Thumbnail

კიბერსპორტი და პანდემია - რა იცვლება რეალურად და ვისზე დავდოთ ფსონი

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ

კორონავირუსის პანდემიამ მილიონობით ადამიანი შინ გამოკეტა, გაუქმებულია სხვადასხვა სპორტული ასპარეზობებიც. შესაბამისად, კიბერსპორტის მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა. სტატისტიკის მიხედვით, მარტში, ყველაზე პოპულარულ თამაშებს - League of Legends-ს, Call of Duty-ის და CS:GO-ს - ფანები ჯამში 286 მილიონი საათის განმავლობაში უყურებდნენ.

Statista-სა და TwitchTracker-ის მონაცემებით, თებერვალში, კიბერსპორტს მაყურებლები ჯამურად 123 მილიონი საათის განმავლობაში ადევნებდნენ თვალს. LOL-ის თამაშებს, ერდროულად საშუალოდ 166 000 ადამიანი უყურებდა, Call of Duty: Modern Warfare-ის მაყურებლების საშუალო რაოდენობა 130 000 იყო, რეკორდული რაოდენობა კი - 521 000. მესამე ადგილი CS:GO-მ დაიკავა, საბრძოლო ჟანრის ამ თამაშს საშუალოდ, რეგულარულად 71 600 ადამიანი ადევნებდა თვალს.

ახლა, როცა ბარები, რესტორნები და სავაჭრო ცენტრები დაკეტილია, ქუჩები დაცარიელდა და ყველა სპორტული თუ გასართობი ღონისძიება გადაიდო, ადამიანები გასართობად სთრიმინგ სერვისებს, მაგალითად Netflix-ს, YouTube-სა თუ Twitch-ს იყენებენ. იმისათვის, რომ ასეთი შანსი ხელიდან არ გაეშვათ, კიბერსპორტის ტურნირები ონლაინ მატჩებზე გადავიდნენ. League Of Legends-მა, ყველა რეალური მატჩი გააუქმა. ჩვეულებრივ, ტურნირები, თამაშის ავტორი სტუდიის, Riot Games-ის მიერ არჩეულ ლოკაციებზე იმართება და მას საშუალოდ 10 000-ზე მეტი ადამიანი უყურებს.

League of Legends-ის თასი, ილუსტრაცია

ქრის გრელიმ, რომელიც League of Legends-ის ჩრდილოამერიკული ლიგის კომისიის ერთ-ერთი წევრია, განაცხადა: ''დარწმუნებული არ ვართ, როგორ ჩავატარებთ ჩემპიონატს მხოლოდ ონლაინ ფორმატში, მაგრამ ეს ახლა ერთადერთი უსაფრთხო და მიზანშეწონილი არჩევანია. LCS აუცილებლად დაუბრუნდება ლაივ მატჩებს, რადგან ეს ფანებისთვის მნიშვნელოვანია და ტურნირების ერთ-ერთი ყველაზე სახალისო ნაწილია. რამდენიმე კვირის წინათ, LCS-ის ონლაინ ტურნირად ქცევა პირდაპირ წარმოუდგენელი რამ იქნებოდა, თუმცა სიტუაცია გვაიძულებს, გამოსავალი ვიპოვოთ.''

კორონავირუსის დროს მაქსიმალური პოპულარობის შენარჩუნების მიზნით, კიბერსპორტის თითეულმა ლიგამ გადაწყვიტა, ონლაინ მატჩებზე გადაერთოს - ამ იდეაზე ლიგები ისედაც მუშაობდნენ: ყველაფერი, რაც მათი შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის აუცილებელია, უკვე წლებია, ვითარდება: ახალი, უფრო მოხერხებული სთრიმინგ სერვისები, შემოსავლის ახალი წყაროები, ინვესტორებთან მოლაპარაკება, ახალი ინფრასტრუქტურა და სპონსორობის ახალი ფორმატი. 

ვირტუალურ ფორმატზე პირველი Blizzard-ის მულტიფლეიერის, Overwatch-ის ლიგა გადავიდა. OWL-ის პირველი სრულიად ონლაინ თამაშები 26 და 29 მარტს გაიმართა. რამდენიმე დღის შემდეგ კი, Blizzard-მა განაცხადა, რომ ფორმატი წარმატებული გამოდგა და მთელ სეზონს ასე ჩაატარებს. 

ამავე დროს, LCS-მაც გამართა პირველი ონლაინ მატჩები, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო, პაუზის აღება მოუწიათ. როგორც Riot Games'-ის წარმომადგენლები აცხადებენ, ამჟამად ყველაფერი წესრიგშია და სეზონი შეუფერხებლად გაგრძელდება. 

DOTA 2-ის 2019 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული OG esports

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ თამაშს, მაგალითად, League of Legend-სა თუ Overwatch-ს, ტურნირების ვირტუალურ სცენაზე გადატანა სულაც არ გასჭირვებიათ, მსგავსი რესურსები ყველას არ აღმოაჩნდა. მაგალითად, პრობლემები შეექმნა ჯერ კიდევ ახალბედა თამაშის, Apex Legends-ის ლიგას, რომელსაც სერვერებზე ხარვეზები ისედაც ჰქონდა. რამდენიმე დღის წინათ, ორგანიზატორებმა განაცხადეს რომ Apex Legends Global Series ბოლო მატჩები ონლაინ გაიმართებოდა. ტურნირი 6 აპრილს დასრულდა. რა მომავალი ელის  Apex-ის ლიგას, ჯერჯერობით, უცნობია.

ონლაინ ფორმატზე მორგება მხოლოდ ახალ თამაშებს არ უჭირთ. მაგალითად, მას შემდეგ, რაც ტურნირი Dota Pro Circuit გადაიდო, კომპანია Chaos Esports-მა Dota-ს გუნდი დაშალა. ''ამ გადაწყვეტილების მიღება ჩვენთვის რთული და მტკივნეული იყო, თუმცა ტურნირის გაუქმების პირობებში, გუნდის ხარჯების დაფარვა, ამჟამად შეუძლებელია" - განაცხადა Chaos Esports-ის წამომადგენელმა გრეგ ლეირდმა.

მიმდინარე ტურნირები და ფსონები

კიბერტურნირების უმრავლესობა შეუფერხებლად მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში, იგეგმება Dota 2-ის, CS:GO-სა და LOL-ის საინტერესო მატჩები.

Dota 2-ის ტურნირი ESL One Los Angelesრომელიც მთავარი ტურნირის Dota Pro Circuit-ის შემადგენლობაში შედის. ტურნირში 15 გუნდი მონაწილეობს, რომლებმაც ევროპის, ჩინეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის საკვალიფიკაციო ტურნირებზე გაიმარჯვეს, მე-16 გუნდი ჩემპიონატ StarLadder-ის გამარჯვებულია. სწორედ ამ ჩემპიონატის ფარგლებში, 8 აპრილს, 16:00 საათზე, ერთმანეთს Virtus.pro და Cyber Legacy დაუპირისპირდებიან. მატჩის ფავორიტად Virtus.pro ითვლება: ეს ორი გუნდი ერთმანეთს სულ 3-ჯერ დაუპირისპირდა და Virtus.pro-მ სამივე შემთხვევაში გაიმარჯვა. გუნდი გამარჯვებას იოლად ვერ მოიპოვებს: Cyber Legacy-მ 2020 წელს თამაში ბევრად გააუმჯობესა: მათ ხუთიდან სამი საკვალიფიკაციო ტურნირი საუკეთესო სამეულში დაასრულეს. 

გამოკითხვა

ვინ აიღებს პირველ კოშკს?

  • Virtus.pro
  • Cyber Legacy

კიდევ ერთი ტურნირი, რომელსაც თვალი უნდა ადევნოთ, ESL Pro League-ა. CS:GO-ს მთავარ ტურნირში 24 გუნდი მონაწილეობს ევროპიდან, ამერიკიდან, აზიიდან და ოკეანიიდან. სწორედ ამ ტურნირის ფარგლებში, 8 აპრილს, 16:25 წუთზე, ერთმანეთს Mousesports და Fnatic დაუპირისპირდებიან. თამაში განსაკუთრებით საინტერესო იმით არის, რომ 2019 წლის ESL-ის ფინალში, სწორედ ეს ორი გუნდი იბრძოდა ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად. მაშინ, Mousesports-მა გაიმარჯვა და მოსალოდნელია, რომ შურისძიების სურვილით მოტივირებული Fnatic საინტერესო და დაძაბულ თამაშს გვაჩვენებს.

გამოკითხვა

როგორი იქნება რუკების ზუსტი ანგარიში?
Mousesports VS Fnatic

  • 0:1
  • 1:0
  • 0:2
  • 2:0

მესამე თამაში, რომელსაც ამ კვირაში უნდა ვუყუროთ, League of Legends-ის ტურნირ LCK-ის მატჩია T1-სა და Sandbox Gaming-ს შორის, რომელიც 9 აპრილს, 12:00 საათზე დაიწყება. LCK, იგივე League of Legends Champions Korea,10 გუნდს აერთიანებს და ის ორმაგი რაუნდის პრინციპით ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებისთვის გუნდმა მოწინააღმდეგე ორჯერ უნდა დაამარცხოს. ზოგადად, კორეელი მოთამაშეები LOL-ში ყველაზე მაღალი კლასის პროფესიონალებად ითვლებიან, შესაბამისად, LCK-ს ნებისმიერი თამაში საინტერესო და ყურადღების ღირსია, თანაც,  T1-ში LOL-ის ლეგენდა Faker თამაშობს. თუმცა, თუ გგონიათ, რომ  Sandbox Gaming-ს გამარჯვების შანსი არ აქვს, ცდებით. ამ გუნდმა, T1-ზე უკეთესი შედეგი Korea e-Sports Association-ის თასზე უკვე აჩვენა. რეგიონალურ ტურნირზე Sandbox Gaming-მა ფინალი წააგო და მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო T1-მა 3-4 ადგილი გაიყო DragonX-თან.

გამოკითხვა

ვინ მოკლავს პირველი?

  • T1
  • Sandbox Gaming

როგორც ხედავთ, 2020 წელი კიბერსპორტში ბევრ საინტერესო სიახლეს გვპირდება. WEPC-ის ანალიზის მიხედვით, იანვრიდან მარტამდე, კიბერსპორტის მაყურებელთა რაოდენობა 17 %-ით გაიზარდა. სპონოსორები ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ყველა გასართობი თუ სპორტული ღონისძიების გაუქმების შემდეგ კიბერსპორტი მათი ერთადერთი შანსია. ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვები 2020 წელს კიდევ უფრო გაიზრდება. მოახერხებენ თუ არა ელექტრონული სპორტის ლიგები, შეინარჩუნონ მზარდი პოპულარობა პანდემიის დასრულების შემდეგაც, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.

კომენტარები

ბოლო ამბები