Thumbnail
  • სტეფ კარის ძლიერი და სუსტი მხარეები
  • როგორ შეცვალა მან თანამედროვე კალათბურთი
  • რატომ აქვს სტეფს ასეთი პოზიტიური იმიჯი
  • რით განსხვავდება კარი სხვა სუპერვარსკვლავებისგან
  • გოლდენ სტეიტი მის სისუსტეებს მალავდა

სტეფ კარი თანამედროვეობის ის ვარსკვლავია, რომელიც ყველაზე მეტ დისკუსიას იწვევს. ერთი მხრივ, კარი ის კაცია, რომელმაც მთლიანად შეცვალა კალათბურთი და თანამედროვე თამაშის შექმნა სწორედ მასთან არის დაკავშირებული. მეორე მხრივ კი, მის სახელს იშვიათად გაიგებთ, როდესაც ექსპერტები და სპეციალისტები თანამედროვეობის სამი, ან თუნდაც ხუთი ყველაზე ძლიერი მოთამაშის შესახებ კამათობენ.

რეალურად რა ძალაა სტეფ კარი? როგორ თამაშობს და რა არის მისი ძლიერი და სუსტი მხარეები? ეს ყველაფერი პოპსპორტის ანალიტიკურ სტატიაში.

სტეფმა კალათბურთი შეცვალა

მოგვწონს თუ არა სტეფი, უბრალო ფაქტს გვერდს ვერ ავუვლით - კარიმ და მისმა გოლდენ სტეიტმა კალათბურთი მთლიანად შეცვალეს. სპორტის ამ სახეობის ისტორია კარიმდე და კარის შემდეგ მონაკვეთებად იყოფა. ამ თემაზე პოპსპორტს სტატია უკვე ქონდა და დეტალურად აღარ შევჩერდები. მხოლოდ რამდენიმე ძირითად ფაქტორზე გავამახვილებ ყურადღებას:

1. თამაში, რომელშიც სამქულიანით შეტევა პრიორიტეტულია, სწორედ გოლდენ სტეიტმა დაამკვიდრა. ეს სტეფის დამსახურებაა. მარტივი მათემატიკაა - კარი პერიმეტრიდან კარიერული, ფენომენალური 43.5 პროცენტით ისვრის - ანუ, 100 შეტევაზე 130.5 ქულას აგროვებს. შეგახსენებთ, რომ შეტევაში 1.1 ქულაც კი NBA-ს სტანდარტით ძალიან კარგი შედეგია. კარის პერიმეტრიდან სროლა კი შეტევაში 1.3 ქულას ნიშნავს.

ორქულიანიდან ის კიდევ უკეთესად ისვრის - 51.5 პროცენტი. თუმცა ეს 100 შეტევაზე 103 ქულაა. შეტევაში - 1.03 ქულა, რაც უკვე საშუალო შედეგია. ანუ კარი პირველი სუპერვარსკვლავი გახდა, რომელმაც აჩვენა, რომ თუ პერიმეტრიდან სროლა იცი, სამქულიანით შეტევა, უფრო შედეგიანია.

რა პროცენტით ისვრის კარი სხვადასხვა დისტანციიდან

კარის სტატისტიკა ამაში გვარწმუნებს. თუ გვერდით გადავდებთ 0-1 მეტრამდე სროლებს (ანუ, ჩატენვებს და ლეი აფებს), კარი სამქულიანი და ორქულიანი დისტანციიდან დაახლოებით ერთნაირი პროცენტით ისვრის. რატომ უნდა ისროლო 45-პროცენტიანი სროლა, რომელიც ორ ქულას მოგიტანს, როცა შეგიძლია 45-პროცენტიანი სროლით სამი ქულა გააკეთო?!

2. მოძრაობაზე, პირველ რიგში კი, ბურთის მოძრაობაზე დაფუძნებული თამაშის დამკვიდრებაც სწორედ სტეფ კარის სახელს უკავშირდება. გოლდენ სტეიტის უპირველესი ვარსკვლავი თავისი სიმაღლით და ფიზიკური მონაცემებით არ გამოირჩევა. სამაგიეროდ, ის ძალიან კარგად მოძრაობს. გოლდენ სტეიტმაც შექმნა სისტემა, რომელშიც სროლების შექმნას არა სიმაღლე და ათლეტიზმი, არამედ მოძრაობა განაპირობებს. კლასიკური ცენტრების და, ზოგადად, იმ მოთამაშეების ადგილი, რომლებსაც მოძრაობა არ შეუძლიათ, ლიგაში აღარ დარჩა.

