Thumbnail
  • ყაზახური ორდაბასის ქართველი მწვრთნელი, კახა ცხადაძეც თვითიზოლაციაშია
  • საქართველოს ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა პოპსპორტის კითხვებს უპასუხა

პანდემიის გავრცელებამდე, ყაზახეთის ჩენპიონატში მხოლოდ სასტარტო ტურების  ჩატარება მოესწრო. კახა ცხადაძის ორდაბასმა პირველი მატჩი მოიგო, შემდეგ ფრედ ითამაშა და ბოლო შეხვედრა წააგო. ქართველ მწვრთნელს, რა თქმა უნდა, არამარტო სეზონის სტარტზე ნაჩვენებ შედეგებზე ვესაუბრეთ. პირველი შეკითხვა ამ პერიოდისთვის ტრადიციული იყო და თვითიზოლაციის რეჟიმს შეეხებოდა.

POPSPORT: როგორ გრძნობ თავს თვითიზოლაციაში?

კახა ცხადაძე: თვითიზოლაციაში ყოფნა ურთულესი ყოფილა, მაგრამ რა ვქნათ - ასეთია ვითარება, რომელსაც მგონია, რომ მთელი მსოფლიო მოუმზადებელი შეხვდა. ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. ბაზაზე ვარ. აქვეა ჩვენი გუნდის პრეზიდენტი, რომელიც ალმაატელია, მაგრამ წასვლას დარჩენა ამჯობინა.

POPSPORT: როგორ შეაფასებ ორდაბასის სეზონის სტარტს?

კახა ცხადაძე: ჩვენ გავაკეთეთ მთავარი: შევინარჩუნეთ გუნდის 70 პროცენტი, დავიტოვეთ წამყვანი ფეხბურთელები. ამ სეზონისთვის დიდი და ამბიციური გეგმები გვაქვს. სტარტზე პირველი მატჩი ძალიან კარგად ვითამაშეთ. ანგარიში არ ასახავს იმ უპირატესობას, რომელიც გვქონდა. უფრო დიდი ანგარიშით უნდა მოგვეგო.

'ვიცოდით, რომ ჩემპიონატი ჩერდებოდა და ფეხბურთელები უხასიათოდ იყვნენ'

შემდეგ გვქონდა გადმოტანილი შეხვედრა ასტანასთან. გვთხოვა ასტანამ და ჩვენც უარი არ ვუთხარით. ეს მატჩიც ძალიან კარგად ჩავატარეთ, პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ. წარმოიდგინე, ბურთის ფლობა 62 პროცენტი გვქონდა. ასეთი რამ ყაზახეთში ასტანას წინააღმდეგ არ ხდება, მაგრამ კონტრშეტევაზე გოლი გავუშვით. გუნდი ასეთ დიდ უპირატესობა რომ ფლობს, მეტოქეს ყველაფერში ჯობნის და გოლს კონტრიერიშზე უშვებს, რა თქმა უნდა, დამნაშავეა. შემდეგ იყო მატჩი გუნდთან, რომლის მთავარი ამოცანაც, ელიტაში ადგილის შენარჩუნება იქნება. ეს თამაში აშკარად ჩაგვივარდა და ამის მიზეზი კონცენტრაციის ნაკლებობა იყო. უკვე ვიცოდით, რომ ჩემპიონატი ჩერდებოდა და ფეხბურთელები უხასიათოდ იყვნენ. 47-ე წუთისთვის უკვე 0:3-ს ვაგებდით. პირველივე ტაიმში ცვლილება გავაკეთე, მცველის ნაცვლად ფორვარდი შევიყვანე, ტაქტიკური სქემაც შევცვალე, მაგრამ საბოლოოდ მაინც 2:3 წავაგეთ.

POPSPORT: უკვე ხმამაღლა საუბრობენ იმაზე, რომ პანდემიამ ფინანსურად ძალიან დაარტყა კლუბებს. ყაზახეთში რა ხდება ამ მხრივ?

კახა ცხადაძე: ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან წამყვან ლიგებში არსებული სიტუაცია და ის, თუ რაც ხდება ყაზახეთში, ან თუნდაც საქართველოში. წამყვანი ევროპული კლუბები კომერციული სტრუქტურებია, ისინი ზარალდებიან ტელეტრანსლაცების არქონის და სხვა აქტივობების გაჩერების გამო. მიუხედავად ამისა, მიდიან ხელფასების შემცირებაზე. ასეთი საქციელი, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ ჩვენთან გუნდების გარკვეული ნაწილი საბიუჯეტო თანხებით არსებობენ. ეს ნიშნავს, რომ ისინი ქალაქის, ან რაიონის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. ეს თანხები გამოიყოფა მიზნობრივი მოხმარებისთვის. ამიტომ, აქ განსხვავებული სიტუაციაა.

'ბელარუსს ჩემპიონატი არ გაუჩერებია, ნაკრების ბირთვი კი ამ ჩემპიონატში თამაშობს'

POPSPORT: ევროპულმა ფეხბურთმა დიდი დარტყმა მიიღო. უპრეცენდენტო გადაწყვეტილებებია მიღებული, მაგალითად გადატანილია ევროპის ჩემპიონატი…

კახა ცხადაძე: ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უპირველესია. მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილება მართებულია. პრობლემა ისაა, რომ არ არსებობს არანაირი პროგნოზი. გაურკვეველია, რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი ვითარება. ახლა რამეზე საუბარი ძალიან ძნელია.

POPSPORT: გადაიდო საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული თამაში. როგორ აფასებ ბელარუსთან ჩვენი გუნდის შანსებს?

კახა ცხადაძე: ერთი მატჩია და ძალიან ბევრი რამ იქნება მცირე დეტალებზე დამოკიდებული. უმნიშვნელოვანესი იქნება, თუ როგორ არის კონკრეტული ფეხბურთელი მომზადებული. ჩვენ უფრო ბევრი ინდივიდუალურად მაღალი კლასის მოთამაშე გვყავს და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, უპირატესობა გვაქვს, მაგრამ აი, მაგალითად, ბელარუსს ჩემპიონატი არ გაუჩერებია, ნაკრების ბირთვი კი ამ ჩემპიონატში თამაშობს. ერთი მატჩია და ასეთ შეხვედრებში უამრავი დეტალი წყვეტს მის ბედს. რაც შეეხება მეორე ნახევარფინალურ წყვილს: კოსოვოს საოცარი ბრძოლისუნარიანობა და, ჟარგონულად რომ ვთქვათ, “ჟილკა” აქვს. ეს არცაა გასაკვირი. ისინი ხომ ახლა იწყებენ ევროპაში თავის დამკვიდრებას, თან ფეხბურთელებიც საკმაოდ ნორმალურ გუნდებში თამაშობენ.

კომენტარები

ბოლო ამბები