Thumbnail

‘ისინი ნამდვილი გმირები არიან’ – ფაჩულია ექიმებს ლანჩით გაუმასპინძლდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

გოლდენ სტეიტ უორიორსის რიგებში NBA-ს ორგზის ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ კორონავირუსთან მებრძოლი სამედიცინო პერსონალის მიმართ პატივისცემა კეთილი ჟესტით გამოხატა.

ამ დროისთვის, ახალი ვირუსით მსოფლიოში უკვე 83 ათასზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, კონკრეტულად აშშ-ი კი, პანდემიამ 12 857 ადამიანი იმსხვერპლა.

ფაჩულიას თქმით, პანდემიასთან ბრძოლაში ჩართულ ხალხს გამხნევება სჭირდება, რამაც მას შესაბამისი ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგა და სან ფრანცისკოში მოღვაწე მედიცინის 70-ზე მეტი მუშაკს ლანჩით გაუმასპინძლდა.

“ყველანი ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. არა აქვს მნიშვნელობა ეს რა ოდენობისა თუ მასშტაბის ქველმოქმედება იქნება. მთავარია, ადამიანებმა დაინახონ, რომ მათზე ფიქრობენ და მათ მუშაობას აფასებენ.

ეს, მხოლოდ ლანჩია, რომელსაც თავისთავად დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი, რაც მინდა, ისაა, რომ მათ მესიჯი გავუგზავნო. ექიმები ნამდვილი გმირები არიან, რომლებიც სხვების სიცოცხლეზე ზრუნავენ”.

მსოფლიოში მიღებული რეკომენდაციების თანახმად, ფაჩულიაც ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფება, ამდენად, ამ აქციის დროს პირადად არ გამოჩენილა. სამაგიეროდ, მისმა შეკვეთამ ფრიად ახეირა ისთ ბეიში მდებარე ერთ-ერთი მექსიკური რესტორანი.

“ახლა, ბევრი მცირე და საშუალო ბიზნესი გასაჭირში იმყოფება. ბევრი ობიექტი დაიკეტა ან გაკოტრების პირასაა. მათ ბევრი პრობლემები აქვთ. იმედი მაქვს, ეს შედარებით დიდი შეკვეთა მათ მცირედით ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს”.

აღსანიშნავია, რომ ფაჩულიას კეთილი ჟესტი ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო დღეს დაემთხვა.

“ეს ის ხალხია, რომლებიც სხვათა დასახმარებლად საკუთარ ჯანმრთელობასა და დროს არ ზოგავენ. ბევრი ფოტო ვნახე... ექიმები და ექთნები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ და თუკი დასასვენებლად რამდენიმე წუთი გამოუჩნდათ, პირდაპირ მაგიდებთან ან სკამებზე სძინავთ, ამ დროს კი, ახალი პაციენტიებს ნაკადი არ წყდება”.

კომენტარები

ბოლო ამბები