Thumbnail

ერთი წლით გადადებული ევროპის ჩემპიონატის ფორმატი, შესაძლოა, შეიცვალოს - ამის შესახებ ‘დეილი მეილი’ წერს.

გამოცემაში ვკითხულობთ, რომ უეფაში კონტინენტის პირველობის ფორმატის შეცვლაზე ფიქრი და მსჯელობა უკვე დაიწყეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც იტალიისა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციებმა (ამ ქვეყნებში კორონავირუსი ყველაზე მასშტაბურად გავრცელდა) ტურნირის თამაშებისთვის მასპინძლობა ეჭვქვეშ დააყენეს. გარდა ამისა, გაირკვა, რომ კიდევ 10 სტადიონზე 2021 წლის ზაფხულში არასაფეხბურთო ღონისძიებებია დაგეგმილი. ‘დეილი მეილის’ ინფორმაციით, შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქების რაოდენობა შემცირდეს და შეიცვალოს.

ევროპის ჩემპიონატი ამ ზაფხულს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო. იტალიაში ტურნირის მატჩებისთვის რომს უნდა ემასპინძლა, ესპანეთში კი - ბილბაოს.

უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი

გერმანული საინფორმაციო სააგენტოს, DPA-ს კითხვაზე, შეესაბამება თუ არა ‘დეილი მეილის’ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს, უეფაში ასე უპასუხეს: “ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის 11 ივნისს უნდა დაიწყოს და 11 ივლისს უნდა დასრულდეს. ჩვენი მიზანია, რომ ფორმატი და მასპინძელი ქალაქები არ შეიცვალოს.”

უეფაში დასძენენ, რომ ყველა მასპინძელ ქალაქთან მუდმივ კონტაქტში არიან და იმედოვნებენ, რომ არაფერი იქნება შესაცვლელი. როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატი მატჩები მიუნხენში, რომში, ბაქოში, სანკტ პეტერბურგში, კოპენჰაგენში, ლონდონში, გლაზგოში, ამსტერდამში, ბუქარესტში, ბილბაოში, დუბლინსა და ბუდაპეშტში უნდა გაიმართოს.

გერმანიის ნაკრების ექს-კაპიტანი ფილიპ ლამი ადასტურებს, რომ უეფაში ბევრ შესაძლო სცენარზე ფიქრობენ: “გამორიცხული არ არის, რომ რამდენიმე ქალაქმა კორონა-კრიზისის გამო თამაშების მასპინძლობა მართლაც ვერ მოახერხოს,” - უთხრა მან გაზეთ ‘ველტს’.

კომენტარები

ბოლო ამბები