Thumbnail

Transfermarkt: ყაზახეთის სუპერლიგაში ყველაზე ეფექტური ელგუჯა ლობჯანიძეა

  • ქაისარის 27 წლის თავდამსხმელმა ჩემპიონატის სასტარტო ორ მატჩში ორჯერ გაიტანა
  • ქართველი ფეხბურთელის გოლების წყალობით, ყაზახურმა გუნდმა 6 ქულა მოიპოვა

ცნობილმა საიტმა Transfermarkt-მა ყაზახეთის პრემიერლიგაში მოთამაშე იმ ფეხბურთელების სია შეადგინა, რომლებიც მარტში ჩატარებულ მატჩებში გატანილი გოლებით გამოირჩნენ. ინფორმაციას ამის შესახებ, Sports.kz ავრცელებს.

როგორც ირკვევა, გაზაფხულის პირველ თვეში ყაზახეთის ჩემპიონატის ყველაზე ეფექტური მოთამაშე ქაისარის ქართველი თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანიძეა, რომლის ანგარიშზეც ორ მატჩში გამარჯვების მომტანი ორი გატანილი გოლია.

27 წლის ფეხბურთელმა ყაზახეთის პირველობის სასტარტო ორ ტურში შინ ირტიშთან (1:0) და სტუმრად ოკჟეტპესთან (1:0) გამართულ შეხვედრებში გაიტანა. შესაბამისად, ქაისარის 6 ქულა და ცხრილში მესამე ადგილი დიდწილად ელგუჯა ლობჯანიძის დამსახურებაა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ყაზახეთის სუპერლიგაში 15 აპრილამდე პაუზაა გამოცხადებული. 

ელგუჯა ლობჯანიძე ყაზახეთის ჩემპიონატში რუსთავიდან, 2019 წლის თებერვალში გადავიდა და ის სეზონი თარაზში გაატარა. თავდამსხმელი, რომლის ანგარიშზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 6 მატჩია, 2020 წლიდან ქაისარის ღირსებას იცავს.

კომენტარები

ბოლო ამბები