Thumbnail

‘ეს შეიძლება გამოსავალი იყოს’ - ლებრონმა უმაყურებლო თამაშებზე აზრი შეიცვალა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

კორონავირუსით გამოწვეულ იძულებით პაუზამდე, ლოს ანჯელეს ლეიკერსი ტოპ-ფორმაში იყო და ტიტულს უმიზნებდა. გუნდის ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ სეზონის შეწყვეტა მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის ძალიან რთულად მისაღები ფაქტი იქნება. მან ასევე აღნიშნა, რომ მატჩების უმაყურებლოდ ჩატარების შესახებ აზრი შეიცვალა.

“თუ სეზონი არ დასრულდება, ეს ჩვენთვის ძალიან რთულად გადასატანი ამბავი იქნება,” - განაცხადა ლებრონმა უახლეს სატელეფონო კონფერენციაზე. მარტის დასაწყისში, სანამ NBA-ში თამაშები შეწყდებოდა, ლეიკერსი საუკეთესო ფორმაში იყო და იძულებით პაუზამდე რამდენიმე დღით ადრე, მილუოკი ბაქსიც დაამარცხა და ლოს ანჯელეს კლიპერსიც. ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ კლიპერსს 5 მოგებით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლებრონს და კომპანიას დასავლეთში პირველი ადგილი თითქმის განაღდებული აქვთ.

“ამ სეზონში ლეიკერსის თამაშით კმაყოფილი ვარ. გვყავს შესანიშნავი მწვრთნელი, გვაქვს ახალი სისტემა და გუნდი მართლაც საუკეთესო ფორმაში იყო. სიმართლე გითხრათ, სეზონის წინ არ ვფიქრობდი, რომ ასე მალე შევთამაშდებოდით. საბედნიეროდ შევცდი და ლეიკერსი ძალიან კარგ სეზონს ატარებდა. ვამაყობ იმით, რაც ამ მოკლე პერიოდში შევძელით!” - აღნიშნა ჯეიმსმა.

ლებრონს იმედი აქვს, რომ სეზონის გაგრძელება შესაძლებელი იქნება - თუნდაც მაყურებლების გარეშე. არადა, სულ რაღაც ერთი თვის წინ ჯეიმსი უმაყურებლო თამაშებს კატეგორიულად გამორიცხავდა. “თუ მატჩების მაყურებლების გარეშე ჩატარება გადაწყდება, გვეცოდინება, რომ ლეიკერსის ფანები ჩვენს გვერდით იქნებიან და ტელევიზორების, სმარტფონებისა და ტაბლეტების წინ გვიქომაგებენ,” - ამბობს ლებრონი.

'შესაძლებელია, რომ ამაზე მსჯელობა დაიწყოს. რაღაც გამოსავალი უნდა ვიპოვოთ!'

ლეიკერსის სუპერვარსკვლავმა აზრი შეიცვალა იმასთან დაკავშირებითაც, რომ შესაძლოა, NBA-ს მატჩები სრულიად იზოლირებულ ადგილზე ჩატარდეს, სადაც თავს მხოლოდ მოთამაშეები, მწვრთნელები, მსაჯები, ექიმები, ჟურნალისტები და საჭირო პერსონალი მოიყრიან. რამდენიმე კვირის წინ ლებრონი ამბობდა, რომ ეს იდეა სისულელე იყო, რომელსაც არცერთ შემთხვევაში არ დათანხმდებოდა.

“თუკი თამაშები იზოლირებულ ადგილზე, მაგალითად ლას ვეგასში ჩატარდება, სადაც ყველა მაქსიმალურად უსაფრთხოდ იქნება, შესაძლებელია, რომ ამაზე მსჯელობა დაიწყოს. რაღაც გამოსავალი უნდა ვიპოვოთ,” - დასძინა ჯეიმსმა.

კომენტარები

ბოლო ამბები