Thumbnail

ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის გადადება სულ უფრო რეალური ხდება. ტურნირი, რომლის ერთ-ერთი მასპინძელიც საქართველოა, დიდი ალბათობით 2022 წელს ჩატარდება, რისი მიზეზიც იოლი მისახვედრია – მსოფლიოს მოდებული კორონავირუსი და არეული სპორტული კალენდარი.

ევრობასკეტის შესაძლო გადავადების შესახებ პოპსპორტი ჯერ კიდევ 2 კვირის წინ წერდა, ამ დღეებში კი, აღნიშნულის კონტურები მეტად გამოიკვეთა.

ევრობასკეტის ვადების შეცვლაზე რეკომენდაცია ფიბა-ევროპის მმართველმა საბჭომ მორიგ ვიდეო-კონფერენციაზე მიიღო, რომელიც სამ დღედ არის დაგეგმილი, საბოლოო ვერდიქტი კი ხუთშაბათს, 9 აპრილს იქნება გამოტანილი. ეჭვგარეშეა, რომ ამ წინადადების წინააღმდეგ არც ფიბა წავა.

ფიბა-ევროპის ბორდის სხდომის დეტალები პირველმა ლატვიის კალათბურთის ფედერაციამ გაავრცელა, შემდეგ კი, ცნობები სხვა საკალათბურთო ვებ-გვერდებზე გაჩნდა.

ქალთა და ვაჟთა ევროპის ჩემპიონატების გადატანა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც წლეულს ტოკიოში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშები 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდისთვის გადადეს.

შეგახსენებთ, რომ ქალთა ევრობასკეტი გაისად ივნისში საფრანგეთსა და ესპანეთში უნდა ჩატარებულიყო, ვაჟთა ევროპის ჩემპიონატისთვი კი, საქართველოს, იტალიას, გერმანიასა და ჩეხეთს სექტემბერში უნდა ემასპინძლათ.

ახლა, კონტინენტური პირველობების აღნიშნულ ვადებში გამართვა  შეუძლებელი სჩანს, მითუმეტეს, რომ ფიბას კალენდარში ადგილის აქვს მოსაძებნი ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის ჩასატარებლად.

იტალიის კალათბურთის ფედერაციის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯიანი პეტრუჩიმ Sky Sport-ს უკვე განუცხადა, რომ მისი რეკომენდაციაც ტურნირის 2022 წლისთვის გადატანა იქნება. "ჩვენი მიზანი ევრობასკეტის 1 წლით გადადებაა".

ცხადია, პანდემიის გამო, საკალათბურთო კალენდრის არევაში კარგი ვერაფერია, თუმცა, ჩვენს შემთხვევაში, გარკვეული პოზიტივი მაინც შეიძლება ვეძებოთ.

თუკი ევრობასკეტი მართლაც 2022 წლისთვის გადაიდო, ეს, საქართველოს ტურნირისთვის უკეთ მოსამზადებლად დამატებით დროს მისცემს.

მოგეხსენებათ, ევროპის პირველობისთვის ახალი დარბაზის მშენებელობა სწორედ ახლა მიმდინარეობს, თარიღის შეცვლის შემთხვევაში კი, სიჩქარე საჭირო აღარ იქნება და სამუშაოებიც უფრო ხარისხიანად შესრულდება.

მიღებულია გადაწყვეტილება, რომ აღარ გაიმართება წლეულს ზაფხულში დაგეგმილი ასაკობრივი (U16, U18, U20) ჩემპიონატებიც.

სამაგიეროდ, ისინი 2021 წელს იმავე ქვეყნებში გაიმართება (ცხადია, თუკი მათ სურვილი ისევ ექნებათ), სადაც წლევანდელი ტურნირები იყო დაგეგმილი. ამასთან, ასაკობრივ ჩემპიონატებში ერთჯერადად გაუქმებულია აღზევება-გავარდნის სისტემა.

ეს ინფორმაცია ქართველი ქომაგისთვის ორმაგად საინტერესოა, რადგანაც 20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი 10-19 ივლისს თბილისში უნდა ჩატარებულიყო.

კომენტარები

ბოლო ამბები