Thumbnail

კორონავირუსი | მილიონი ევრო ბარსელონის კლინიკას ჩავისა და მისი ცოლისგან

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ბარსელონას ყოფილმა ფეხბურთელმა ჩავი ერნანდესმა, რომელიც ამჟამად ყატარულ ალ სადს წვრთნის, მეუღლე ნურია კუნილერასთან ერთად, მილიონი ევრო კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისთვის გადარიცხა.

ბარსას ყოფილ კაპიტანს გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ აქვს მოგებული

 
თანხა ბარსელონას ერთ-ერთ საავადმყოფოს მოხმარდება და მედიკოსები მას არამხოლოდ მედიკამენტებისა და აღჭურვილობის შესაძენად, კვლევების ჩასატარებლადაც გამოიყენებენ. 

"მე და ნურია მხარში ვუდგავართ "კლინიკ დე ბარსელონას" კორონავირუსთან ბრძოლაში. საავადმყოფო შემოწირული თანხით პროფესიონალებისა და პაციენტებისთვის აღჭურვილობას შეიძენს. შემოგვიერთდით, შემოდით კლინიკის საიტზე და შეიტანეთ წვლილი. ერთად წინ წავალთ", - ამბობს 40 წლის ჩავი.

ჩავი ერნანდესი ბარსელონას აღზრდილია და კლუბის ღირსებას 1998-2015 წლებში იცავდა. კატალონიელებთან ერთად მან კარიერის განმავლობაში 25 ტიტული მოიგო, შემდეგ კი ყატარულ ალ სადში გადაბარგდა, სადაც ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და მწვრთნელობა დაიწყო. 

ჩავი და ნურია 2013 წლის ზაფხულში დაქორწინდნენ

პანდემიის გამო, ევროპის ქვეყნებში პრაქტიკულად ყველა საფეხბურთო პირველობა შეჩერებულია. გამონაკლისი მხოლოდ ბელარუსია, სადაც ჩემპიონატი ამ დრომდე ტარდება.

ესპანეთში ვირუსული ინფექციით დაავადების 120 ათასამდე შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 11 ათასს აღემატება.

კომენტარები

ბოლო ამბები