მოკლედ, თანამედროვე NBA ბევრი ქულებით და ბევრი სამქულიანებით, ცენტრები, რომლებიც ისვრიან, დინამიური, სწრაფი და მოძრავი თამაში - ეს ყველაფერი სტეფ კარის დამსახურებაა.

სხვა ტიპის ვარსკვლავი

ზემოთ კარის მიმართ სადავო დამოკიდებულება ვახსენე - ეს მხოლოდ მის თამაშს ეხება. იმიჯის თვალსაზრისით სტეფი ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური სახეა მთელ სპორტულ სამყაროში.

სტეფ კარის კარიერული სტატისტიკა

სტეფი სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავდება. ის ერთ-ერთი ყველაზე ალტრუისტი მოთამაშეა, სპორტული ეგოიზმი და სუპერვარსკვლავებისთვის დამახასიათებელი ქედმაღლობა მას საერთოდ არ ახასიათებს. კალათბურთი გუნდურ სპორტებს შორის ყველაზე ინდივიდუალურია და სუპერვარსკვლავებს შორის კონფლიქტი და ბრძოლა პირველობისათვის ჩვეულებრივი ამბავია - ჯორდანი და პიპენი ერთმანეთს არცთუ ისე იოლად ეგუებოდნენ, შაქსა და კობის კიდევ უფრო რთული ურთიერთობა ჰქონდათ, ძალიან ბევრს არ მოსწონს ლებრონთან ერთად თამაშის თუნდაც პერსპექტივა.

სტეფი გამონაკლისია, მან დიდი როლი ითამაშა გუნდში კევინ დურანტის მოწვევაში და გადააბარა მას შეტევაში პირველი ოპციის სტატუსი, მაშინაც კი, როცა გოლდენ სტეიტი მისი გუნდი იყო. ცალკეულ თამაშებში ლიდერობა მან იოლად შეუძლია დაუთმოს ნებისმიერ სხვა მოთამაშეს, თუ მას თამაში მისდის.

მისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე მისი სათამაშო სტილი აგრესიული არ არის. კარი თითქოს ერთობა, ისე თამაშობს. მისი ეს სტილი და იმიჯი კიდევ უფრო ეხმარება კალათბურთს, გაზარდოს თავისი აუდიტორია და მარკეტინგული პოტენციალი. სტეფ კარისთან ერთად კალათბურთი იმ აუდიტორიაზე გადის, რომელსაც ამ თამაშის ყურება მხოლოდ გასართობად უნდა. ამ კატეგორიისთვის კარის ცენტრიდან სიცილით ჩაგდებული სამიანები ბევრად უფრო სასიამოვნო სანახავია, ვიდრე სუპერათლეტების ბრძოლა ფარქვეშ.

სტეფ კარის ძლიერი და სუსტი მხარეები

სტეფ კარი თავისი თამაშის სტილითაც არაორდინალური ვარსკვლავია. ბოლო 30-35 წლის საუკეთესო მოთამაშეებს ერთი რამ ჰქონდათ საერთო - მათ მოედანზე ყველაფრის, ან თითქმის ყველაფერის გაკეთება შეეძლოთ. კობის, ჯორდანს, მეჯიქს, ლარი ბერდს, ლებრონს, კავაი ლეონარდს, იანისს, დურანტს საერთო ერთი რამ აქვთ - თავისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, ერთდროულად რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეუძლიათ, დაცვაც ეხერხებათ და შეტევაც, ბურთის გათამაშებაც იციან და ჩაყრაც (გამონაკლისი მხოლოდ შაქილ ონილია). ანუ მულტიფუნქციური მოთამაშეები არიან. თანამედროვე ეპოქის სუპერვარსკვლავი თუ გინდა იყო, პარკეტზე მეტ-ნაკლებად ყველაფრის გაკეთება უნდა შეგეძლოს. ამის ყველაზე კარგი მაგალითი ლებრონია - გამთამაშებლის ინტელექტით და ტექნიკით მძიმე ფორვარდის სხეულში, მოთამაშე, რომელსაც სულ მცირე ოთხ პოზიციაზე შეუძლია თამაში და პარკეტზე ყველაფერს ერთნაირად კარგად აკეთებს.

სტეფ კარი სხვა ტიპის ვარსკვლავია. ის არის მოთამაშე, რომელსაც ძალიან მკვეთრად გამოკვეთილი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს და მხოლოდ ერთ პოზიციაზე თამაშობს.

ძლიერი მხარეები

სტეფის თამაშში ორი კომპონენტია, რომელშიც იგი მსოფლიოში საუკეთესოა: სროლა და მოძრაობა. არ ვიქნები ორიგინალური, თუ კარის კალათბურთის ისტორიაში საუკეთესო მსროლელად მოვიხსენიებ. საკალათბურთო სამყაროს ამ საკითხზე სრული კონსესუსი აქვს. სტეფ კარიმ პარკეტი, შეტევის სივრცე მნიშვნელოვნად გაზარდა. იგი თავისი სროლით სახიფათო უკვე მაშინაა, როდესაც ცენტრს გადმოცდება. იმდენად კარგად ისვრის, რომ არ არსებობს პერიმეტრიდან სროლა, რომელიც კარის შეგიძლია თავისუფლად დაუტოვო. მასთან ერთად შეტევა კალათბურთში ფარიდან დაშორებით უფრო გრძელ დისტანციაზე იწყება.

ფეხბურთის მაგალითს მოვიშველიებ: ამ სპორტში მთელი დაცვითი სისტემა საჯარიმოს დაცვაზეა ორიენტირებული, უცებ, რომ გამოჩნდეს მოთამაშე, რომელიც სტაბილურად გაიტანს გოლებს 30-35 მეტრიდან, წარმოგიდგენიათ ალბათ, როგორ შეცვლის ეს დაცვის მთელ სისტემას.

კარი მხოლოდ მსროლელი არ არის, ის ძალიან კარგად ფლობს ბურთს, დიდი ტექნიკური არსენალი აქვს და ერთი-ერთზე მის წინააღმდეგ დაცვის თამაში შეუძლებელია. სტეფის სისწრაფიდან გამომდინარე, მასზე ფიზიკურად დიდ და გაბარიტულ მოთამაშეებს, რომლებიც გაცვლის შემდეგ ხშირად რჩებიან ხოლმე მის წინააღმდეგ, უბრალოდ შანსი არ აქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მეტოქეები იძულებულები არიან, კარის ორმაგი დაცვა ეთამაშონ.

როდესაც მეტოქე ორმაგი დაცვის თამაშს თავისი ფარიდან ასე შორს იწყებს, კარის მინიმუმ ერთი თანაგუნდელი თავისუფალია და მთელ გუნდს დიდი სივრცე აქვს შესატევად. ანუ, კარიმ თავისი ჯადოსნური სამქულიანები რომელიმე კონკრეტულ თამაშში სულაც რომ დიდი პროცენტით ვერ ჩაყაროს, მისი თუნდაც პარკეტზე ყოფნა, მის გუნდს თამაშს ძალიან უიოლებს. 

კარის სროლაზე ყველამ ყველაფერი ვიცით - ამისთვის მხოლოდ ერთი ‘ჰაილაითის’ ნახვაა საკმარისი. უფრო იშვითად საუბრობენ იმაზე, სტეფ კარი როგორ და რამდენს მოძრაობს. მოძრაობა მისი მთავარი იარაღია. სტეფი 191 სანტიმეტრის ფონზე მხოლოდ 86 კილოგრამია, ეს საშუალებას აძლევს, ძალიან ბევრი და ძალიან სწრაფად იმოძრაობს და სწორედ ამის წყალობით იპოვოს თავისი სროლები.

მარკუს სმარტი: ‘როდესაც კარის წინააღმდეგ დაცვას თამაშობ, შენი სარბენი ფეხსაცმელი უნდა წამოიღო, ძალიან ბევრი სირბილი მოგიწევს.’

ბუნებრივია, რომ მასზე სულ მცირე 10-15 კილოგრამით მძიმე მოთამაშეებს კარის მოძრაობაში აყოლის შანსი, ფაქტობრივად, არ აქვთ.

სუსტი მხარეები

კარის ფიზიკური მონაცემები მის სუსტ მხარეებსაც განსაზღვრავს. ზემოთ ჩამოთვლილი ვარსკვლავებისგან განსხვავებით, სტეფს აბსოლუტურად არ ეხერხება დაცვის თამაში. მისი ათლეტიზმით, სიმაღლით და წონით დაცვის ელიტურ დონეზე თამაში, ფაქტობრივად, შეუძლებელია. დაცვაში კარი პრობლემაა და შემთხვევითი არ არის, რომ მეტოქის ელიტური შემტევები გოლდენ სტეიტთან თამაშის დროს ყოველთვის ცდილობენ, იმგვარი გაცვლა განახორციელონ, რომ შეტევაში კარის წინააღმდეგ დარჩნენ.

სწორედ სტეფთან მარტო დარჩენილმა კაირი ირვინგმა ჩააგდო გადამწყვეტი სროლა 2016 წლის სუპერფინალის მეშვიდე თამაშში. კლეი ტომპსონის, ან ანდრე იგუდალას წინააღმდეგ რომ ყოფილიყო, კაირის ამ სროლის შექმნა ბევრად უფრო გაუჭირდებოდა.

