Thumbnail

DualSense: PlayStation 5-ის უსადენო კონტროლერი Sony-სგან!

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ

Sony-მ სოციალურ ქსელში ახალი სათამაშო  კონსოლის, PlayStation 5-ის უსადენო კონტროლერის დიზაინი გაავრცელა. კომპანიის განცხადებით, კონტროლერ DualSense-ს უნიკალური ნიშან-თვისებები ექნება, რომლებსაც გეიმერები უახლესი თაობის PlayStation-თან ინტერაქციისთვის გამოიყენებენ. Sony-ის მიხედვით, DualSense, PS5-ის აუდიო სისტემა Tempest 3D AudioTech-თან ერთად, თამაშში ჩართულობის შეგრძნებას არნახულად გაამძაფრებს.

ასევე ნახეთ:

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს, როდესაც გაყიდვაში PS4 ჩაეშვა, მისმა უსადენო კონტროლერმა, DualShock 4-მა, დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც ვიდეოთამაშების მოყვარულების, ასევე დეველოპერების მხრიდან და დღემდე საუკეთესო კონტროლერად ითვლება. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: როგორ აპირებს Sony ამ სტანდარტის კიდევ უფრო ამაღლებას?

Sony-ს ახალი უსადენო კონტროლერი DualSense 

Sony-ს მიერ გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ:

''დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ, უცვლელად დაგვეტოვებინა ყველაფერი ის, რაც გეიმერებს DualShock 4-ში უყვართ და ამავე დროს, დაგვემატებინა ახალი ფუნქციები. გაუმჯობესდა დიზაინიც. დეველოპერებთან ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ შეხების შეგრძნებას, ისევე როგორც სმენისას, უდიდესი მნიშვნელობა აქვს თამაშში ჩართულობის გრძობის გასამძაფრებლად. გვქონდა პატივი, PS5-ის სახით დეველოპერებისთვის შეგვეთავაზებინა თამაშების განვითარების ინოვაციური საშუალება. სწორედ ამ მიზნით დავამატეთ ტაქტიკური უკუკავშირის ფუნქცია, დავამატეთ ადაპტირებული სასხლეტები  L2 და R2 ღილაკებზე და სხვა.''

Sony-ს ახალი უსადენო კონტროლერი DualSense 

თუ სურათზე შენიშნეთ, რომ ''Share'' ღილაკი ახალ კონტროლერზე არ ჩანს, ნუ იდარდებთ: Sony-მ განმარტა, რომ ეს ფუნქცია ახალ კონტროლერს აქვს, თუმცა როგორც ჩანს, მას ახლა ''Create'' ჰქვია: Sony-ს მიხედვით, ეს ახალი ღილაკი დამატებით ფუნქციებსაც შეითავსებს, რომლებიც კონსოლის გაყიდვაში გამოსვლისას გახდება ცნობილი.

DualSense-ს ასევე აქვს ჩაშენებული მიკროფონები, რომლებიც მოთამაშეებს ყურსასმენების გარეშე კომუნიკაციის საშუალებას მისცემს. თუმცა, რამდენად კომფორტული იქნება კონტროლერის მიკროფონიდან საუბარი, განსაკუთრებით კი სწრაფი ონლაინ მულტიფლეიერის თამაშისას, ეს ჯერ გაურკვეველია.

PS5-ის გაყიდვაში გამოსვლის ზუსტი თარიღი ისევ უცნობი რჩება. ინტერნეტში გავრცელებული ხმების მიხედვით, ახალი კონსოლი ბაზარზე 2020 წლის ნოებრის ბოლოს ჩაეშვება.

კომენტარები

ბოლო ამბები