Thumbnail
  • მიუნხენის ბაიერნმა მთავარი მწვრთნელის ბედი გადაწყვიტა
  • რეკორდმაისტერმა ფლიკთან ახალი კონტრაქტის გაფორმება დაადასტურა

შუა კორონა-ქაოსში მიუნხენის ბაიერნმა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი კადრის ამბავი გადაწყვიტა!

ბავარიულმა გრანდმა მთავარ მწვრთნელ ჰანსი ფლიკს კონტრაქტი 2023 წლამდე გაუგრძელა. შესაბამისად, 55 წლის მწვრთნელი რეკორდმაისტერს ზაფხულის შემდეგაც უხელმძღვანელებს. მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე დღეს შეთანხმდნენ.

ბაიერნის ბოსმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ თებერვალში, დაბადების დღეზე კალამი აჩუქა და იუბილე ასეთი სიტყვით მიულოცა: “ამ წითელ ყუთში კალამი დევს. კალმებით კი, ბაიერნში ხანდახან ფურცლებს ხელს აწერენ.” 

ფლიკს მიუნხენურ გრანდთან აქამდე კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებდა - ოღონდ, ეს მთავარი მწვრთნელის ასისტენტისა და დროებითი დამრიგებლის შესაბამისი ხელშეკრულება იყო. ცნობილია, რომ ჰანსი ფლიკს ბოლო დროს რამდენიმე წინადადება ჰქონდა ინგლისის პრემიერლიგიდან.

“ბაიერნი ჰანსი ფლიკის მუშაობით ძალიან კმაყოფილი. მის ხელში გუნდი კარგად განვითარდა და ეფექტურ ფეხბურთს თამაშობს, რაც შედეგებზეც აისახება. ჩვენ ერთადერთი კლუბი ვართ გერმანიაში, რომელიც არცერთი ტურნირიდან არ გავარდნილა. გარდა ამისა, ძალიან მომწონს მისი მუშაობის სტილი. ბაიერნი ჰანსი ფლიკს ნდობას უცხადებს და გვჯერა, რომ მასთან ერთად დასახულ მიზნებს მომავალშიც მივაღწევთ,” - განაცხადა რუმენიგემ დღეს.

ჰანსი ფლიკმა მიუნხენის ბაიერნი ნოემბერში ჩაიბარა და თანამდებობიდან გათავისუფლებული ნიკო კოვაჩი შეცვალა. მანამდე მისი ასისტენტი იყო. 1985-დან 1990 წლამდე მას ბაიერნში ბუნდესლიგის 104 მატჩი აქვს ჩატარებული. ჰანსის ხელში რეკორდმაისტერმა 21 მატჩიდან 18 მოიგო - ბუნდესლიგას ლიდერობს და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლის საუკეთესო შანსი აქვს, რადგან ჩელსის პირველი თამაში 3:0 მოუგო. ამასთან, ბაიერნი გერმანიის თასის ნახევარფინალშიცაა.

კომენტარები

ბოლო ამბები