Thumbnail
  • 'ახლანდელ გუნდებში არცერთია, რომელიც იმ გოლდენ სტეიტთან ახლოს მივიდოდა'
  • NBCsports-მა ქართველ ცენტრს უორიორსის ოქროს წლების გახსენება სთხოვა

2016-17 წლების სეზონის გოლდენ სტეიტ უორიორსი, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია იცავდა, ბოლო პერიოდის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად ითვლება.

სან ფრანცისკოელთა ის შემადგენლობა შიშის ზარს სცემდა ყველა მეტოქეს და აკი, NBA-ს ჩემპიონობაც ისე მოიპოვა, რომ მის უპირატესობაში ეჭვი არავის შეუტანია.

კორონავირუსით გამოწვეული პაუზისას წარსულის ამბების გასახსენებლად მეტი დროა და NBCsports-მაც ზაზა ფაჩულიასთან სასაუბროდ მოიცალა.

ქართველი კალათბურთელი, რომელიც მოედანზე კლეი ტომპსონის, კევინ დურანტის, სტეფ კარის, დრეიმონდ გრინისა და ანდრე იგუდალას მხარდამხარ ირჯებოდა, იმ სეზონს აღფრთოვანებით იხსენებს.

ზაზა ფაჩულიამ ძველი ამბები NBCsports-თან გაიხსენა

“ახლაც კი, როდესაც ყველა გუნდს ვაკვირდები, ვერავის გამორჩეულს ვერ ვხედავ. 30 გუნდიდან არცერთია, რომელიც იმ სეზონის გოლდენ სტეიტთან ახლოს მივიდოდა”.

საინტერესოა, რომ უორიორსმა 2016-17 წლების ჩემპიონატი სან ანტონიოსთან მარცხით გახსნა, მომდევნო 17-დან კი 16 მოიგო. გოლდენ სტეიტმა 59 მატჩი (აქედან – 50 მოგება) ისე ჩაატარა, რომ ზედიზედ 2 თამაში არ წაუგია.

საბოლოოდ, ფაჩულიამა და მისმა თანაგუნდელებმა რეგულარული სეზონი 67 მოგებითა და 15 მარცხით (აქ შედის 14, 12 და ორჯერ 7 მატჩიდან შემდგარი მოგებათა სერიები) დაასრულეს, პლეი ოფში მიჯრით 15 მატჩი მოიგეს, სულ კი, იქ 16 გამარჯვება და ერთადერთი წაგება ჰქონდათ.

“ალბათ, ცოტა ეგოისტურად გამომდის, თუმცა, უნდა ვთქვა. ის ატმოსფერო, ენერგია, გუნდური სული, უბრალოდ კალათბურთის სტილი, რომელიც ჩვენ გვქონდა, განუმეორებელია. არა მგონია, ახლო მომავალში ასეთი რამ კიდევ ვიხილოთ.

ცხადია, მხოლოდ ბიჭების ტალანტზე არ ვსაუბრობ. ან კი, ამაზე რა უნდა ვთქვა? რა შემადგენლობა გვყავდა, ყველამ იცის. უბრალოდ, სიგიჟე იყო, გესმით? მისმინეთ, ჩვენი დარბაზის პარკინგზე მარჯვნივ კევინ დურანტის მანქანა მედგა, მარცხნივ – სტეფ კარის. ხომ საოცარია. ეს ახლაც მაგიჟებს”.

ზაზა ფაჩულია და კლეი ტომპსონი

გასაკვირი არაა, რომ ზაზა წარსულის ამბებს აღფრთოვანებული იხსენებს. 2014-19 წლების უორიორსის ამბებზე, იმედგაცრუებასა თუ აღზევებაზე, ალბათ, როდესმე დოკუმენტურ ფილმსაც გადაიღებენ. ეს ნამდვილად არის ის ისტორია, რომლის დავიწყებაც არ შეიძლება.

ვარსკვლავებით სავსე გოლდენ სტეიტში მცირე უთანხმოებებიც ხდებოდა, თუმცა, იყო 2 ადამიანი, რომლებიც ყველანაირ სიტუაციაში სიმშვიდესა და საღ აზრს ინარჩუნებდნენ. ისინი ზაზა ფაჩულია და კლეი ტომპსონი იყვნენ, კარგი მეგობრები, რომლებიც გუნდური სულის შენარჩუნებას ყოველთვის ხელს უწყობდნენ.

უორიორსის ერთიანობის სიმბოლოდ ფოტო იქცა, რომელიც სტეფ კარის მიერ ორგანიზებულ საღამოს დრონის საშუალებით გადაიღეს. ამ ამბავს ქართველი სიცილით იხსენებს.

“კი, ასეთი ამბავი მართლაც მოხდა. გვინდოდა, რომ ერთ ფოტოში ყველა კალათბურთელი გამოჩენილიყო, მაგრამ როდესაც ამდენი მაღალი ბიჭი ერთად იკრიბება, ძნელია, ჩვეულებრივი კუთხით ყველა ჩაატიო. სწორედ ამიტომ დრონი ავაფრინეთ და ფოტო ასე გადავიღეთ”.

ქართველი ცენტრი NBA-ს საჩემპიონო თასით

უორიორსის დიდებული სეზონი წინა წელს წაგებული ფინალის გამოძახილიც იყო. 2016 წელს გადამწყვეტ სერიაში მარცხი იმდენად მწარე იყო, გოლდენ სტეიტს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ტიტულის გარეშე აღარ დარჩენილიყო. სწორედ ამ ერთობლიობამ შექმნა გუნდი, რომელსაც უკვე ამერიკის უდიდესი ჩემპიონების გვერდში აყენებენ: ნიუ იორკ იანკისი-27, მაიამი დოლფინსი-72, ჩიკაგო ბეარსი-85, მართლაც ლეგენდარული სიაა.

“ახლა, როდესაც გაცილებით მეტი დრო მაქვს, ძველი მატჩების სანახავად ხშირად ვიცლი. შემიძლია, ყველა მომენტით დავტკბე.

როდესაც ასეთი მსროლელები გვყავდა, იმაზე უკეთესს, რომ მათთვის ბლოკები დამეყენებინა და სივრცე გამეხსნა, ვერაფერს გავაკეთებდი...

ყველას ვუგებდით, უფრო სწორად, ყველას ვანადგურებდით.

ისე კი, იმ გუნდის გასახდელში უნდა ყოფილიყავი, არსებული სიტუაცია სრულად რომ შეგეგრძნო. ადამიანებს ყოველთვის ბევრი კითხვა ჰქონდათ, ამდენად, მინდა ხოლმე ყველაფერი დეტალებში მოვყვე. ჩვენი მეგობრობა, ურთიერთობები, ერთმანეთზე ზრუნვა, მხიარულება.

ეს, ყველაფერი ფასდაუდებელი რამაა”.

კომენტარები

ბოლო ამბები