Thumbnail

ბელგიის Jupiler Pro League-ის გადაწყვეტილებას, სეზონის ნაადრევად დასრულების შესახებ, ნეგატიურად პირადად უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინიც გამოეხმაურა. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ბელგიურმა ლიგამ 2 აპრილს, ქვეყნის 2019/20 წლების ჩემპიონატის საბოლოოდ შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და გამარჯვებული და ევროსაგზურების მფლობელებიც გამოვლინა. 

ალეკსანდერ ჩეფერინი ბელგიელთა გადაწყვეტილებით ძალიან უკმაყოფილოა

ჩემპიონი ბრიუგე გახდა, მეორე ადგილოსანი გენტი კი, რომლის ღირსებას გიორგი ქვილითაია და გიორგი ჩაკვეტაძე იცავენ, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მფლობელი გახდა. ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის პირდაპირი საგზური შარლერუამ მიიღო, ანტვერპენი და სტანდარდი კი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ. გადაწყვეტილება ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია დაამტკიცებს.

მაგრამ ამ გადაწყვეტილებას მოწინააღმდეგე უმალ გამოუჩნდა და პირველ რიგში, ეს უეფაა. ორგანიზაციის პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი ბელგიურ კლუბებს ევროთასებიდან მოკვეთით დაემუქრა.

"ვფიქრობ, ეს არასწორი გზაა. სოლიდარულობა არ არის ქუჩა, ცალმხრივი მოძრაობით. არ შეიძლება დახმარება ითხოვო, შემდეგ კი გადაწყვიტო ის, რაც თავად გაწყობს. ბელგია, როგორც სხვა ლიგები, რომლებიც სეზონის ჩამთავრებას არ მოინდომებენ, მომდევნო სეზონში ევროთასების გარეშე დარჩენას რისკავს", - განაცხადა ალეკსანდერ ჩეფერინმა.

კორონავირუსის პანდემიის გამო გენტში წვრთნის პროცესიც შეჩერებულია 

მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა მილიონს უკვე გადააჭარბა, ბელგია კი მსოფლიო პანდემიის ერთ-ერთი აქტიური კერაა.

კომენტარები

ბოლო ამბები