Thumbnail

კვლევა: როგორ ვისეირნოთ, ვირბინოთ და ვიაროთ ველოსიპედით პანდემიის დროს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

რა დისტანცია უნდა დავიცვათ, სირბილის, სეირნობისა და ველოსიპედით სიარულისას კორონავირუსის პანდემიის დროს? გაცილებით მეტი, ვიდრე ეს სხვადასხვა ქვეყნებში გაწერილი 1-2 მეტრია.

მას შემდეგ, რაც COVID-19 მთელს მსოფლიოს მოედო, აღნიშნული აქტივობები მისასალმებელ საქმიანობად ითვლება, თუმცა, როგორც ლეუვენის კათოლიკური უნივერსიტეტისა (KU Leuven, ბელგია) და ეინდჰოვენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TU Eindhoven, ჰოლანდია) ერთობლივი დასკვნა გვეუბნება, უსაფრთხოების დამატებით ზომებსაც მოითხოვს.

ტიპური სოციალური დისტანცირება, რომელიც 1-2 მეტრს მოიცავს, ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუკი დახურულ სივრცეში ვართ ანაც გარეთ ვიმყოფებით, მაშინ, როდესაც მხოლოდ სუსტი ნიავია.

თუმცა, თუკი სასეირნოდ, სირბილისთვის ანაც ველოსიპედით სასიარულოდ გავდივართ, უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ. როდესაც ადამიანი აჩქარებულად სუნთქავს, ახველებს ან აცემინებს, ნაწილაკები ჰაერში იფანტება. ამდენად, მის უკან მყოფი ადამიანი სწორედ ამ ე.წ. დინებაში ხვდება და წვეთების ღრუბელში გავლა უწევს.

მეცნიერები ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც სხვადასხვა მდგომარეობაში (ერთმანეთის გვერდით, მიყოლებით ან დიაგონალზე ყოფნისას), ადამიანების მოძრაობისას (იქნება ეს სეირნობა თუ სირბილი) ნერწყვის გამოყოფის პროცესი შეისწავლეს.

ჩვეულებრივ, მოდელირების ეს სქემა ტურნირების დროს სპორტსმენების შედეგების ასამაღლებლად არის შემუშავებული. მიზანი ნათელია – ათლეტმა უნდა იცოდეს, შეჯიბრის დროს რომელ პოზიციაში ჩადგომა ურჩევნია, რათა საუკეთესო საჰაერო დინებაში მოხვდეს. თუმცა, კორონავირუსის ჟამს მთავარი სხვა რეკომენდაცია ხდება: ამ დინებას თავი მაქსიმალურად უნდა ავარიდოთ.

კვლევის შედეგად, რამდენიმე გრაფიკი არის წარმოდგენილი. ერთ-ერთზე ნათლად სჩანს წვეთების ღრუბელი, რომელსაც ადამიანი უკან ტოვებს. “ადამიანები, რომლებიც ახველებენ და აცემინებენ, ძლიერ ნაკადს უშვებენ, თუმცა, წვეთები უბრალოდ სუნთქვის დროსაც კი ვრცელდება”. ნახატზე წითელი წერტილებით უდიდესი ნაწილაკებია გამოსახული. ამ დროს მათი გავრცელების ყველაზე დიდი შანსია და თანაც, ისინი ძალიან სწრაფად ეცემიან. “ამდენად, ამ წვეთების ღრუბელში გავლისას, ისინი როგორც მინიმუმ თქვენს ტანსაცმელზე მოხვდებიან”, - ამბობს პროფესორი ბერტ ბლოკენი.

მოდელირებამ გვაჩვენა, რომ სოციალური დისტანცირება შედარებით ნაკლებ როლს თამაშობს მაშინ, როდესაც ადამიანები ერთმანეთის გვერდით მოძრაობენ. ამ დროს მათგან წვეთები უკან რჩება. გადაცემის ასევე ნაკლები რისკია, თუკი ადამიანები დიაგონალზე ყოფნისას გადაადგილდებიან. სამაგიეროდ, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს კვალში უდგას, ფაქტობრივად, შეუძლებელი წვეთების ნაკადს გვერდი აუაროს.

სწორედ ამის გათვალისწინებით, მეცნიერები გვირჩევენ, რომ ერთმანეთის მიყოლებით გადაადგილებისას, სეირნობის დროს, დისტანცია მინიმუმ 4-5 მეტრი იყოს, ველოსიპედით ნელა სვლისას – 10 მეტრი, სწრაფად სვლისას კი – 20 მეტრი. ამასთან, თუკი ვინმეს გადაასწრებთ და მის ხაზში ჩადგებით, ეს მინიმუმ 20-მეტრიანი დაშორებით უნდა გააკეთოთ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.  კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მილიონ-ნახევარს აღწევს, გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 330 ათასს გადააჭარბა.

წყარო: DeMorgen | HLNURBAN PHYSICS

კომენტარები

ბოლო ამბები