Thumbnail

სპორტულმა ვებგვერდმა Bleacherreport NBA-ში გამოწვეული პაუზით ისარგებლა და თითოეული პოზიციის მიხედვით ხუთ-ხუთი კალათბურთელი ჩამოთვალა, რომელთა ტრეიდი ახლო მომავალშივე გარდაუვალი გახლდათ.

პუბლიკაცია ქართველი ქომაგისთვის იმითაა საინტერესო, რომ ირიბად გოგა ბითაძესაც ეხება.

Bleacherreport-ის ვერსიით, ცენტრების ხუთეულში პირველ ადგილზე ინდიანა პეისერსის სასტარტო შემადგენლობის წევრი მაილს ტერნერია, ვის ტრეიდსაც ფაქტობრივად ყველად წინასწარმეტყველებს.

ცხადია, რომ მაილსის პეისერსიდან აბარგება დამატებითი შანსი იქნება ქართველი ცენტრისთვის, რომელიც ჯერჯერობით სათადარიგო კალათბურთელად მოიაზრება.

'ბითაძე ინდიანელთა სამომავლო პროექტია და მას უფრო მეტი როლი უნდა დაეკისროს'

აი, რას წერს Bleacherreport აღნიშნულ ამბებზე.

“თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინდიანას მომავალი სეზონისთვის დიდი ტრიოს დაშლა მოუწევს, რომელშიც დომანტას საბონისი, მაილს ტერნერი და გოგა ბითაძე შედიან. საყოველთაო აზრით, გუნდის დატოვება ტერნერს მოუწევს.

რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? საქმე ის გახლავთ, რომ საბონისი პეისერსის აშკარა ლიდერად იქცა და მიმდინარე სეზონში NBA-ს ოლ სტარშიც კი მოხვდა.

თავის მხრივ, ბითაძე ინდიანელთა სამომავლო პროექტია და ნათელია, რომ მომავალი სეზონიდანვე მას უფრო მეტი როლი უნდა დაეკისროს.

ამგვარად, ზედმეტი სწორედ მაილსი რჩება, რომელსაც პეისერსში მომავალი 3 სეზონის განმავლობაში 18-18 მილიონი დოლარი ერგება, ამდენად, მისი გაშვებით გუნდი დამატებით სახსრებსაც გამოათავისუფლებს.

ცხადია, რომ ტერნერის მსურველი არაერთი კლუბი იქნება. ის საკმაოდ ახალგაზრდა – 24 წლისაა და თავის პოზიციაზე იმ ორ კალათბურთელს შორისაა, რომელთაც 2018-19 წლების სეზონიდან მოყოლებული, აქტივში 300 დაფარებასა და 150 სამქულიანზე მეტი აქვთ”.

შეგახსენებთ, რომ პეისერსმა გოგა ბითაძე გასულ დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩია. კორონავირუსის გამო, სეზონის შეწყვეტამდე, ქართველ ლეგიონერს 49 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასეთი იყო: 8.4 წუთი, 3.1 ქულა, 2.0 მოხსნა, 0.7 დაფარება, 0.4 პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები