Thumbnail
  • ფორმულა 1-ის ყოფილი შეფი სეზონის გაუქმების მომხრეა
  • ბერნი ეკლსტოუნი FIA-ს გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს

ბერნი ეკლსტოუნი, რომელიც წლების მანძილზე ფორმულა 1-ის შეფი იყო, 2020 წლის სეზონის სრულიად გაუქმების მომხრეა. მისი ასეთი ინიციატივის მიზეზი, რა თქმა უნდა, კორონავირუსის პანდემიაა, რომლის გამოც ფორმულა 1-ის ახალი სეზონი ჯერ არცკი დაწყებულა და არავინ იცის, როდის დაიწყება.

“ფაქტია, რომ ეს სეზონი უნდა გაუქმდეს და მთლიანად მომდევნო სეზონზე უნდა გადავერთოთ, რომელიც იმედია, ჩატარდება. საქმე ისაა, რომ მე ვერ ვხვდები, როგორ უნდა ჩატარდეს წლევანდელი რბოლები,” - განაცხადა 89 წლის ეკლსტოუნმა BBC Radio-სთან ინტერვიუში.

'ჰემილტონი ყველა რბოლას მოიგებს და ცუდი სეზონი გამოვა'

როგორც იცით, სეზონი სულ 22 რბოლისგან შედგება. აქედან, პირველი 8 რბოლა უკვე ან გადადებულია, ანაც გაუქმებული (მაგალითად, მონაკოს გრანპრი). დღევანდელი მდგომარეობით, სეზონი ივნისის შუა რიცხვებში, კანადის რბოლით უნდა დაიწყოს. იმისათვის, რომ ჩემპიონი გამოვლინდეს, მინიმუმ 8 რბოლაა საჭირო.

ბერნი ეკლსტოუნი 2020 წლის სეზონის გაუქმების მომხრეა

“არ ვიცი და ვერ ვხვდები, ეს როგორ უნდა მოხდეს. ძალიან რთული სიტუაციაა,” - დასძინა ეკლსტოუნმა, რომელიც ზაფხულში მეოთხედ გახდება მამა (89 წლის ასაკში!).

თუ სეზონი მაინც დაიწყება, ბერნისთვის მხოლოდ ერთი ფავორიტი არსებობს: ლუის ჰემილტონი.

“ყველაზე ცუდი ის იქნება, რომ ჰემილტონმა რვავე რბოლა მოიგოს. ეს არ იქნებოდა კარგი სეზონი,” - მიაჩნია ეკლსტოუნს.

კომენტარები

ბოლო ამბები