Thumbnail

'აქ ისე იქცევიან, თითქოს არაფერი ხდება' - საბურთალოს ექს-ფეხბურთელი ბელარუსშია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ერთადერთი ევროპული ქვეყანა, სადაც ფეხბურთს თამაშობენ, ბელარუსია
  • ოგნიენ როლოვიჩი 2019 წელს თბილისის საბურთალოში თამაშობდა

ერთადერთი ევროპული ქვეყანა, სადაც ფეხბურთს ჯერ კიდევ თამაშობენ, ბელარუსია. იქაური ეროვნული ჩემპიონატი შეუფერხებლად მიმდინარეიობს და დიდი ყურადღებითაც სარგებლობს. საფეხბურთო კლუბ მინსკში საბურთალოს ყოფილი ფეხბურთელი ოგნიენ როლოვიჩი თამაშობს, რომელმაც ინგლისურ 'დეილი მეილს' საინტერესო კომენტარი მისცა.

'ჩემთვის ფეხბურთზე კონცენტრირება ძნელია, რადგან აშკარაა, რომ საფრთხეში ვართ'

“რაც ბელარუსში ხდება, უგუნურებაა. აქ ყველა ისე იქცევა, თითქოს მსოფლიოში არაფერი ხდება. თითქოს სირცხვილიც კია, რომ ვირუსის გეშინოდეს, რაც ძალიან უცნაურია. პირადად ჩემთვის ფეხბურთზე კონცენტრირება ძნელია, რადგან აშკარაა, რომ საფრთხეში ვართ. როდესაც მეტოქესთან ბრძოლაში ვარ, არ ვიცი, მას ვისთან ჰქონდა კავშირი და ინფიცირებულია თუ არა. ხანდახან ვფიქრობ, რომ გამიმართლა, რადგან დღეს მთელი ევროპა ბლარუსის ჩემპიონატს უყურებს, მაგრამ მთავარი მაინც ადამიანების ჯანმრთელობაა!” - განაცხადა 26 წლის მონტენეგროელმა თავდამსხმელმა.

მინსკში გადასვლამდე როლოვიჩი საბურთალოში თამაშობდა

ოფიციალური მონაცემებით, ბელარუსში კორონავირუსის 562 შემთხვევაა დაფიქსირებული - გარდაიცვალა 8 და გამოჯანმრთელდა 53 ადამიანი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა - გარდაცვლილია 65 666 და გამოჯანმრთელდა 250 000-ზე მეტი ადამიანი.

კომენტარები

ბოლო ამბები