ამ პოზიციას ერთი დეტალი აქვს - ჰაილაითებში არ ჩანს, მაგრამ თუ მთელ პოზიციას დასაწყისიდანვე ნახავთ, შეამჩნევთ, რომ შეტევის დასაწყისში კაირის კლეი ტომპსონი ეთამაშებოდა, კლივლენდი მეტოქეს ისეთ გაცვლას აიძულებს, რომ კაირისთან სწორედ სტეფ კარი დარჩეს და ირვინგიც მხოლოდ შემდეგ იწყებს შეტევას.

ზემოთ ვახსენე, რომ კარი ბურთს ვირტუოზულად ფლობს და ყოველთვის შეუძლია, ერთ მეტოქეს გაცდეს. ეს მართალია, თუმცა ამ ტიპის, ანუ იზოლაციით შეტევა კარისთვის უფრო გამონაკლისია. სტატისტიკა გვარწმუნებს, რომ სტეფი სროლების უმეტესობას პასის შემდეგ ასრულებს.

სტეფ კარი უფრო ხშირად პასის შემდეგ ისვრის

ანუ, ის უფრო ხშირად თავისი მოძრაობის შედეგად რჩება მარტო და ისე ისვრის, ვიდრე ბურთს ხელში იღებს და სროლას თავის თავს უქმნის. ლებრონის, იანისის, ჰარდენის, ან ლეონარდისგან განსხვავებით კარის უმეტეს შემთხვევაში სროლა უნდა შეუქმნა. მისი ფიზიკური მონაცემების მქონე მოთამაშისთვის სტაბილურად თავისზე დიდ და ათლეტურ მეტოქეებთან სროლების შექმნა, ძალიან დამღლელია. ანუ, ეპიზოდში კარი ნებისმიერს შეუძლია გაუსწორდეს, თუმცა ხანგრძლივი მონაკვეთების ამ სტილით თამაში მისთვის წამგებიანია.

ეს უფრო აშკარა პლეი ოფის თამაშებში ხდება, როდესაც თამაშის ტემპი ვარდება. ნელ და პოზიციურ თამაშში, როცა დაცვა მასზე კონცენტრირდება, კარის თავისი საუკეთესო თვისებების წარმოჩენა უჭირს. ასე იყო, მაგალითად, შარშანდელ ფინალში ტორონტოსთან. დურანტის და ტომპსონის ტრავმების შემდეგ, როდესაც მეტოქის მთელი დაცვა კარისთვის ხელის შეშლაზე გადაეწყო, სტეფს სროლების თავის თავისთვის შექმნა უწევდა და მისი ეფექტურობა შემცირდა.

იგივე ხდებოდა ამ სეზონის სტარტზე მის ტრავმამდე. დურანტის წასვლის და ტომპსონის ტრავმის შემდეგ, მეტოქის დაცვა მხოლოდ კარიზე კონცენტრირდებოდა და მისი პერიმეტრიდან სროლების პროცენტი 24.5-მდე ჩამოვიდა.

სროლების პროცენტული რაოდენობა დისტანციის მიხედვით

სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ სტეფის სროლების თითქმის ნახევარი (48.1 პროცენტი) სამქულიანებზე მოდის. ბოლო წლებში საერთოდაც ის ბევრად მეტ სამიანს ისვრის, ვიდრე ორიანს. თუმცა ამ სტატისტიკაში სხვა დეტალიც არის. კარის სროლების მხოლოდ 17 პროცენტი სრულდება ყველაზე უტყუარი და მაღალპროცენტიანი დისტანციიდან - 0-1 მეტრი. თანამედროვეობის საუკეთესო მოთამაშეები ცდილობენ, რაც შეიძლება ხშირად დარჩნენ ამ დისტანციაზე. კარის შემთხვევაში კი იგი ფარს სამწამიანიდან საფრთხეს არცთუ ისე ხშირად უქმნის. გადამწყვეტი პოზიციების დროს ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა - მეტოქის დაცვამ თითქმის ყოველთვის იცის, რომ გადამწყვეტ შეტევებში კარი სამქულიანს ენდობა და არა სამწამიანში შესვლას.

საერთოდაც, კარი თავისი ხასიათით არ არის ჯორდანის, კობის ან თუნდაც კავაი ლეონარდის ტიპის მოთამაშე, რომელიც გადამწყვეტ სიტუაციებში უფრო სახიფათო ხდება. 2015 წლის ფინალში მას მეტიუ დელავედოვამ არ მისცა ჩვეული თამაშის ჩვენების საშუალება და MVP ანდრე იგუდალა გახდა, 2016 წლის კლივლენდთან წაგებულ ფინალში ის თავის შესაძლებლობებზე უარესად გამოიყურებოდა, მათ შორის გადამწყვეტ მეშვიდე თამაშში (19-დან 6 ჩაგდებული ბურთი და 17 ქულა), იგივე მოხდა 2019 წელს ტორონტოსთან სუპერფინალში, იქამდე კი ორი მოგებული ჩემპიონობის დროს MVP და სერიის უპირველესი ვარსკვლავი კევინ დურანტი იყო. მოკლედ, კარი უფრო შოუს შექმნის კაცია, ვიდრე სუპერფინალების.

გოლდენ სტეიტი V სტეფ კარი

რთული სათქმელია, სტეფ კარიმ უფრო დიდი გახადა გოლდენ სტეიტი, თუ გოლდენ სტეიტმა - კარი. ნათელია, რომ გოლდენ სტეიტის სისტემა და სათამაშო მოდელი მთლიანად სტეფზე და მის სათამაშო სტილზე იყო დაფუძნებული, მაშინაც კი, როცა ფინალების MVP და გუნდის უპირველესი შემტევი ოპცია კევინ დურანტი იყო.

მეორე მხრივ, კარიმ გოლდენ სტეიტის სახით ის გუნდი იპოვა, რომელიც არამხოლოდ მაქსიმალურად წარმოაჩენდა მის ძლიერ მხარეებს, არამედ ძალიან ეფექტურად მალავდა მის სუსტ წერტილებს. ზემოთ, კარის დაცვაზე ვმსჯელობდით. გოლდენ სტეიტს კარისთან ერთად წყვილში კლეი ტომპსონი ყავდა, სათადარიგო სკამიდან კი ანდრე იგუდალა და შონ ლივინგტსონი. სამივე ძალიან კარგი მცველია. ეს იმას ნიშნავს, რომ ‘უორიორსს’ ყოველთვის შეეძლო, მეტოქის ყველაზე ძლიერი მოთამაშეების წინააღმდეგ დაცვაში სათამაშოდ ეს სამეული გაეშვა, კარი კი შედარებით სუსტი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ დაცვაში 'დაემალა'.

წაიკითხემისი რწმენა უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენი ეჭვები - დუეინ უეიდის კარიერა

ამ გუნდს ერთდროულად რამდენიმე მოთამაშე ჰყავდა, რომელსაც ბურთის გათამაშება ელიტურ დონეზე შეეძლო. სწორედ ეს ქმნიდა ბურთის იდეალურ მოძრაობას და თავისუფალ სროლებს კარისთვის. არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ დურანტთან ან ტომპსონთან ერთად მეტოქის დაცვას რესურსები უბრალოდ აღარ ყოფნიდა, ‘უორიორის’ ყველა ლიდერი ერთდროულად რომ დაეცვა. რეალურად, კარი და გოლდენ სტეიტი იდეალურ წყვილს, იდეალურ კომბინაციას ქმნიდნენ - ისინი ერთმანეთს მხოლოდ აძლიერებდნენ, სუსტ მხარეებს კი მალავდნენ.

ეს სეზონი, როგორც კარისთვის, ისე გოლდენ სტეიტისთვის თავიდანვე ჩამოწერილი იყო. შემდეგი სეზონიდან გოლდენ სტეიტი განვითარების ახალ ეტაპს იწყებს. ის, რასაც კარიმ და ‘უორიორსმა’ აქამდე მიაღწიეს, ისტორიას არასოდეს დაავიწყდება. სტეფმა ახალი თამაში, ახალი კალათბურთი შექმნა, მისმა გუნდმა კი ამ ინოვაციური, პროგრესული თამაშის წყალობით, ხუთი წლის განმავლობაში საკალათბურთო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დომინანტური დინასტია ჩამოაყალიბა.

შემდეგი სეზონიდან კარი ახალი გამოწვევის წინაშეა. დრო გადის და გოლდენ სტეიტის სისტემას ალღო უკვე ბევრმა აუღო, ‘უორიორსსაც’ გაუჭირდება შექმნას ისეთივე ვარსკვლავური გუნდი, როგორიც აქამდე ჰყავდა. ანუ კარის კიდევ ერთი ჩემპიონობა უკვე სხვა ტიპის მიღწევა იქნება - ეს მისი პირადი ტრიუმფი უნდა იყოს.

კომენტარები

ბოლო ამბები