

ათჯერ უფრო იაფი ხელოვნური სუნთქვის აპარატი - იბიცას მცველი ხალხზე ზრუნავს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სეგუნდას გუნდის მცველმა მონაწილეობა სპეციალური რესპირატორის შექმნაში მიიღო
  • 29 წლის ალექს კინტანილია პროექტზე სხვებთან ერთად დისტანციურად მუშაობდა
  • აპარატის მწარმოებლები ეკონომიკური სარგებლის მიღებას არ აპირებენ  
  • 🛑 LIVE | სპორტი და კორონავირუსი - ყველა ახალი ამბავი ერთად

სეგუნდა დივიზიონის კლუბ იბიცას მცველმა ალექს კინტანილიამ, სხვებთან ერთად მონაწილეობა სპეციალური რესპირატორის შექმნაში მიიღო, რომელიც ხელოვნური სუნთქვის აპარატის ფუნქციასაც შეასრულებს და კორონავირუსით დაავადებულებს დაეხმარება.

როგორც ესპანური გამოცემა Marca იუწყება, ფეხბურთელი ინჟინრებსა და სპეციალისტებთან ერთად მუშაობდა მექანიკური რესპირატორის პროექტირებასა და ტექნიკურ დახვეწაზე, რომლის ავტორიც ექიმი ლუკას პიკასოა. 

"ბოლო 19 დღის განმავლობაში სამუშაო პროცესი საკმაოდ ინტენსიური იყო. ამას დღეში 12 საათს ვუთმობდით, მაგრამ როდესაც შედეგს ხედავ, ბედნიერი ხარ. ჩვენ ჩვეულებრივი რესპირატორი ახალი ტექნოლოგიებით გავაძლიერეთ", - ამბობს კინტანილია, რომელიც პროექტზე ამ ხნის განმავლობაში დისტანციურად მუშაობდა, მისი კოლეგები კი ბილბაოში, ნანტში, მადრიდში, კადისსა და გალისიაში იმყოფებოდნენ.  

იბიცას 29 წლის მცველის მოტივი მხოლოდ ადამიანების დახმარებაა 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფუნქციების მქონე რესპირატორების ფასები ამჟამად ბაზარზე 20 ათასი ევროდან იწყება, ფეხბურთელის მონაწილეობით შექმნილი მოწყობილობა კი ათჯერ უფრო იაფია - მისი ფასი დაახლოებით 2 ათასი ევროა.

"ეს ყველაფერი შესაძლებელი ამ ბიჭების დახმარებით გახდა. რესპირატორი მორგებულია იმ ადამიანის საჭიროებებზე, ვინც კორონავირუსით არის ინფიცირებული და ამაღლებს დაავადების დაძლევის ალბათობას. 

ეს არ არის ჩვეულებრივი რესპირატორი, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატის პროტოტიპია, მაგრამ გაცილებით იაფი. მის ფასს მხოლოდ თვითღირებულება განსაზღვრავს, ვინაზღაურებთ მხოლოდ მასალის ხარჯს. აქ ეკონომიკურ სარგებელს არავინ ეძებს და თანამშრომლობას მხოლოდ საგანგები სიტუაციის პერიოდში ვაპირებთ, რათა დავეხმაროთ ადამიანებს", - ამბობს ფეხბურთელი.

კორონავირუსის პანდემიას ესპანეთში განსაკუთრებით დიდი მსხვერპლი მოყვა

 

კომენტარები

ბოლო ამბები