Thumbnail
  • 'დრაფტის მე-18 ნომრად არჩეულ ქართველს დასამახსოვრებელი თამაშები ჰქონდა'
  • ინდიანა პეისერსის სეზონის შეფასებისას ერთი ქვეთავი გოგა ბითაძეს დაეთმო

საკალათბურთო ვებგვერდმა Trashtalk NBA-ს შეწყვეტილი სეზონის გასული ნაწილი მიმოიხილა, ინდიანა პეისერსზე საუბრისას კი 1 ქვეთავი გოგა ბითაძეს დაუთმო.

მოგეხსენებათ, საერთო ჯამში, ქართველ ცენტრს მცირე სათამაშო დრო ჰქონდა, თუმცა, აღნიშნულმა საიტმა გოგას მაინც დიდი ყურადღება დაუთმო.

“ალბათ, ყველას გახსოვთ სეზონის სტარტამდე გადაღებული ფოტო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მასზე ყველასგან მიტოვებული გოგა ბითაძე იყო ასახული, მისგან სამიოდ მეტრში მჯდარ ზაიონ უილიამსონს კი 50-მდე ჟურნალისტი ეხვეოდა.

ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. ზაიონი დრაფტის პირველი ნომერი იყო, საქართველოს კი, საიდანაც გოგა გახლავთ, ალბათ, აშშ-ს მოსახლეობის 95% ვერ მოძებნის.

მიუხედავად ამისა, დრაფტის მე-18 ნომრად არჩეულ ბითაძეს დასამახსოვრებელი თამაშები ჰქონდა. მას ნოემბერში ჩატარებულ ზედიზედ სამ მატჩში 4-4 დაფარება უგროვდებოდა, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.

სხვა საქმეა, რომ ინდიანაში ხელშეუხებლად იქცა ტერნერისა და საბონისის დუეტი, რის გამოც გოგას მოედანზე გასვლა იშვიათად უწევდა.

ქართველი ცენტრის შესაძლებლობები მაინც ყველამ დაინახა, განსაკუთრებით, დაცვაში, სადაც არაერთი მეტოქე გაამწარა.

გოგას თანამემამულე ზაზა ფაჩულია ლიგის გამორჩეული კალათბურთელი არასდროს ყოფილა, ბითაძეს კი, ყველა შანსი აქვს ნამდვილ ვარსკვლავადა და ქომაგებისთვის საყვარელ კალათბურთელად იქცეს”.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო, სეზონის შეწყვეტამდე, ქართველ ლეგიონერს NBA-ში 49 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასეთი იყო: 8.4 წუთი, 3.1 ქულა, 2.0 მოხსნა, 0.7 დაფარება, 0.4 პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები