Thumbnail

‘ბაიერნი ერთი უბრალო სამსახური არ არის’ - თომას მიულერი სახლში რჩება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • თომას მიულერი 2021 წლის შემდეგაც ბაიერნში ითამაშებს
  • სამშაბათს მხარეები ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ

ის მიუნხენის ბაიერნის საიდენტიფიკაციო ფიგურა, პუბლიკის საყვარელი მოთამაშე და, ფაქტობრივად, რეკორდმაისტერის სავიზიტო ბარათია. ასე იქნება ზაფხულის შემდეგაც - თომას მიულერმა ბავარიულ გრანდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა - 2023 წლამდე.

მიულერი ბაიერნში 2000 წელს გადავიდა - მაშინ თომასი 10 წლის გახლდათ. მას შემდეგ, მიულერმა რეკორდმაისტერის ფორმით 521 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 195 გოლი გაიტანა და 188 საგოლე პასი გააკეთა. გერმანიის ნაკრები ცალკე ისტორიაა - 100 მატჩი ბუნდესგუნდში, 38 გოლი, 37 პასი, მსოფლიოს ჩემპიონობა 2014 წელს. მიულერს ინგლისში ეპატიჟებოდნენ, მაგრამ ბაიერნთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას დათანხმდა.

“ჩემთვის ბაიერნთან კონტრაქტის გაგრძელება უპირველესი პრიორიტეტი იყო. ასე ფიქრობდნენ კლუბშიც. ცხოვრების ორი მესამედი ამ კლუბში მაქვს გატარებული. ვერავინ იტყვის, მე მივყვები ბაიერნს, თუ ბაიერნი მომყვება. სწორი მხოლოდ ასეთი ფორმულირება შეიძლება იყოს: ჩვენ ერთმანეთისთვის ვიბრძვით. ეს კლუბი ჩემთვის უბრალოდ და რომელიღაც სამსახური არ არის. ბაიერნი ჩემი გატაცებაა. მიხარია, რომ აქ კიდევ ორი წელი ვითამაშებ,” - განაცხადა მიულერმა ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

“გვიხარია, რომ ისეთ ფიგურასთან, როგორიც თომას მიულერია, კონტრაქტი გავახანგრძლივეთ. ის ამ გუნდს 10 წელზე მეტია, ემსახურება. თომასს მთელ მსოფლიოში იცნობენ, როგორც ბაიერნის და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელს,” - ეს ბაიერნის დირექტორთა საბჭოს წევრის, ოლივერ კანის სიტყვებია. 

თომას მიულერი ბაიერნთან ერთად საერთო ჯამში 8-ჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი (2010, 2013, 2014, 2015, 2016, 2017, 2018, 2019), 5-ჯერ მოიგო გერმანიის თასი (2010, 2013, 2014, 2016, 2019) და გერმანიის სუპერთასი (2010, 2012, 2016, 2017, 2018). ბაიერნის ფორმით მან ყველაზე დიდი ტრიუმფი 2013 წელს იზეიმა, როცა რეკორდმაისტერმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ‘უემბლიზე’ დორტმუნდის ბორუსია 2:1 დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები