Thumbnail

იძებნება ბიზნესლედი - რონალდინიოს ბედი მის ჩვენებაზეა დამოკიდებული

  • რონალდინიო, ყალბი პასპორტით სარგებლობისთვის, პარაგვაის ციხეში იმყოფება
  • ლეგენდარული ბრაზილიელის საქმეში ქალბატონი ფიგურირებს, რომელიც იძებნება
  • 48 წლის დალია ანჟელიკა ლოპესის ჩვენებაზე ბევრია დამოკიდებული

პარაგვაის პოლიცია ეძებს ქალბატონს, რომლის გამოც, სავარაუდოდ, ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი რონალდინიო ქვეყანაში ყალბი დოკუმენტებით შევიდა და საბოლოოდ ციხეშიც აღმოჩნდა.

ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, 40 წლის რონალდინიოს პარაგვაიში სტუმრობის მიზეზი, საქველმოქმედო კამპანიის ჩატარება იყო ფონდ Fundación Fraternidad Angelical-თან ერთად, რომელიც გაჭირვებული ოჯახების ბავშვებს უფასო სამედიცინო დახმარებას უწევს.

La Nacion იუწყება, რომ რონალდინიომ და მისმა ძმამ დაკითხვის დროს სწორედ ამ ფონდის წარმომადგენელი დაასახელეს, რომლის მიწვევითაც ჩავიდნენ პარაგვაიში და მიიღეს ყალბი დოკუმენტები. ცნობილია, რომ ლეგენდას საზღვარგარეთის ნამდვილი პასპორტი მანამდე გადასახადების გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს. 

ლეგენდარული ბრაზილიელი პარაგვაიში ძმასთან ერთად დააკავეს

რაც შეეხება ფონდის მფლობელს, ის 48 წლის დალია ანჟელიკა ლოპესია. მას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს, თუმცა აქამდე ვერ აკავებენ. პოლიციელებმა მის მფლობელობაში არსებული ყველა უძრავი ქონება გაჩხრიკეს, მაგრამ თავად ლოპესს ვერსად მიაგნეს. საქველმოქმედო ფონდის ბინაში მხოლოდ 5 ათას გასაბერ ბურთს მიაკვლიეს, რომლებზეც რონალდინიოს სურათი ეხატა. 

იუწყებიან, რომ ლოპესის ჩვენება გამოძიების საქმეში გადამწყვეტი იქნება - თუკი დამტკიცდება, რომ მან რონალდინიო და მისი ძმა შეცდომაში შეიყვანა, ეს უკანასკნელები გათავისუფლდებიან.

ფონდის გარდა, ქალბატონი ლოპესი ფლობს მსხვილ ჰოლდინგურ კომპანიას, რომელიც ბევრ სფეროში მუშაობს, მათ შორის - პარაგვაიში ავტომობილების იმპორტზე. ამბობენ, რომ ქალს აქვს კავშირები მმართველ პარტიასთან და იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში. 

რონალდინიო პარაგვაის ციხეში ფეხბურთის თამაშით ერთობა

რონალდინიომ და მისი ძმამ, რობერტო დე ასის მორეირამ, ასუნსიონის აეროპორტში ყალბი პასპორტები წარადგინეს, რისთვისაც მოგვიანებით დააკავეს. 5 მარტს პარაგვაის გენერალურმა პროკურორმა ბრაზილიელის დაპატიმრების ორდერი გასცა, 7 მარტს კი მოსამართლემ ყოფილი ფეხბურთელის წინასწარ პატიმრობაში ექვსი თვემდე ვადით დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. 

რონალდინიო ბრაზილიის ნაკრებში მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონია. 2005 წელს ის "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა, 2004 და 2005 წლებში კი ფიფამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

რონალდინიო ევროპაში პარი სენ-ჟერმენში, ბარსელონასა და მილანში გამოდიოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები