Thumbnail
  • ინგლისის პრემიერლიგის განახლების თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია
  • გულშემატკივრების აზრით კი, ამ სეზონში საუკეთესო სადიო მანე იყო

3 აპრილს გამართულ, პრემიერლიგის ხელმძღვანელების ვიდეოშეხვედრაზე გადაწყდა, რომ პრემიერლიგა არც მაისის დასაწყისში გაგრძელდება და ჩემპიონატის განახლების დრო გაურკვეველი ვადით გადაიდო. მიზეზი კორონავირუსის დიდ ბრიტანეთში სწრაფი ტემპით გავრცელებაა.

ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემპიონის გამოვლენის თარიღის გარდა, სხვა ინდივიდუალური პრიზების გამარჯვებულების ვინაობაც არ გვეცოდინება. ერთ-ერთი ასეთი პრემიერლიგის წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულია.

გასული ორი სეზონის განმავლობაში აღნიშნული პრიზი ლივერპულის მოთამაშეებმა მოიგეს. 2017/18 წლების სეზონში პრემიერლიგის წლის საუკეთესო მოთამაშე მოჰამედ სალაჰი გახდა, გასულ სეზონში კი პრიზი ვირჯილ ვან დაიკს ერგო.

ლივერპულელები იმედოვნებენ, რომ ამ სეზონშიც მათი ფეხბურთელი მოიგებს აღნიშნულ პრიზს, ვინაიდან გუნდს ძალიან კარგი სეზონი გამოუვიდა და ინგლისის ჩემპიონობასთან 30-წლიანი პაუზის შემდეგ ახლოსაა.

Sky Sports-მა დაახლოებით 50 000 მკითხველი გამოკითხა და გულშემატკივრების დახმარებით პრემიერლიგის ბოლო სეზონის საუკეთესო მოთამაშე გამოავლინა. ჩატარებული 29 ტურის შემდეგ, ფანებს გარკვეული შეხედულებები ჩამოუყალიბდათ და მათ სეზონის მოთამაშის ტიტული სადიო მანეს მიაკუთვნეს.

სენეგალელ ფეხბურთელს გამოკითხულთა 33-მა პროცენტმა მისცა ხმა, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. მეორეზე მანეს თანაგუნდელი ჰენდერსონი გავიდა, რომელიც სადიოს 2%-ით ჩამორჩა. 20%-ით მესამეზე გავიდა კევინ დე ბრუინი. ვან დაიკს 5% ერგო, სალაჰს - 2.9%.

სადიო მანე 2019/20 წლების პრემიერლიგის სეზონში ძალიან კარგად გამოიყურებოდა. მან 26 მატჩში 14 გოლი გაიტანა, ხოლო თანაგუნდელს 7-ჯერ გაატანინა. მანე ლივერპულის ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მისმა კარგმა თამაშმა ამ სეზონში "მერსისაიდელებს" ბევრი ქულა მოუტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები