Thumbnail

დონეცკის შახტარის მცველმა დავით ხოჭოლავამ კლუბის პრესსამსახურს ინტერვიუ მისცა, სადაც კორონავირუსზე, კარანტინში ვარჯიშსა და საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ილაპარაკა.

პანდემიის გამო, უკრაინის ჩემპიონატი გაჩერებულია. შახტარს 23 ტურის შემდეგ, 59 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის სათავეშია. დონეცკელებს ევროპალიგის 1/8-ფინალში მეტოქედ ვოლფსბურგი ჰყავთ, რომელსაც პირველი მატჩი სტუმრად ანგარიშით 2:1 მოუგეს.  26 წლის ქართველმა მცველმა მიმდინარე სეზონში ქვეყნის პირველობაზე 8 მატჩში ითამაშა, ევროთასებზე - 2-ში.

დავით ხოჭოლავა დონეცკელთა ღირსებას 2017 წლიდან იცავს

კარანტინსა და შინ ვარჯიშზე

"როგორც ადამიანების უმეტესობა, შინ ვიმყოფები. ძალიან მენატრბა ფეხბურთი და გუნდთან ერთად ვარჯიში. მაგრამ ნებისმიერ ვითარებაში დადებითი უნდა დავინახოთ. კარანტინი მშვენიერი შესაძლებლობაა ოჯახის წევრებსა და ნათესავებთან ურთიერთობისთვის.

მდგომარეობა ძალიან სერიოზულია. მინდა მჯეროდეს, რომ ვირუსის გავრცელება მალე შემცირდება და ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგება. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ყველა ექიმს, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლაში სიცოცხლით რისკავენ

ქართველმა მცველმა შახტართან ერთად ზედიზედ ორჯერ უკრაინის ჩემპიონობა და თასი მოიგო

ოჯახში სტანდარტულ წესებს ვიცავთ: ხშირად ვიბანთ ხელებს, მოვიხმართ ანტისეპტიკურ საშუალებას, ქუჩაში მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გავდივართ. შინ ვარჯიში რთულია. სავარჯიშოებს, რომლებსაც მოედანზე ვასრულებთ, შინ ვერ გააკეთებ, მაგრამ ყველას გვაქვს წვრთნის გეგმა, მწვრთნელები კი ვიდეოკონფერენციის მეშვეობით, ყველაფერს აკონტროლებენ. ჯერჯერობით ასე ვმუშაობთ და ვცდილობთ, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ კარგი ფორმა".

საქართველოში ვითარებაზე

"საქართველოში საქმე რთულადაა. კომენდანტის საათი 21:00-იდან 06:00 სთ-მდე დაწესდა, რათა ქუჩებში ადამიანების გადაადგილება მაქსიმალურად შეიზღუდოს. ვისაც ველაპარაკე, ყველა შინ იმყოფება და ცდილობს, მოერიდოს გარე სამყაროსთან კონტაქტს. სოციალურ ქსელებში მოხალისეთა ჯგუფები იქმნება, სადაც ახალგაზრდები ერთიანდებიან, რათა ხანდაზმული ადამიანები პროდუქტებით უზრუნველყონ და მათ გარეთ გამოსვლის საჭიროება აღარ ჰქონდეთ. ვფიქრობ, ეს სწორი და ძალიან კარგი ინიციატივაა".

მცველს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 21 მატჩი აქვს ჩატარებული

მოწოდება გულშემატკივარს

"მთავარი ჯანმრთელობაა! გაუფრთხილდით თავს და ახლობელ ადამიანებს. როდესაც ყველაფერი დამთავრდება, შახტარი აუცილებლად გაგახარებთ ახალი გამარჯვებებით”.

კომენტარები

ბოლო ამბები