Thumbnail

ინგლისური მანჩესტერ სიტისა და ინგლისის ეროვნული ნაკრების მცველი კაილ უოკერი კორონავირუსის პანდემიის დროს, სოციალური დისტანციის წესების დარღვევაში ამხილეს, რის გამოც ჯარიმა ელის.

ის, რომ ინგლისელი ფეხბურთელი თვითიზოლაციაში ვერ ჩერდება, პირველმა The Sun-მა გაარკვია და მთელს ბრიტანეთს მოსდო, რის გამოც კაილი მეტად უხერხულ ვითარებაში ჩავარდა.

საინტერესოა, რომ ამ დღეებში უოკერმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, სადაც ადამიანებს ვირუსის გამო შინ დარჩენისკენა და კარანტინში ყოფნისკენ მოუწოდებდა, შემდეგ კი, იზოლაციის ყველა წესი თავად დაარღვია.

როგორც The Sun იუწყება, ინგლისელმა ფეხბურთელმა 8 ათას ფუნტად ნაქირავებ ვილაში მეგობარი დაპატიჟა, შემდეგ კი, შინ 2 მეძავიც გამოიძახა.

გოგონები, რომელთაც სათითაოდ 2 200 ფუნტი ერგოთ, ფეხბურთელს 23:00 საათზე ეწვივნენ და მას დილის 2:00 საათისთვის დაემშვიდობნენ.

აღსანიშნავია, რომ უოკერი მათ სხვა სახელით გაეცნოთ, თუმცა, ერთ-ერთმა სტუმარმა ის იცნო და ფოტოებიც გადაუღო, რომელიც შემდეგ პრესაში მოხვდა.

მოგვიანებით, უოკერმა კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელა, სადაც მომხდარის გამო, სინანული გამოთქვა:

“პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ და უნდა გამეთვითცნობიერებინა, რომ სხვებისთვის პირიქით მაგალითი უნდა ვიყო.

ამდენად, ბოდიშს ვუხდი ჩემს ოჯახს, მეგობრებს, კლუბს, ქომაგებსა და სრულიად საზოგადოებას, რომ ისინი დავაღალატე”.

სპეციალური განცხადება გაავრცელა მანჩესტერ სიტიმაც, რომელიც დამატებითი გამოძიების ჩატარებასა და ფეხბურთელის დასჯას გეგმავს.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 47 806-ს აღწევს, 4 934 კი გარდაიცვალა. მსოფლიოს მასშტაბით, უკვე 1 235 478 ადამიანი ინფიცირებული, ხოლო 67 195 გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები