Thumbnail
  • იუვენტუსის ვარსკვლავის კარიერული შემოსავალი მილიარდ დოლარს მიაღწევს
  • 35 წლის პორტუგალიელი ასეთი მიღწევით ფეხბურთელთა შორის პირველი იქნება
  • მსოფლიო სპორტს მილიარდერები გოლფში, კრივსა და კალათბურთში უკვე ჰყავს

ტურინის იუვენტუსის პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო სულ მალე გახდება მსოფლიოს მესამე მოქმედი სპორტსმენი და პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, ვინც კარიერაში მილიარდ აშშ დოლარს გამოიმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია Business Insider-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

რონალდო ტურინულ კლუბში სეზონში 31 მილიონ ევროს გამოიმუშავებს

როგორც ირკვევა, 35 წლის ვარსკვლავმა, მხოლოდ 2019 წელს, თავისი ბრენდის CR7-ის მეშვეობით 100 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. ვარაუდობენ, რომ ფეხბურთელის ჯამური შემოსავალი, 2019/20 წლების სეზონის ჩათვლით, მილიარდ დოლარს გადააჭარბებს და ეს მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, კრიშტიანოს ხელფასი იუვენტუსში შემცირდება.

ამრიგად, გოლფისტ ტაიგერ ვუდსისა და მოკრივე ფლოიდ მეივეზერის შემდეგ, კრიშტიანო რონალდო გახდება მესამე მოქმედი სპორტსმენი, ვისაც კარიერაში მილიარდი დოლარი ექნება გამომუშავებული. ამ ნიშნულს მაიკლ ჯორდანმაც მიაღწია, რომელსაც კალათბურთელის კარიერა უკვე დასრულებული აქვს.

Business Insider იუწყება, რომ 2020 წელს კიდევ ერთი სპორტსმენი მიაღწევს აღნინულ ზღვარს - შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი, რომელიც სპორტის ამ სახეობის პირველი წარმომადგენელი გახდება, მილიარდიანი შემოსავლით.

38 წლის შვეიცარიელს დიდი სლემის 20 ტურნირზე გაუმარჯვია

კრიშტიანო რონალდო ტურინის იუვენტუსში მადრიდის რეალიდან, 2018 წლის ზაფხულში გადავიდა. პორტუგალიელმა იტალიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 75 მატჩში 53 გოლის გატანა მოახერხა.

რონალდო, რომელიც რეალამდე ინგლისურ მანჩესტერ იუნაიტედსა და პორტუგალიურ სპორტინგში გამოდიოდა, ხუთი "ოქროს ბურთის" მფლობელი, ჩემპიონთა ლიგის 5-გზის გამარჯვებული, ინგლისის 3-გზის, ესპანეთის 2-გზის და იტალიის ჩემპიონია. პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში კი თავდამსხმელს ევრო 2016 აქვს მოგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები