Thumbnail
  • ნიუ იორკის სასამართლომ ფიფას ყოფილ ჩინოსნებს ბრალდებები წარუდგინა
  • დაკარგავს ყატარი მუნდიალის მასპინძლობის უფლებას?

აშშ-ში ფიფას ყოფილ ფუნქციონერებს ბრალდება წარუდგინეს - მათ რუსეთისა და ყატარის მუნდიალის მასპინძლობის მხარდასაჭერად ქრთამის აღებას ედავებიან. 

ფიფას ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯეკ უორნერს ოფიციალურად წარუდგინეს ბრალდება, რომლის თანახმადაც მან 2018 წელს რუსეთისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის მხარდაჭერის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარი ქრთამად მიიღო. ეს ბრალდება აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს მრავალწლიანი საქმიანობის შედეგია, რომელიც საერთაშორისო ფეხბურთის მაღალჩინოსანთა შორის კორუფციას იკვლევს. 

ფიფას ყოფილი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი ყატარის გამარჯვებას აცხადებს

ნიუ იორკის აღმოსავლეთ ოლქის სასამართლომ 7 საფეხბურთო ფუნქციონერეს წარუდგინა ბრალდება. გამოძიებით დადგინდა, რომ მათ რუსეთისგან და ყატარისგან გარკვეული თანხები მიიღეს (ან უნდა მიეღოთ) ქრთამის სახით.

5 მილიონი, 10 ოფშორული ფირმა, 30 ანგარიში

პროკურორების განცხადებით, 2010 წლის 1-ელ ნოემბერს ფიფას მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის, ჯეკ უორნერის მეილზე ასეთი წერილი მივიდა: "გთხოვთ, მას აცნობოთ რაიმე, რაზეც ჩვენ უკვე მოვილაპარაკეთ - ამ კვირაში ყველაფერი შესრულდება".

ამ დღიდან რამდენიმე თვის განმავლობაში უორნერმა ჯამში 5 მილიონ დოლარამდე მიიღო ტრინიდადსა და ტობაგოში გახსნილ ანგარიშზე. კვალი რომ დაფარულიყო, ქრთამმა 10 ოფშორული ფირმა გამოიარა, რომლებიც კვიპროსსა და ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე იყო გახსნილი. შემდეგ ყველაფერმა თავი ამერიკაში გახსნილ 30 ანგარიშზე მოიყარა.

პროკურორები ამტკიცებენ, უორნერს თანხებს უგზავნიდნენ ის კომპანიები, რომელთაც რუსეთის კანდიდატურის მხარდაჭერის სანაცვლოდ 2018 წლის მუნდიალზე კონტრაქტები მიიღეს.

უორნერი ტრინიდადისა და ტობაგოს მოქალაქეა, აშშ ჯერ კიდევ ითხოვს მის ექსტრადიციას. 

ბრალდებაში ასევე ნათქვამია, რომ მაშინდელი ფიფას აღმასკომის წევრ რაფაელ სალგიეროს (გვატემალა) მილიონ დოლარს შეპირდნენ მხოლოდ ერთი რამის სანაცვლოდ - მას ხმა რუსეთის სასარგებლოდ უნდა მიეცა. სალგიერომ დიდი ხანია, აღიარა კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა, ის ფეხბურთიდან სამუდამოდ არის ჩამოშორებული.

ისევ ბრალდებას დავუბრუნდეთ: ყატარის სასარგებლოს ხმის მიცემის სანაცვლოდ ქრთამი აიღეს - ნიკოლას ლეოსმა (კონმებოლის ყოფილი პრეზიდენტი) და რიკარდო ტეშეირამ (ბრაზილია). ლეოსი შარშან მშობლიურ პარაგვაიში გარდაიცვალა, ის შინა პატიმრობაში იყო და აშშ-ში ექსტრადიციას ელოდა. ტეშეირა ფეხბურთს სამუდამოდ ჩამოაშორეს.

ბრალდება წარუდგინეს სატელევიზიო მენეჯერებსაც 21st Century Fox-დან. ისინი ქრთამებს გასცემდნენ, სამაგიეროდ კი მუნდიალის ჩვენების უფლებას იბევებდნენ. 

რა იქნება მომავალში?

რუსეთის ხელმძღვანელობა, რა თქმა უნდა, უარყოფს კორუფციაში მონაწილეობას: "ვკითხულობთ მედიაში რაც იწერება და ვერ ვიგებთ, რა ხდება. რუსეთმა აბსოლუტურად სამართლიანად მიიღო მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვის უფლება. ჩვენ ამას კატეგორიულად ვუარყოფთ", - ეს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

ყატარელები ზეიმობენ

რუსეთმა უკვე ჩაატარა მუნდიალი, აი, ყატარს კი ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, რომ არაბულ მონარქიას ფეხბურთის ბოსების მოსყიდვა ბრალდება - 2017 წელს არგენტინული ტელეკომპანიას ყოფილმა შეფმა ნიუ იორკის სასამართლოზე დაადასტურა, რომ ფიფას ბოსებმა ყატარელებისგან ქრთამი მიიღეს. 

2019 წლის ივნისში უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი დააკავეს, ის დაკითხეს ყატარის საქმესთან დაკავშირებით. ახალი გამოძიება, შესაძლოა, გახდეს საბაბი იმისთვის, რომ ფიფაში შიდაგამოძიება ჩატარდეს 2010 წლის მოვლენებზე, როცა რუსეთმა და ყატარმა მუნდიალის მასპინძლობა "იყიდეს".

როგორ იწყებოდა

2010 წელს ფიფამ 2018 და 2022 წლის მუნდიალების მასპინძლობა შესაბამისად, რუსეთსა და ყატარს მიანიჭა.

გადაწყვეტილების მიღებისთანავე, გაისმა ხმები, რომ ამ ქვეყნებმა კორუფციის წყალობით გაიმარჯვეს.

2015 წელს აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ციურიხის სასტუმროში ჩხრეკა მოაწყო - ასე გაიგო მსოფლიომ, რომ ამერიკა ამ საქმეს იძიებდა. 

სკანდალმა ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერისა და უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის გადადგომები გამოიწვია. მაშინ ბრალი სულ 42 ადამიანს წარუდგინეს, რომელთაგანაც 26-მა დანაშაული აღიარა.

2018 წლის მუნდიალისთვის რუსეთმა მეორე რაუნდში 13 ხმის "მოიგო", მეორე ადგილზე პორტუგალიისა და ესპანეთის ერთობლივი განაცხადი გავიდა, მესამეზე - ბელგია/ჰოლანდიის. ინგლისი ბრძოლას პირველ რაუნდში გამოეთიშა.

2022 წლის მუნდიალისთვის ბრძოლაში ყატარმა 14 ხმა მიიღო მე-4 რაუნდში, რომელშიც აშშ (8 ხმა) "დაამარცხა". მანამდე ბრძოლას ავსტრალია, იაპონია და სამხრეთ კორეა გამოეთიშნენ.  

კომენტარები

ბოლო ამბები