Thumbnail

UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში იქირავებს კერძო კუნძულს, სადაც მებრძოლები მოემზადებიან და ტურნირი UFC 249 ჩატარდება.

“შეთანხმება მიღწეულია და კუნძულს 1-2 დღეში ვიქირავებ. ახლა იქ აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობენ. ამ კუნძულზე ყველა მებრძოლს შეუძლია გამოსვლა. იმის გამო, რომ აშშ-ში ყველა მებრძოლის შეკრება არ შემიძლია, მექნება კერძო კუნძული, რომელზეც სხვა ქვეყნებიდან ყველა სპორტსმენი ჩამოვა,” - განაცხადა უაითმა.

შეგახსენებთ, რომ UFC 249 18 აპრილს უნდა გაიმართოს. ტურნირის მთავარი ჩხუბი ტონი ფერგიუსონისა და ჯასტინ გეიჯის დუელი იქნება, რომლებიც მსუბუქ წონაში დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ. UFC-მ ამ ივენთზე მონაწილეობა ქართველ მებრძოლ გიგა ჭიკაძესაც შესთავაზა, რომელიც წინადადებას დათანახმდა და ახლა მეტოქეს ელოდება.

დანა უაითმა ისიც თქვა, რომ აშშ-ში მხოლოდ ამერიკელი მებრძოლების მონაწილეობით გაიმართება ჩხუბები - ოღონდ, მკაცრად გასაიდუმლოებულ ადგილზე. მისი თქმით, ყველა მებრძოლი და თანამშრომელი მუდმივად იტესტება კორონავირუსზე.

კომენტარები

ბოლო ამბები