Thumbnail

ფორმულა 1 | ორ-ორი რბოლა შაბათ-კვირას? ნიკო როსბერგს რევოლუციური იდეა აქვს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ფორმულა 1-ში, ნიკო როსბერგი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული კრიზისის დროს კრეატიული და სპონტანური გადაწყვეტილებების მომხრეა. ამის შესახებ მან ‘დოიჩე ველესთან’ ინტერვიუში ისაუბრა.

ვისბადენელ როსბერგს მიაჩნია, რომ კარგი იქნება, თუ ერთ უიქენდზე ორ-ორი რბოლა ჩატარდება - რა თქმა უნდა, მაყურებლების გარეშე.

'ეს ფორმულა 1-ს კიდევ უფრო საინტერესოს გახდიდა!' - ნიკო როსბერგი

“იქნებ დროა, რომ ცოტა კრეატიულად იფიქრონ და, მაგალითად, ე.წ. Doubleheader-უიქენდების მოწყობა გადაწყვიტონ? ვფიქრობ, არ არის ცუდი იდეა, რომ მაგალითად შაბათს, ერთი მიმართულებით იყოს რბოლა, კვირას კი - საპირისპირო მიმართულებით. მიმაჩნია, რომ ეს ფორმულა 1-ს კიდევ უფრო საინტერესოს გახდიდა. თანაც, ყველა რბოლის ჩატარება შესაძლებელი იქნება,” - განაცხადა 34 წლის როსბერგმა. 2016 წლის ჩემპიონს მიაჩნია, რომ სეზონის სრულფასოვნად ჩატარება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

ნიკო როსბერგი მსოფლიოს ჩემპიონი 2016 წელს გახდა

როგორც იცით, 2020 წლის სეზონის პირველი 9 რბოლა კორონა-პანდემიის გამო გადაიდო, ან გაუქმდა. როსბერგს მიაჩნია, რომ ახლა მთავარი პატარა გუნდების დახმარებაა, რათა ისინი ჩემპიონატს არ გამოეთიშონ. “ყველაზე დიდი პრობლემა ახლა პატარა გუნდების ფინანსური მდგომარეობაა. ფორმულა 1-ს ყველა გუნდი სჭირდება. თუკი 2 ან 3 პატარა გუნდი გამოეთიშება, ეს აღარ იქნება დიდი სპორტი, რადგან სტარტზე საკმარისი რაოდენობის გუნდებს და ბოლიდებს ვეღარ ვნახავთ.” - აცხადებს როსბერგი.

როგორიც უნდა იყოს სეზონი, თუ ჩატარდება, ლუის ჰემილტონი ფავორიტია

ფორმულა 1-ის სეზონის დაწყება ამ დროისთვის ივნისის ბოლოსაა შესაძლებელი. კანადის გრანპრი (12-14 ივნისი) უკვე გაუქმდა. შესაბამისად, ამ დროისთვის, სეზონის შესაძლოა 28 ივნისს, საფრანგეთის გრანპრით (პოლ პიკარის ტრასა) დაიწყოს. შეგახსენებთ, ფორმულა 1-ის სეზონის დაწყება ასე არასდროს დაგვიანებულა. 2020 წლის კალენდარში 22 რბოლა იყო გათვალისწინებული. 71-წლიან ისტორიაში ეს ყველაზე უხვრბოლიანი სეზონი უნდა ყოფილიყო. ამ დროისთვის მხოლოდ 13 რბოლაა დარჩენილი. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონის გამოსავლენად მინიმუმ 8 რბოლის ჩატარებაა აუცილებელი.

კომენტარები

ბოლო ამბები