Thumbnail

უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა გერმანულ ტელეკომპანია ZDF-თან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის გაგრძელებისა და დასრულების შესაძლო სცენარების შესახებ ისაუბრა და ის ბოლო თარიღი დაასახელა, როცა ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირის ფინალი უნდა ჩატარდეს.

გარდა ამისა, მისი თქმით, უეფამ დაიწყო მოლაპარაკებები ბელგიის ფეხბურთის ფედერაციასთან, რომელმაც ბელგიაში სეზონი გაუქმებულად გამოაცხადა. მოლაპარაკებების საგანი ბელგიური კლუბების ევროტურნირებზე მოხვედრის საკითხია. როგორც იცით, ბელგია პირველი დიდი საფეხბურთო ქვეყანაა, რომელმაც სეზონი დასრულებულად გამოაცხადა - ბრიუგე ჩემპიონია.

'არ შეიძლება, ჯერ დახმარება ითხოვო და მერე თვითონვე გადაწყვიტო ისე, როგორც გაწყობს'

ჩეფერინი ბელგიელთა გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა: “ეს არ არის სწორი გზა. არ შეიძლება, ჯერ დახმარება ითხოვო და მერე თვითონვე გადაწყვიტო ისე, როგორც გაწყობს. ბელგია და სხვა ქვეყნებიც, რომლებიც ასეთივე გადაწყვეტილებაზე ფიქრობენ, მიდიან რისკზე, რომ მომდევნო სეზონში მათმა კლუბებმა ევროტურნირებზე არ ითამაშონ.” - განაცხადა ჩეფერინმა ZDF-ის გადაცემა Aktuelle Sportstudio-ში. უეფას 52 წლის პრეზიდენტი ყველა ქვეყანას აფრთხილებს, თავი შეიკავონ ასეთი გადაწყვეტილებებისგან.

უეფას პრეზიდენტმა ბელგიელები და ფიფა გააკრიტიკა

ჩეფერინმა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის დასრულების ბოლო შესაძლო თარიღზეც ისაუბრა: “ცხადია, რომ ამ სეზონის დასრულების ბოლო ვადა აგვისტოა. სექტემბერში ან ოქტომბერში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის ფინალის ჩატარება შეუძლებელია. ჩვენ განსაკუთრებული მდგომარეობა გვაქვს. თუ კრიზისი შესუსტდება, ყველაფერი შესაძლებელია,” - აღნიშნა უეფას პრეზიდენტმა.

'არ შეიძლება, რომ უბრალოდ ფიფას მივანდოთ იმის გადაწყვეტა, სად რამდენი ფული წავა'

გარდა ამისა, ჩეფერინმა ფიფა გააკრიტიკა იმის გამო, რომ იგეგმება ფედერაციების, კლუბებისა და ფეხბურთელების ფინანსური დახმარება. “ფიფაში ამბობენ, რომ დაეხმარებიან მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. გამოდის, რომ ამას ჩვენც უნდა დავეთანხმოთ და ფიფა გადაწყვეტს, ვის რამდენი ფული მისცეს. ჩემთვის ეს უცნაურია,” - განაცხადა უეფას პრეზიდენტმა და დასძინა: “ასე ვერავინ გააკონტროლებს, სად წავა ფული. საჭიროა კონკრეტული, გაწერილი რეგულაცია. არ შეიძლება, რომ უბრალოდ ფიფას მივანდოთ იმის გადაწყვეტა, სად რამდენი ფული წავა.”

კომენტარები

ბოლო ამბები